ჰარი რედნაპმა თქვა, რომ სიამოვნებით ჩაუდგებოდა ინგლისის ნაკრებს სათავეში და დასძინა, ჩვენს ეროვნულ გუნდს მხოლოდ ინგლისელი უნდა წვრთნიდესო. "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცის აზრით ფეხბურთის ასოციაციის გეგმა ჩავარდა - იცხოელმა მწვრთნელებმა არ გაამართლეს. მართალია, რედნაპი კაპელოს გაავებულ მლანძღველთა რიცხვს არ შეუერთდა, მაგრამ განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი უნდა გახდეს სპეციალისტი, რომელიც ერს შელახულ თავმოყვარეობას აღუდგენს.
"მე ინგლისელი ვარ და როგორც ასეთი გეკითხებით: ნუთუ არსებობს ჩვენი თანამემულე მწვრთნელი, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრებს სათავეში სიამოვნებით არ ჩაუდგებოდა? არა, ასეთი არ არსებობს. მე ვიქნები, სემ
ელერდაისი თუ როი ჰოჯსონი, ნაკრებში მუშაობას ყველა სიამოვნებით დათანხმდება. განა შეიძლება წარმოვიდგინოთ ინგლისელი იტალიის ნაკრების სათავეში? ეს, რასაკვირველია, წარმოუდგენელია. იგივე შეიძლება ითქვას გერმანელებზეც - გერმანიის ნაკრებს ყოველთვის გერმანელი წვრთნის. ჩვენ კი უკვე ზედიზედ მეორედ ჩავუყენეთ ჩვენს გუნდს სათავეში უცხოელი. ამ კაცს, კაპელოს, საკლუბო დონეზე მართლაც შესანიშნავი შედეგები ჰქონდა, მაგრამ დახეთ, როგორ დაამთავრა მსოფლიოს ჩემპიონატი. ხომ ხედავთ, რასაც მიაღწია? როდესაც ის, ადრე თუ გვიან, ინგლისის ნაკრებიდან წავა, ჩვენ აშკარად ადგილობრივი მწვრთნელის მოძებნა დაგვჭირდება. ხაზს ვუსვამ, ჩვენ ინგლისელი გვჭირდება. დიახ, ინგლისელი - ამას რომ ვამბობ მე არც შოტლანდიელს ვგულისხმობ, არც უელსელს და არც ირლანდიელს. ინგლისის ნაკრებს ინგლისელი მწვრთნელი უნდა ედგეს სათავეში. ჩვენი ქვეყანა ინგლისია, ჩვენ აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, ჩვენ ინგლისელები ვართ. ჩვენ უნდა დავნიშნოთ კაცი, რომელიც სულით ინგლისურ გუნდს შექმნის. და, მოდი სიმართლეს თვალებში შევხედოთ - ერიქსონზე და კაპელოზე უარეს შედეგს ვერც ერთი მწვრთნელი ვერ მიაღწევს".
თუმცა, რედნაპს არც ფეხბურთელების გაკრიტიკება დავიწყებია. მან თქვა, რომ ინგლისის ნაკრებს 1966 წლის მერე ასეთი კარგი შანსი არ ჰქონია, მაგრამ მოთამაშეებმა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.
"ჩვენ აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ საშუალოდ ვითამაშეთ, ალჟირთან საშინლად გამოვჩნდით, სლოვენიასთან თითქოს არა გვიშავდა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ სლოვენიელებს ძალიან საცოდავი გუნდი ჰყავდათ, რომელიც ჩემპიონატზე რომ მოხვდა, დიდი ამბავია. ინგლისელმა ფეხბურთელებმა უბრალოდ ვერ ითამაშეს. არადა, მე ინგლისის ნაკრებს რა ხანია ვუყურებ და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩამპიონობის ასეთი შანსი ჩვენ 1966 წლის მერე არ გვქონია".
ილია ბაბუნაშვილი