25 ივნისი. ბლუმბონტეინი. ფრი სთეით სთედიუმი. 22:30
შვეიცარია-ჰონდურასი
სავარაუდო შემადგენლობები
შვეიცარია: ბენალიო - ლიხტშტაინერი, ფონ ბერგენი, გრიხტინგი, ციგლერი - ბარნეტა, ჰუგელი, ინლერი, ფერნანდესი - ფრაი, ნკუფო.
ჰონდურასი: ვალადარესი - მენდოსა, ჩავესი, ფიგეროა, იზაგირე - ე. ალვარესი, გევარა, ვ. პალასიოსი, ნუნიესი, ველკომი - სუასო.
არბიტრი: ექტორ ბალდასი (არგენტინა)
შვეიცარიამ ორ ურთულეს მეტოქესთან ბრძოლა უკვე მოილია და ახლა ჯგუფიდან გასვლის ბედი მთლიანად ოტმარ ჰიტცფელდისა და მისი ფეხბურთელების ხელშია. საკმარისია, შვეიცარიელებმა ჰონდურასელებს ორბურთიანი უპირატესობით მოუგონ, რომ ჯგუფის მეორე მატჩის შედეგისდა მიუხედავად,
შვეიცარიელთა უძლიერესი რგოლი რომ დაცვაა, ეს დიდი ხანია, ცნობილია და სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. არადა, ჰიტცფელდის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველივე თამაშის პირველივე ტაიმში წამყვანი უკანახაზელი ფილიპ სენდეროსი დაუშავდა. თუმცა შვეიცარიულმა დაცვამ ამის შემდეგაც უნაკლოდ იმოქმედა და მუნდიალებზე გოლგაუშვებელი წუთების რეკორდიც დაამყარა. სენდეროსის მდგომარეობა თითქოს მძიმე არ იყო, მაგრამ როგორც შვეიცარიის ნაკრების სამედიცინო შტაბი აცხადებს, იგი ვერც ჰონდურასთან შეძლებს თამაშს. შესაბამისად, ფილიპს სტივ ფონ ბერგენი შეცვლის, რომელმაც ამ მისიას აქამდე უზადოდ გაართვა თავი.
"ბუნებრივია, ჩილესთან განცდილმა მარცხმა ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. რომ არა ათი კაცის შემადგენლობით დარჩენა, იმ თამაშს ნამდვილად არ წავაგებდით. თუმცა რაც იყო, იყო. კარგად ვიცით, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი და მჯერა, ჯგუფიდან გასვლის ძალაც შეგვწევს და უფრო მეტის მიღწევისაც", - ამბობს ფონ ბერგენი.
სენდეროსის გარდა, შვეიცარიელებს ვალონ ბეჰრამიც დააკლდებათ. გეხსომებათ, იგი ჩილესთან მატჩისას გააძევეს და შესაბამისად, დისკვალიფიცირებულია. მის არყოფნაში ძირითად შემადგენლობას სავარაუდოდ, ტრანკილო ბარნეტა დაუბრუნდება.
ჰონდურასელებმა განვლილი შეხვედრები დაახლოებით ისე ჩაატარა, როგორც ველოდით - მაღალი კლასის მეტოქეებს ქულა ვერ აართვა, მაგრამ შეუპოვრად იბრძოლა. საინტერესოა, როგორ გადასხვაფერდება დაცვითი სტილის მიმდევარი შვეიცარია იმ მატჩში, სადაც ვალდებული იქნება, აქცენტი შეტევაზე გადაიტანოს.
ჰონდურასის ნაკრებს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, ეს გუნდები ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.
ლევან ჯანეზაშვილი