ამ შემთხვევაში შენელებული კადრები გახლავთ ძალიან თვალსაჩინო რამ. მათზე კარგად ჩანს თუ
ამ ეპიზოდში ტერის უკან გლენ ჯონსონი დგას. სწორედ მან მიიღო დედიჩის დარტყმული, ბურთს საბოლოოდ ის გადაეღობა, მაგრამ დააკვირდით სურათს, ჯონსონს სრულიად ადამიანურად აქვს ხელები მტკივნეულ ადგილზე აფარებული, ტერი კი... ტერი მოჭრილი ხესავით ეზღერთება მიწაზე. და წარმოგიდგენიათ, ბოლო დღეებში ინგლისელთა მწვრთნელს ფაბიო კაპელოს თავი ხელში რომ არ აეყვანა, დღეს ტერის ამ გმირობაზე ლაპარაკის ნაცვლად მის სკანდალურ პრესკონფერენციაზე და ათას სხვა რამეზე ვილაპარაკებდით. ყოჩაღ, კაპელო. მან ურთულეს ვითარებაშიც კი სწორად ამოიცნო ადამიანი. იტალიელმა სწორად გათვალა, რომ ჯონ ტერის ათასი ცხოვრებისეული შეცდომისა და გაუმართლებელი ქცევის მიუხედავად საქმე ჰქონდა ადამიანთან, რომელიც... ოღონდ გუნდს გოლი არ გაეშვა და დაქუხებული ბურთისთვის თავის შესაშვერად გაფრინდებოდა. არადა, ხომ შეიძლებოდა კაპელოც ფრანგთა მწვრთნელის რაიმონ დომენეკის მსგავსად მოქცეულიყო და რამდენიმე დღის წინ აჯანყებული ტერი ბანაკიდან გაეგდო? რასაკვირველია, შეიძლებოდა, მაგრამ ვინ იცის, ამ შემთხვევაში დღეს ოთხშაბათს მას უკან შეიძლება მთელი ინგლისის ნაკრებიც მიჰყოლოდა. დაგვეთანხმებით: დედამიწის ზურგზე ძალიან მაღალი კლასის მწვრთნელი ბევრია ტერი კი სწორედ გამორჩეულ თვისებათა გამო ერთი გახლავთ და ამიტომაც დაასახელეს ევროპის წამყვანმა მწვრთნელებმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში. თავის დროზე მას შესაძლოა ჟოზე მოურინიოსთანაც მოსვლია კონფლიქტი - სავარაუდოდ ისეთივე, რამდენიმე დღის წინ კაპელოსთან რომ ჰქონდა - მაგრამ არასდროს, ერთი წამითაც კი არ დავიწყებია რას ითხოვდა მისგან და სხვა ფეხბურთელებისგან "პორტუგალიელის რეჟიმი" და ამ რეჟიმისთვის არასდროს უღალატია. რაც გინდა ის თქვით და როდესაც ტერი ბურთს ისე ეღობება, გეგონება ომში გმირი თანამებრძოლთა გამო მტრის ლულას გადაეფარა, ისიც აშკარაა, რომ ამ ფეხბურთელს მოურინიოს სკოლა აქვს დამთავრებული.
უცნაური მოსაზრებაა? ზემოხსენებული მიმომხილველი მარტინ სამუელი კი შეგვახსენებს, რომ თანამედროვეობის უდიდესი მცველები, თუნდაც იმავე ტერი, ლუსიო და ვალტერ სამუელი თუნდაც ცოტა ხნით მოურინიუს ხელში არიან გამოვლილები. "ინტერის" დაცვა იმავე პრინციპით მოქმედებს, რა პრინციპითაც მოქმედებდა "ჩელსის" დაცვა, მაგრამ ტერი ერთადერთია, ვინც "განსაკუთრებულის" რჩევები სხვანაირად შეისისხლხორცა და მისი წასვლიდან ამდენი წლის შემდეგაც გულით ატარებს.
ერთი სიტყვით, კაპელოს კარგი მემკვირდეობა ერგო. თუ გახსოვთ, დედიჩის დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე ტერი მილივოე ნოვაკოვიჩის დარტყმულსაც ჩაუწვა. იმ შემთხვევაში "ჩელსის" კაპიტანი ბურთს გადაეფარა, ასე რომ... დიახ, შესაძლოა ის ინგლისს აღარ კაპიტნობს, მაგრამ გუნდის ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად რომ რჩება, რად უნდა ლაპარაკი. და როგორ ფიქრობთ, განა კაპელოს გუნდში მასზე ტექნიკური მოთამაშეები არ არიან? რასაკვირველია არიან. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულნიც არიან და მძლავრნიც, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც ყუმბარისებურად გამოფრენილ ბურთს თავს შეუშვერს, ერთია!
ილია ბაბუნაშვილი