23 ივნისი. ნელსპრუიტი. მბომბელა სთედიუმი. 35 000 მაყურებელი
ავსტრალია-სერბეთი 2:1
ავსტრალია: შვარცერი - უილკშირი (82. გარსია), ნილი, ბოშამპი, ქერნი - კულინა, ვალერი (66. ჰოლმანი) - ემერტონი, კეჰილი, ბრეშიანო (66. ჩიპერფილდი) - კენედი.
სერბეთი: სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, ვიდიჩი, სუბოტიჩი, ობრადოვიჩი - კრასიჩი (62. ტოშიჩი), ნინკოვიჩი, კუზმანოვიჩი (77. ლაზოვიჩი), იოვანოვიჩი - სტანკოვიჩი - ჟიგიჩი (67. პანტელიჩი).
გოლები: 1:0 კეჰილი (69), 2:0 ჰოლმანი (73), 2:1 პანტელიჩი (84)
გაფრთხილება: ლუკოვიჩი (18), ბოშამპი (49), უილკშირი (50), ნინკოვიჩი (59), ემერტონი (67),
მატჩი დაიწყო: სერბეთი;
არბიტრი: ხორხე ლარიონდა (ურუგვაი)
საინტერესო მომენტები
6' - მილოშ კრასიჩის დარტყმა მარკ შვარცერმა მოიგერია.
12' - კრასიჩმა ავსტრალიელთა მეკარე ჩამოიტოვა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი კარში ვერ გადაგზავნა.
23' - შვარცერმა თავისი გუნდის კარი ბრანისლავ ივანოვიჩის დარტყმისგან იხსნა.
53' - ნიკოლა ჟიგიჩმა ძლიერად დაარტყა და ბურთი მეტოქის კარს ზემოდან ოდნავ გადააცილა.
59' - მარკ ბრეშიანოს მიერ შესრულებული ჯარიმა ვლადიმირ სტოიკოვიჩმა მოიგერია.
64' - სერბთა მეკარე ბრეშიანოს შორეულ დარტყმას გაუმკლავდა.
68' - ზდრავკო კუზმანოვიჩის თავური არაზუსტი გამოდგა.
69' - ტიმ კეჰილმა ლუკ უილკშირის ჩაწოდებით ისარგებლა და თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.
73' - ბრეტ ჰოლმანმა სერბთა კარი შორეული დარტყმით დალაშქრა - 2:0.
84' - შვარცერს ბურთი ხელიდან გაუვარდა და მარკო პანტელიჩმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 2:1.
87' - ჯოშუა კენედიმ ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა.
90' - კეჰილს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა.
90' - პანტელიჩმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.
90' - ავსტრალიელთა კონტრშეტევას ჯეისონ კულინას დარტმა მოჰყვა, რომელიც მეკარემ მოიგერია.
ამ მატჩის უდავო ფავორიტად სერბეთის ნაკრები მიიჩნეოდა და სრულიად ლოგიკურადაც - რადომორ ანტიჩის გუნდმა ხომ წინა ტურში გერმანიას სძლია და ამის წყალობით, მერვედფინალში გასვლა-არგასვლის საკითხი ასი პროცენტით სერბთა ხელში მოექცა. საკმარისი იყო, ავსტრალიისთვის ნებისმიერი ანგარიშით მოეგოთ, რომ პარალელურად მიმდინარე შეხვედრა მათთვის ინტერესს კარგავდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, განა-გერმანიის შედეგი სერბთათვის მხოლოდ იმ თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, თუ ვინ დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს და ვინ - მეორეს.
ვერ ვიტყვით, რომ ანტიჩის ფეხბურთელებმა გუშინ ცუდად ითამაშეს, მაგრამ მათი მონდომება ავსტრალიელთა დასაჯაბნად საკმარისი არ აღმოჩნდა. პიმ ვერბეეკის გუნდმა კი ეს მატჩი წინებზე გაცილებით უკეთ ჩაატარა და გაგვიღრმავა აზრი იმის შესახებ, რომ წინა შეხვედრების (განსაკუთრებით განასთან თამაშის) სრული შემადგენლობით ჩამთავრების შემთხვევაში, მერვედფინალში, შესაძლოა, სწორედ ავსტრალია გასულიყო და არა მისი აფრიკელი კონკურენტი.
სერბებმა თამაში ენერგიულად დაიწყეს და მალევე დაეუფლნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას. მათ სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნეს, მაგრამ ავსტრალიელებმა მეტოქის სასტარტო მიძალებას გაუძლეს და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ხშირად ახერხებდნენ თამაშის გადატანას სერბეთის ნაკრების ნახევარზე. ასე მიილია პირველი ტაიმი და ნულოვანი ანგარიშის მიუხედავად, სერბთა გამარჯვება მაინც არ მოსჩანდა წარმოუდგენლად.
ანტიჩის შეგირდებს ცდა არც შეხვედრის მეორე ნახევარში დაუკლიათ და კვლავაც აწუხებდნენ მარკ შვარცერს, მაგრამ ავსტრალიელები მეთოდურად აუმჯობესებდნენ თამაშს და მოწინააღმდეგის საჯარიმოსაც გაუშინაურდნენ. აქედან გამომდინარე, ვერბეეკის გუნდის დაწინაურება უკვე აღარ იყო გასაკვირი. ავსტრალიის ნაკრების ერთ გოლს მეორე მიჰყვა, გერმანიის განასთან დაწინაურებამ მწვანეკონტინენტელებს მერვედფინალში გასვლის ციცქნა იმედი გაუღვივა, თუმცა პარალელურ მატჩში გერმანელებს თავი მეტად აღარ გამოუდიათ, სერბეთს კი ბრძოლა არ შეუწყვიტავს და ავსტრალიას აქეთ გაუტანა ერთი ბურთი.
ანტიჩის ბიჭებმა ბოლო ენერგიით შეუტიეს, მაგრამ მეტს ვერას გახდნენ. ავსტრალიელთაგან უდავოდ საუკეთესო ტიმ კეჰილს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, რასაც მატჩის შემდეგ სერბთა განრისხება გამოიწვია. თუმცა არც ეს პენალტი შეცვლიდა ბევრ რამეს. ფრე სერბეთს მხოლოდ ჯგუფის ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევაში დაეხმარებოდა. გაბრაზებით კი ისინი უპირველესად, საკუთარ თავზე უნდა გაბრაზდნენ.
გერმანიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მისმა მძლეველმა სერბეთმა კი რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ბოლო. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სერბები ავსტრალიასთან მატჩს ნაკლები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, უბრალოდ, ჯგუფი საკმაოდ ძლიერი და კარგად დაბალანსებული აღმოჩნდა, ამ მძაფრ კონკურენციაში კი ავსტრალიამ დაამტკიცა, რომ ბოლოობას არ იმსახურებდა.
მოკლედ, 90 წუთის განმავლობაში თერთმეტკაციანი შემადგენლობით მოთამაშე ეს გუნდი სამხრეთ აფრიკაში პირველად ვნახეთ და ავსტრალიელებმაც საკუთარი ძალა გვიჩვენეს, ოღონდ მათდა სამწუხაროდ, ეს ოდნავ დაგვიანებული აღმოჩნდა...
საუკეთესო მოთამაშე
ტიმ კეჰილი (ავსტრალია)
კეჰილი თავის გუნდს დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაუბრუნდა და ნათლად დაგვანახა, რაოდენ საჭირო და მნიშვნელოვანი ფიგურაა ავსტრალიის ნაკრებისთვის. გოლის გარდა, მან გუშინ თავი დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებითაც გამოიჩინა.
მატჩის შემდეგ
პიმ ვერბეეკი (ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მეგონა, რომ ჯგუფიდან გასასვლელად ოთხი ქულაც გვეყოფოდა, მაგრამ საქმე გერმანიასთან დიდი ანგარიშით დამარცხებამ გაგვიფუჭა".
რადომირ ანტიჩი (სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მსაჯებმა თამაშის წესების აშკარა დარღვევა ვერ შენიშნეს. რასაც მივაღწიეთ, იმაზე გაცილებით მეტს ვიმსახურებდით, შინ ასე მალე არ უნდა ვბრუნდებოდეთ".
ლევან ჯანეზაშვილი