გერმანიის ნაკრებს სამშაბათს არ უვარჯიშია და გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა აღნიშნა, ფეხბურთელებისთვის ინგლისთან დრამატული მატჩის შემდეგ, ეს პაუზა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყოო. ზოგადად, მას მერე, რაც გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო, ეს კი 48 დღის წინ მოხდა, სამშაბათს გუნდმა პირველად დაისვენა.
გუშინ დილიდან კი, იოგიმ შეგირდები კვლავ შეკრიბა და ავარჯიშა. ოთხშაბათიდან, გერმანიის ნაკრები მხოლოდ და მხოლოდ შაბათს გასამართ მეოთხედფინალურ მატჩზე ფიქრობს, რომელშიც ინგლისის გამგდები ბუნდესნაკრები მუნდიალის მომდევნო ფავორიტ არგენტინას ეთამაშება.
ლიოვს ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ
ცხადია, რომ ლიოვი შვაინშტაიგერს არგენტინასთანაც ასეთ მიდგომას მოსთხოვს. "არგენტინის ნაკრები არის გუნდი, რომელიც შეცდომებს არავის პატიობს. ამიტომაც, შაბათს მცირე შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ გვაქვს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ არგენტინელები თითოეულ წაფორხილებას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ", - გააფრთხილა ლიოვმა თავისი შეგირდები.
სამშაბათს, იოგი და მისი თანაშტაბელები დასხდნენ და არგენტინელთა თამაშები დეტალურად გაანალიზეს. ბუნდესმწვრთნელი ამბობს, არ დაიჯერებთ და "ალბისელესტეს" თამაშებში ძალიან ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინე, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით და ვერც კი წარმოდგვედგინაო. "ჩვენ ასეთივე ანალიზი ინგლისის ნაკრების მატჩებსაც ჩავუტარეთ და მერე, ფაბიო კაპელოს გუნდის მინუსები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ. რაც შეეხება არგენტინის ნაკრების სისუსტეებს, ჩემდა გასაკვირად, "ალბისელესტეს" გაცილებით ცოტა მინუსი აქვს და ამ ყველაფრის შესახებ დეტალურად ჯერ გუნდს უნდა ველაპარაკო," - თქვა ლიოვმა და ცხადია, დიეგო მარადონას გუნდში აღმოჩენილი მინუსები ჟურნალისტებისთვის არ გაუმხელია.
იმისათვის, რომ მეოთხედფინალური მატჩისთვის კარგად მოემზადოს, გერმანიის ნაკრები პრეტორიიდან კაპშტადტში დღესვე მიფრინავს, თამაში კი ზეგაა. გუშინ ვარჯიში კვლავ გამოტოვა თავდამსხმელმა კაკაუმ, რომელმაც ტრავმა ჯერ კიდევ ინგლისთან შეხვედრის წინა დღეს მიიღო. ლიოვი ფიქრობს, რომ შტუტგარტელი ვერც არგენტინისთვის მოასწრებს გამოჯანმრთელებას. იოგის ექიმები კი აიმედებენ, მაგრამ დიდი შანსია, რომ კაკაუ შაბათს სათადარიგოთა სკამზეც კი ვერ ვიხილოთ. ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ თავდასხმაში მიროსლავ კლოზეს პირველი ალტერნატივა მარიო გომესი იქნება. ლიოვმა ინგლისთან შტეფან კისლინგიც ათამაშა, მაგრამ იმდენად ცოტა ხნით, რომ "ლევერკუზენის" თავდამსხმელმა მოედანზე ვერაფრის გაკეთება მოასწრო.
ლიოვთან ერთად, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე შვაინშტაიგერიც წარსდგა. შვაინიმ პირველივე წინადადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ შაბათს გასამართი მატჩი პირდაპირ კავშირშია 2006 წლის მუნდიალის მეოთხედფინალურ შეხვედრასთან, რომელშიც გერმანელებმა არგენტინელები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს.
"პენალტების სერიაზე მეტად, მატჩის შემდეგ მომხდარი ამბები დამამახსოვრდა და თანაც, ძალიან ცუდად. ის შეხლა-შემოხლა და გაწევ-გამოწევა, რაც კამბიასოს პენალტის მერე მოხდა, არასდროს დამავიწყდება, - თქვა შვაინშტაიგერმა და იქვე დასძინა, - მთელ გუნდს ვაფრთხილებ, ძალიან მშვიდად უნდა ვიყოთ. არგენტინელებს პროვოკაციები უყვართ და ჩვენთვის ნერვების მოსაშლელად ყველაფერს გააკეთებენ."
საერთო ჯამში კი, შვაინშტაიგერის აზრით, წლევანდელი არგენტინა 2006 წლის "ალბისელესტესთან" შედარებით, გაცილებით ძლიერია. "ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და მოედანზე გადავიტანოთ ყველაფერი, რასაც თამაშამდე მწვრთნელებთან ერთად მოვილაპარაკებთ. ჩვენ ისეთი ტაქტიკით ვითამაშებთ, რომელიც არგენტინას გულს ატკენს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ტაქტიკურად ძალიან მძიმე თამაში იქნება, ზუსტად ისე, როგორც 2006 წელს იყო. რაც შეეხება ლიონელ მესის, ჩვენ მხოლოდ მასზე არ უნდა ვიზრუნოთ, რადგან არგენტინის ნაკრების ყველა ფეხბურთელი მაღალი კლასის მოთამაშეა. მესი კი კოლექტიურად უნდა შევაჩეროთ, რადგან მასთან ინდივიდუალური თამაშის შემთხვევაში ნებისმიერი მცველი განწირულია. მესის მუნდიალზე გოლი ჯერ არ გაუტანია და არც უნდა გაიტანოს," - თქვა ბუნდესგუნდის ლიდერმა.