ოტო რეჰაგელი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ აღარ არის, ამაზე მკითხველი უკვე ინფორმირებულია. სახელგანთქმულმა გერმანელმა სპეციალისტმა ელადას დაუვიწყარი გამარჯვება მოუტანა ევროპის 2004 წლის ჩემპიონატში და მიუხედავად მომდევნო წარუმატებლობებისა, ბერძენი ხალხი სამუდამოდ მისი მადლიერი დარჩება...
ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და რეჰაგელის ერაც უკვე ისტორიის საკუთრებაა. საბერძნეთის ნაკრებს, რომელიც ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა, მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება. როგორც პორტუგალიური წყაროები წერენ, თითქმის 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ვაკანტურ პოსტს ფერნანდო სანტოსი დაიკავებს.
55 წლის სანტოსი საბერძნეთში ერთობ პოპულარულია. ბოლო
ათწლეულში ის წარმატებით მუშაობდა ბერძნულ გრანდებში - აეკ-ში, "პანათინაიკოსში" და ბოლოს პაოკ-შიც, რომელსაც ახლახან ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა.