ტერ-აქტი!

AutoSharing Option
როდესაც სლოვენიელთა გუნდში შეცვლაზე შესული ფეხბურთელი ზლატკო დედიჩი ანგარიშის გასათანაბრებლად მოემზადა, ჯონ ტერის გონებაში ერთადერთი რამ უტრიალებდა: ბურთს სხეულით უნდა გადაფარებოდა და რაც მთავარია, მისთვის სულერთი იყო სხეულის რომელი ნაწილით გადაეღობებოდა მას. როგორც "დეილი მეილის" მიმომხილველი მარტინ სამუელი წერს, გულით გადაფარება რომ ყოფილიყო საჭირო, ტერი ამას დაუფიქრებლად გააკეთებდა. და როგორ მოიქცა ინგლისელთა ყოფილი კაპიტანი, ხომ გახსოვთ? გადახტა, რათა ტყვიასავით გამოფრენილი ბურთისთვის თავი შეეშვირა - სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა.
ამ შემთხვევაში შენელებული კადრები გახლავთ ძალიან თვალსაჩინო რამ. მათზე კარგად ჩანს თუ
რამხელა სპორტსმენთან გვაქვს საქმე. ის, რაც ტერიმ ინგლისისა და სლოვენიის შეხვედრის 68-ე წუთზე გააკეთა, ადამიანში ბუნებრივად უნდა იყოს ჩადებული, ასეთი რამ ვარჯიშებით არ მოდის. შენელებულ კადრში ტერი მარცხნიდან შემოდის... უფრო სწორედ მოფრინავს. ხელები თავიდან გაშლილი აქვს, თუმცა შემდეგ უკან მიაქვს, რადგან ასე უფო წინ გადახტება და ბურთსაც უკეთ მიწვდება. რაც უფრო შევანელებთ კადრს, მით უფრო კარგად გამოჩნდება როგორ იჭიმება "ჩელსის" მცველის სხეული და როგორ ძაბავს ის კისრის კუნთებს - ტერი ცდილობს კისერი წაიგრძელოს. ის ყველა ღონეს ხმარობს ბურთი თავში რომ მოხვდეს.

ამ ეპიზოდში ტერის უკან გლენ ჯონსონი დგას. სწორედ მან მიიღო დედიჩის დარტყმული, ბურთს საბოლოოდ ის გადაეღობა, მაგრამ დააკვირდით სურათს, ჯონსონს სრულიად ადამიანურად აქვს ხელები მტკივნეულ ადგილზე აფარებული, ტერი კი... ტერი მოჭრილი ხესავით ეზღერთება მიწაზე. და წარმოგიდგენიათ, ბოლო დღეებში ინგლისელთა მწვრთნელს ფაბიო კაპელოს თავი ხელში რომ არ აეყვანა, დღეს ტერის ამ გმირობაზე ლაპარაკის ნაცვლად მის სკანდალურ პრესკონფერენციაზე და ათას სხვა რამეზე ვილაპარაკებდით. ყოჩაღ, კაპელო. მან ურთულეს ვითარებაშიც კი სწორად ამოიცნო ადამიანი. იტალიელმა სწორად გათვალა, რომ ჯონ ტერის ათასი ცხოვრებისეული შეცდომისა და გაუმართლებელი ქცევის მიუხედავად საქმე ჰქონდა ადამიანთან, რომელიც... ოღონდ გუნდს გოლი არ გაეშვა და დაქუხებული ბურთისთვის თავის შესაშვერად გაფრინდებოდა. არადა, ხომ შეიძლებოდა კაპელოც ფრანგთა მწვრთნელის რაიმონ დომენეკის მსგავსად მოქცეულიყო და რამდენიმე დღის წინ აჯანყებული ტერი ბანაკიდან გაეგდო? რასაკვირველია, შეიძლებოდა, მაგრამ ვინ იცის, ამ შემთხვევაში დღეს ოთხშაბათს მას უკან შეიძლება მთელი ინგლისის ნაკრებიც მიჰყოლოდა. დაგვეთანხმებით: დედამიწის ზურგზე ძალიან მაღალი კლასის მწვრთნელი ბევრია ტერი კი სწორედ გამორჩეულ თვისებათა გამო ერთი გახლავთ და ამიტომაც დაასახელეს ევროპის წამყვანმა მწვრთნელებმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში. თავის დროზე მას შესაძლოა ჟოზე მოურინიოსთანაც მოსვლია კონფლიქტი - სავარაუდოდ ისეთივე, რამდენიმე დღის წინ კაპელოსთან რომ ჰქონდა - მაგრამ არასდროს, ერთი წამითაც კი არ დავიწყებია რას ითხოვდა მისგან და სხვა ფეხბურთელებისგან "პორტუგალიელის რეჟიმი" და ამ რეჟიმისთვის არასდროს უღალატია. რაც გინდა ის თქვით და როდესაც ტერი ბურთს ისე ეღობება, გეგონება ომში გმირი თანამებრძოლთა გამო მტრის ლულას გადაეფარა, ისიც აშკარაა, რომ ამ ფეხბურთელს მოურინიოს სკოლა აქვს დამთავრებული.

უცნაური მოსაზრებაა? ზემოხსენებული მიმომხილველი მარტინ სამუელი კი შეგვახსენებს, რომ თანამედროვეობის უდიდესი მცველები, თუნდაც იმავე ტერი, ლუსიო და ვალტერ სამუელი თუნდაც ცოტა ხნით მოურინიუს ხელში არიან გამოვლილები. "ინტერის" დაცვა იმავე პრინციპით მოქმედებს, რა პრინციპითაც მოქმედებდა "ჩელსის" დაცვა, მაგრამ ტერი ერთადერთია, ვინც "განსაკუთრებულის" რჩევები სხვანაირად შეისისხლხორცა და მისი წასვლიდან ამდენი წლის შემდეგაც გულით ატარებს.
ერთი სიტყვით, კაპელოს კარგი მემკვირდეობა ერგო. თუ გახსოვთ, დედიჩის დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე ტერი მილივოე ნოვაკოვიჩის დარტყმულსაც ჩაუწვა. იმ შემთხვევაში "ჩელსის" კაპიტანი ბურთს გადაეფარა, ასე რომ... დიახ, შესაძლოა ის ინგლისს აღარ კაპიტნობს, მაგრამ გუნდის ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად რომ რჩება, რად უნდა ლაპარაკი. და როგორ ფიქრობთ, განა კაპელოს გუნდში მასზე ტექნიკური მოთამაშეები არ არიან? რასაკვირველია არიან. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულნიც არიან და მძლავრნიც, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც ყუმბარისებურად გამოფრენილ ბურთს თავს შეუშვერს, ერთია!
ილია ბაბუნაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული