მარადონა: შვაინშტაიგერ, ხომ არ ნერვიულობ, ბიჭუნი?

AutoSharing Option
რაკი ბასტიან შვაინშტაიგერმა პირველი ნაბიჯი გადადგა და არგენტინის ნაკრებს კბილი გაჰკრა (ციტატა: "არგენტინელები ბინძურ ფეხბურთს თამაშობენ და პროვოკატორები არიან!"), მოსალოდნელიც იყო, რომ "ალბისელესტეს" მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა გერმანიის ნაკრების ლიდერს მალევე უპასუხებდა. დიეგომ დიდხანს არ გვალოდინა.

პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება შვაინიმ "შტერნისთვის" მიცემულ ინტერვიუში განავრცო: "არგენტინელი ფეხბურთელები ყოველთვის ყვითელ ბარათს ითხოვენ, როცა მათ წინააღმდეგ ვინმე თამაშის წესს დაარღვევს. ხოლო, როცა თვითონ უხეშობენ, მსაჯებს ეკამათებიან ხოლმე. თანაც, როცა არგენტინელი თამაშის წესებს არღვევს, თვითონაც მოედანზე წვება და სიმულანტობას იწყებს,"¬ - უთხრა ბასტიანმა ზემოთ
ხსენებულ გამოცემას.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს შვაინის გამონათქვამები, ახლა ამის განსჯის არც დროა და არც ადგილი, ფაქტი კი ის არის, რომ მისმა სიტყვებმა "ალბისელესტეს" ბანაკამდე მიაღწია და რა გასაკვირია, რომ მარადონას მისი სიტყვები ყურში ცუდად მოხვდა.
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო? შვაინშტაიგერ, ხომ არ ნერვიულობ? მინდა გითხრა, რომ შენი მოსაზრებები არ გვაინტერესებს. ჩვენ შურს ვიძიებთ იმისათვის, რომ 2006 წელს გერმანიამ არგენტინა დაამარცხა, - ასე მიმართა მარადონამ შვაინშტაიგერს გუშინდელ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, - ახლა ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, რომ შვაინშტაიგერის უაზრო განცხადებებზე ვიფიქრო. არგენტინელი ფეხბურთელები მას ყველაფერზე შაბათს უპასუხებენ."

ჩვენი არგენტინელი კოლეგები კი წერენ, რომ მარადონა გერმანიასთან მატჩისთვის ტაქტიკური სქემის შეცვლაზე ფიქრობს და უნდა, რომ "ალბისელესტე" "ბუნდესგუნდთან" შედარებით ფრთხილი ტაქტიკით ათამაშოს. არგენტინული გამოცემა "კლარინის" ცნობით, მარადონა 4-1-2-1-2 სქემის ნაცვლად, კლასიკური 4-4-2-ის გამოყენებაზე ფიქრობს, სადაც კარლოს ტევესი მარჯვენა ნახევარმცველი იქნება, ხოლო ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე კი, ანხელ დი მარიას ნაცვლად, ხონას გუტიერესი უნდა ვიხილოთ, რომელიც აქამდე მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. საქმე იმაშია, რომ გუტიერესს მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლა დი მარიაზე გაცილებით უკეთ ეხერხება. ნახევარდაცვის ცენტრში ხუან სებასტიან ვერონისა და ხავიერ მასკერანოს თამაშს წყალი არ გაუვა, თავდასხმაში კი, ლეო მესი და გონსალო იგუაინი გამწესდებიანო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული