24 ივნისი. რუსტენბურგი. როიალ ბაფოკენგი. 27 967 მაყურებელი
დანია-იაპონია 1:3
დანია (4-2-3-1): სორენსენი - ლ. იაკობსენი, კროლდრუპი (57. ლარსენი), აგერი, ს. პოულსენი - კალენბერგი (67. ერიკსენი), კ. პოულსენი - მ. იორგენსენი (34. ი. პოულსენი), ტომასონი, რომედალი - ბენდტნერი.
იაპონია (4-1-4-1): კავაშიმა - კომანო, ნაკაზავა, ტანაკა, ნაგატომო - აბე - ენდო (90. ინამოტო), მაცუი (75. ოკაზაკი), ჰასებე, ოკუბო (88. კონო) - ჰონდა.
გოლები: 0:1 ჰონდა (17), 0:2 ენდო (30), 1:2 ტომასონი (81), 1:3 ოკაზაკი (87)
81-ე წუთზე ტომასონმა ვერ
გაფრთხილება: ენდო (12), ნაგატომო (26), კროლდრუპი (29), კ. პოულსენი (48), ბენტდნერი (66)
მატჩი დაიწყო: იაპონია; დარტყმა: 18(10)-16(8); ჯარიმა: 23-10; კუთხური: 7-2; ბურთის ფლობა: 56%-44%.
არბიტრი: ჯერომ დეიმონი (სამხრეთ აფრიკა)
საინტერესო მომენტები
13' - ჰასებე შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ახლო ცხრიანს დაუმიზნა, თუმცა მცირედით არაზუსტად დაარტყა.
15' - იონ დალ ტომასონი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და სახიფათოდ გაისროლა, თუმცა არაზუსტად.
17' - კეისუკე ჰონდამ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა საჯარიმო და ბურთი მეტოქის კარში მოათავსა - 0:1.
30' - ამჯერად, ენდომ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი ცოცხალ კედელს შემოატარა და ანგარიში ორამდე გაზარდა - 0:2.
75' - ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, შინჯი ოკაზაკიმ დაჰკრა თავური, თუმცა დანიელთა მეკარე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.
81' - ჰასებემ საჯარიმოში დანიელ აგერის წინააღმდეგ იუხეშა და მსაჯს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საშუალება მისცა. პენალტი ტომასონმა შეასრულა, მეკარემ აუღო, თუმცა დამატებაზე თვითონვე ითამაშა და ერთი ბურთი გაქვითა - 1:2.
87' - ჰონდამ გაიბრწყინა კიდევ ერთხელ, მეურვეს კარგად გაცდა და როდესაც ყველას ეგონა, რომ დაარტყამდა, ბურთი ცარიელი კარის წინ მდგომ ოკაზაკის გადააწოდა. შედეგად, 1:3.
იაპონიას უკეთესი ნაკრები ჰყავს და სრულიად დამსახურებულად ითამაშებს მერვედფინალში. დანიის ეროვნულმა გუნდმა ამ ჩემპიონატზე ვერაფერი ფეხბურთი გვიჩვენა და ბევრს გაუცრუა იმედი. ვიხილეთ სწორხაზოვნად მოთამაშე გუნდი, რომელიც ძალიან მშრალად უტევს და ვერც თავს იცავს მაინც და მაინც დამაჯერებლად. სკანდინავილთა ძლიერი რგოლი კარის დარაჯი გვეგონა და ამ შემთხვევაში, ისიც ვერ წარმოჩინდა მთლად საუკეთესო კუთხით. ეს რბილად თუ ვიტყვით და თუ სიმართლე გაინტერესებთ, ტომას სორენსენმა უბრალოდ ჩააგდო თამაში. ორი გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაუშვა და ორივეჯერ სწორად ვერ დააყენა ცოცხალი კედელი. ეგ კი არა, მესამე გოლსაც უშვებდა საჯარიმიდან, მისი ბედი, რომ ხელიდან გავარდნილი ბურთი ხარიხას მოხვდა. მოკლედ, სორენსენმა ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა, ისევე როგორც მთლიანად, დანიის ნაკრებმა.
რაც შეეხება იაპონიას, გუნდი მეტად სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. იაპონელი ფეხბურთელები ძალიან რბილად ეპყრობიან ბურთს, არც პასის კულტურა დაეწუნებათ და როგორც გამოჩნდა, კარში დარტყმაც შესაშურად გამოსდით. აზიელებმა გაცილებით უფრო საინტერესო ფეხბურთი ითამაშეს და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. იაპონელების მიერ დანიელთა ძლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ევროპულ ფეხბურთში მთლად რიგზე ვერ არის ყველაფერი. ამ თემას სხვა დროს განვავრცობთ, იქამდე კი შეგახსენებთ, რომ სკანდინავიელებს მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა და შესაბამისად, დანია სახლში მიემგზავრება.
საუკეთესო ფეხბურთელი
კეისუკე ჰონდა (იაპონია)
ამ ფეხბურთელს ბევრი ცსკა-ში ასპარეზობით იცნობს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ფართო მასებმა ის მაინც მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიცნეს. ჰონდამ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და დიდწილად განაპირობა კიდეც გუნდის მერვედფინალში გასვლა. რაც შეეხება უშუალოდ დანიელებთან შეხვედრას, შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა და ამასთან, საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში. გარდა იმისა, რომ კარგი დამგვირგვინებელია, გუნდზე თამაში უყვარს და ეხერხება კიდეც.
ლაშა წიკლაური
თ მ ფ წ ბ ქ
ჰოლანდია 3 3 0 0 5-1 9
იაპონია 3 2 0 1 4-2 6
დანია 3 1 0 2 3-6 3
კამერუნი 3 0 0 3 2-5 0