ნერვების თამაში კეიპტაუნში

AutoSharing Option
3 ივლისი. კეიპტაუნი. გრინ პოინტი. 18:00
არგენტინა-გერმანია
სავარაუდო შემადგენლობები
არგენტინა (4-4-1-1): რომერო - ოტამენდი, დემიკელისი, ბურდისო, ჰაინცე - ტევესი, ვერონი, მასკერანო, გუტიერესი (ან დი მარია) - მესი - იგუაინი.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, ჟ. ბოატენგი - ხედირა, შვაინშტაიგერი - მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.
არბიტრი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

არგენტინას შურისძიება უნდა, გერმანიას ძირითად დროში მოგება

გერმანიისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს შორის ფსიქოლოგიური ომი ოთხშაბათს დაიწყო და ამის ინიციატორი ბუნდესგუნდის ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერი გახლდათ, რომელმაც პრესკონფერენციაზე თქვა, რომ
"ალბისელესტეს" ფეხბურთელები პროვოკატორები არიან, ბინძურ ფეხბურთს თამაშობენ და რომ გერმანიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი ფრთხილად უნდა იყოს. ზოგადად, ამ ორ საფეხბურთო ქვეყანას შორის ომი დიდი ხანია დაწყებულია და მას დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ახლა არგენტინისა და გერმანიის ძველი
დაპირისპირებების გახსენებას არ ვაპირებთ, რადგან გულშემატკივრებისთვის ყველაფერი კარგად არის ცნობილი. ამ შემთხვევაში, მხოლოდ 2006 წლის მუნდიალი უნდა გავიხსენოთ, სადაც გერმანელები და არგენტინელები ერთმანეთს ასევე მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ და ის მატჩი გერმანიამ პენალტების სერიაში მოიგო. სწორედ ამ თამაშიდან გამომდინარე საუბრობდა შვაინშტაიგერი იმაზე, რომ არგენტინელებისგან პროვოკაციებია მოსალოდნელი. 2006 წელს, საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე დიდი შეხლა-შემოხლა იყო, რაც არა მარტო შვაინშტაიგერს, არამედ დღეს მოედანზე გასასვლელი ფეხბურთელებიდან საკმაოდ ბევრს ახსოვს.

"ალბისელესტეს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ შვაინის და ზოგადად მთელ საფეხბურთო გერმანიას პასუხი ორი დღის დაგვიანებით გასცა. დიეგომ თქვა, რომ გერმანელი ფეხბურთელის, ვინმე "სვეინსტეიგერის" მოსაზრებები საერთოდ არ აინტერესებს და თანაც, ბუნდესგუნდის ლიდერს მიმართა, რა იყო, ხომ არ ნერვიულობ, სანერვიულო კი ნამდვილად გაქვსო. მარადონამ ისიც თქვა, რომ არგენტინის ნაკრები შვაინშტაიგერს და მთელ გერმანიას საკადრის პასუხს დღეს, ქეიფთაუნის სტადიონ "გრინ პოინტზე" გასცემს. მარადონა დაიქადნა, არგენტინა შურს იძიებს გერმანიაზე იმისათვის, რომ ბუნდესგუნდმა 2006 წელს "ალბისელესტე" დაამარცხა.

ამის მეტი, ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ერთმანეთზე ცუდი არაფერი უთქვამთ. გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გუშინ გამართა და "ალბისელესტე" ძალიან აქო. მან ისიც აღნიშნა, რომ შვაინშტაიგერმა თავისი მოსაზრებები გამოთქვა და რომ გერმანიის ნაკრებში თავისი აზრის გამოთქმა ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია.

"ის, რაც შვაინშტაიგერმა თქვა, მისი აზრია, ჩვენს გუნდში კი აზრის გამოხატვის თავისუფლებაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს პარტივს არ სცემს. ბასტიანს ვეთანხმები იმაში, რომ არგენტინელები თამაშის დროს ხშირად აგრესიულები არიან და მთელ რიგ მომენტებში, ასე ვთქვათ, "არალეგალურად" თამაშობენ, მაგრამ ეს ზოგადად არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი პლუსია. ფეხბურთი ომია, ომში კი ყველაფერი მოსულა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ," - განაცხადა ლიოვმა.
ზოგადად, ლიოვი გუშინდელ პრესკონფერენციაზე ძალიან განტვირთული, მშვიდი და ასი პროცენტით კონცენტრირებული ჩანდა. მან თქვა, რომ ამ მატჩს გერმანიის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი მოუთმენლად ელის. ერთადერთი გერმანელი ფეხბურთელი, ვისი თამაშიც დღეს საეჭვოა, თავდამსხმელი კაკაუ გახლავთ. ლუკას პოდოლსკი და მესუთ იოზილი კი სრულიად ჯანმრთელები არიან.

ბუნდესმწვრთნელმა არგენტინის ნაკრების შემტევი სტილი შეაქო. მისი აზრით, დღევანდელ მატჩში მაყურებლები უაღრესად საინტერესო, ორმხრივ შეტევებს და საერთო ჯამში, ძალიან თვალსასეირო ფეხბურთს იხილავენ. "არგენტინის ნაკრები მხოლოდ მესი არ არის. "ალბისელესტეში" ყველა ფეხბურთელი უმაღლესი კლასისაა," - თქვა ლიოვმა. მატჩის წინ, არგენტინული პრესა წერდა, რომ მარადონა დღეს გაცილებით ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს. ლიოვს არ სჯერა, რომ დიეგოს სტრატეგია დღეს უფრო ფრთხილი იქნება, ვიდრე წინა მატჩებში.
ლიოვმა და მისმა თანაშტაბელებმა არგენტინის ნაკრების მატჩების ვიდეო-ჩანაწერები დეტალურად გაანალიზეს და იოგის თქმით, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დღევანდელი "ალბისელესტე" ოთხი წლის წინანდელზე უფრო ძლიერი გუნდია. იოგი არც იმას მალავს, რომ დამატებითი დროისა და თერთმეტმეტრიანების სერიის პერსპექტივა არ ხიბლავს. მისი თქმით, ბუნდესგუნდი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ თამაში ძირითად დროში მოიგოს.

რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს: "ალბისელესტეს" ბანაკიდან გუშინ კომენტარები არ გაკეთებულა. მარადონამ თავისი სათქმელი ჟურნალისტებს გუშინწინ უთხრა და ზემოთაც შეგახსენეთ, თუ რაზე ისაუბრა დიეგომ უმეტესად, გუშინ კი მიიჩნია, რომ ახალი არაფერი ჰქონდა სათქმელი. მას არც არგენტინული პრესის მიერ გავრცელებულ ცნობებზე (მარადონა გერმანიასთან უფრო ფრთხილ ტაქტიკას აირჩევსო) გაუკეთებია კომენტარი. ასე იქნება, თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ მარადონას გუნდი დაცვაში არ დადგება - ეს ასი პროცენტით გამორიცხულია. "ალბისელესტე" შეუტევს და აშკარაა, რომ არც გერმანიას სურს "მეორე ნომრობა". შესაბამისად, თამაში ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. დიდი შანსია, რომ ეს იყოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული