ურუგვაი-სამხ. კორეა
25.06. პორტ ელიზაბეთი. ნელსონ მანდელა ბეი. 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
ურუგვაი: მუსლერა - მ. პერეირა, ლუგანო, ვიქტორინო, ფუსილე - პერესი, რიოსი, ა. პერეირა - ფორლანი, კავანი, სუარესი.
სამხ. კორეა: სუნ-რიონ იუნი - ჩა-დუნ რი, იონ-ჰიუონ ჩო, იუნ-სუ ლი, იან-პიო ლი - იუნ-ვუ კიმი, სუნ-იონ კი, ჩუნ-იონ ლი, ჟი-სუნ პარკი - კი-ჰუნ იეომი, ჩუ-იან პარკი.
არბიტრი: ვ. შტარკი (გერმანია)
დღეიდან მუნდიალის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი იწყება და თუკი აქამდე ვინმე მსოფლიოს ჩემპიონატის სანახაობრივი მხარით უკმაყოფილო იყო, შეუძლია, ახლა ჰქონდეს უკეთესი
ორივე გუნდმა მერვედფინალს დამაჯერებლად უწია, მაგრამ ეს უპრველესად, სამხრეთამერიკელებზე ითქმის, რომლებიც თამაშის ხარისხს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებდნენ და თუ ასე გააგრძელეს, ჯგუფიდან გასვლაზე გაცილებით მეტსაც მიაღწევენ. მით უფრო, რომ ურუგვაელებს მეტისმეტად ხელსაყრელი სატურნირო ბადე შეხვდათ - თუ აზიური ბარიერი გადალახეს, მეოთხედფინალში აშშ-განას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
აუცილებლად უნდა შევაქოთ სამხრეთკორეელებიც, რომლებმაც ასევე დამსახურებულად გააღწიეს ფლეი ოფში. მართალია, აზიელებს ურუგვაელთა დარი ლაღი და შთამბეჭდავი სანახაობა არ დაუდგამთ, მაგრამ დაამტკიცეს, რომ თანამედროვე ფეხბურთის მოთამაშე, ყველა რგოლში ძლიერად და თანაბრად დაბალანსებული გუნდი ჰყავთ და აქედან გამომდინარე, არც დღეს იქნებიან უშანსოდ.
წყვილის ფავორიტი ურუგვაია, მაგრამ სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე უკვე იმდენი სენსაცია მოხდა, რომ დღეს არც ერთი შედეგი არ უნდა გაგვიკვირდეს. ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა ურუგვაელთა წისქვილზე ასხამს წყალს. ისინი სამხრეთკორეელებს ხუთჯერ შეხვედრიან და აქედან ოთხი მატჩი მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს.
ორივე გუნდი მერვედფინალურ შეხვედრას საუკეთესო შემადგენლობით ხვდება. ურუგვაისაც და სამხრეთ კორეასაც ყველა მოთამაშე მწყობრში ჰყავთ და არც დისკვალიფიკაცია მიუღია ვინმეს. აზიელებმა განვლილი მატჩები თითქმის უცვლელი სასტარტო შემადგენლობით ჩაატარეს, მინიმალური ცვლილებები ხდებოდა ხოლმე სამხრეთამერიკელთა რიგებშიც. ურუგვაის ნაკრების თავკაცმა ოსტარ ტაბარესმა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურიდან მოყოლებული, სამი გამოკვეთილი თავდამსხმელით დაიწყო თამაში და ფორლანი-კავანი-სუარესის ტრიომ იმედები სრულად გაუმართლა.
“ურუგვაის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ეს არის ძალიან ძლიერი და ტექნიკური გუნდი, რომელთან ბრძოლაც ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ უშანსოდ სულაც არ ვართ. სამხრეთ კორეის ნაკრებსაც აქვს ის თვისებები, რომელთა წყალობითაც კიდევ შეგვიძლია ერთი ეტაპის გადალახვა”, - ამბობს სამხრეთ კორეის ნაკრების ლიდერი ჟი-სუნ პარკი.
მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არც ტაბარესმა დაიშურა: “ურუგვაის ნაკრებმა უკვე დაძლია რთული ჯგუფი, ახლა კი უწინდელებზე არანაკლებ ძლიერ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება. დიდი ხანია, ურუგვაის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია და ჩემს გუნდს ამ ნავსის გატეხვის ყველანაირი პოტენციალი აქვს”.
ლევან ჯანეზაშვილი