25 ივნისი. პრეტორია. "ლოფტუსი". 22:30
ჩილე-ესპანეთი
სავარაუდო შემადგენლობები
ჩილე (3-4-3): ბრავო - მედელი, პონსე, ხარა - ისლა, მილარი, ვალდივია, ვიდალი - სანჩესი, სუასო, ბოსეჟური.
ესპანეთი (4-4-2): კასილიასი - რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ჩაბი ალონსო, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა - ვილია, ტორესი.
არბიტრი: მარკო როდრიგესი (მექსიკა)
ერთ მხარეს ჩილეს ნაკრები, მუნდიალის აღმოჩენა და გულშემატკივართა აღიარებით ყველაზე ლაღი ფეხბურთის შემომთავაზებელი გუნდი და მეორე მხარეს მუნდიალის მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტთაგანი, გუნდი, რომლის თამაშსაც ბევრ ვერაფერს დავუწუნებთ, ესპანეთი. მაგრამ... 90%-იანი "გარანტიით" "ლოფტუსი" ერთ-ერთი მათგანის
ჩათვალეთ, რომ ეს არის არა ჯგუფური ეტაპის მატჩი, არამედ მეთექვსმეტედფინალი, ერთი შენიშვნით - ფრე ერთ-ერთ გუნდს აძლევს ხელს და ეს გუნდი ჩილეა. თუკი ესპანეთის ნაკრები დაამარცხებს მეტოქეს, ორივეს 6-6 ქულა დაუგროვდება, ასეთ შემთხვევაში გატანილი და გაშვებული ბურთების გრაფაში ესპანელებს ექნებათ უპირატესობა, სამხრეთ ამერიკელთა ბედი კი შვეიცარია-ჰონდურასის მატჩზე იქნება დამოკიდებული, სადაც შვეიცარიელთა გამარჯვება მათ ნაადრევად გაუშვებს შინ. არსებობს მხოლოდ ერთი ვარიანტი, რომლის შემთხვევაშიც ჩილეს ნაკრების წაგებისა და შვეიცარიელთა გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალში ჩილე შეიძლება გავიდეს - თუკი ჩილე მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით წააგებს, ხოლო შვეიცარია მხოლოდ ერთბურთიანით მოიგებს, ამ შემთხვევაში ბურთების თანაფარდობა იქნება ერთნაირი, ხოლო გოლების რაოდენობა - გადამწყვეტი. თუკი ესპანელები ვერ მოიგებენ, მთლიანად შვეიცარია-ჰონდურასის მატჩის შედეგზე იქნებიან დამოკიდებულნი, ჩილე კი ნებისმიერ შემთხვევაში პირველ ადგილს გაინაღდებს.
აქამდე ეს ორი ნაკრები 7-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, "ფურია როხას" (თუმცა ჩილეს გუნდსაც "როხა" ჰქვია) უპირატესობა აშკარაა - 6 გამარჯვება და 1 ფრე, ბურთებში ესპანელთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია - 18:3.
მარსელო ბიელსას სამი შეგირდი თამაშობდა გასულ სეზონში ესპანეთში: მეკარე კლაუდიო ბრავო სეგუნდადივიზიონის ჩემპიონის, "რეალ სოსიედადის" კარს იცავდა, ფაბიან ორელანა "ხერესში" თამაშობდა, ხოლო უმბერტო სუასო - "სარაგოსაში". განსაკუთრებით საინტერესო ბრავოსა და დავიდ ვილიას დუელი იქნება, რომელიც, ალბათ, აუცილებლად შედგება, თანაც არაერთხელ. "ელ გუახე" სასწაულებრივ გადაურჩა დისკვალიფიკაციას, ბრავო კი ის კაცია, რომელსაც მუნდიალზე ჯერ არ გაუშვია გოლი. სხვათა შორის, სანამ ბრავო მუნდიალზე იყო, მისმა თანაგუნდელებმა პრიმერას საგზური მოიპოვეს, ასე რომ ვილიასა და ბრავოს ორ დუელს მომავალ სეზონშიც ვიხილავთ, როცა "ბარსელონას" ახალწვეული "რეალ სოსიედადის" კარს შეუტევს.
ფრე ხელსაყრელი შედეგია ჩილეს ნაკრებისთვის, მაგრამ ეს ის გუნდი არაა, რომ დაცვაში "ჩაჯდეს" (მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცავს თავს), ჩილელთა სტიქია შეტევაა და ბიელსას გუნდისთვის ძნელი იქნება გარდაქმნა, შესაძლოა დამღუპველიც. ესპანეთმა კი უპირობოდ უნდა შეუტიოს, ამიტომაც მის მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევების შანსი აუცილებლად მიეცემა.
"ესპანეთის ნაკრებთან შიშით თამაში არ შეიძლება. ჩვენ უნდა ვცადოთ და მას თამაშის სადავეები წავართვათ, რადგან ჩემი აზრით ესპანეთი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გაუვნებელყოფილი. სხვა საქმეა, რომ ეს ძალიან რთულად შესასრულებელი მისიაა. ფეხბურთელებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ჯერ არსადაც არ გავსულვართ, მოგროვილი 6 ქულა არაფრის გარანრტიაა", - განაცხადა ჩილელთა არგენტინელმა თავკაცმა.
მარსელო ბიელსას ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ თავსატეხი არ აკლია, გუნდის პლეიმეიქერი მათიას ფერნანდესი დისკვალიფიცირებულია, ხოლო გამოცდილი ნახევარმცველი კარლოს კარმონა - ტრავმირებული. მათ მაგივრად როდრიგო მილარი და ხორხე ვალდივია ითამაშებენ.
ესპენთის ნაკრების შემადგენლობაში ალბათ გამოჩნდება ანდრეს ინიესტა, ხესუს ნავასი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს და "ფურია როხას" ტაქტიკური მონახაზიც უფრო კლასიკურ სახეს მიიღებს.
ნიკოლოზ ნეფარიძე