ისევ სუარესი, ამჯერად მეკარედ!

AutoSharing Option
2 ივნისი. იოჰანესბურგი. სოკერ სიტი. 84 000 მაყურებელი
ურუგვაი-განა 1:1, პენ 4:2
ურუგვაი:
მუსლერა - მ. პერეირა, ლუგანო (38. სკოტი), ვიქტორინო, ფუსილე - პერესი, რიოსი, ა. ფერნანდესი (46. ლოდეირო) - ფორლანი - კავანი (76. აბრეუ), სუარესი.
განა: კინგსონი - პეინტსილი, ჯონ მენსა, ფორსა, სარპეი - ინკოომი (74. აპია), ასამოა, ანანი, კ. ბოატენგი, მუნტარი (88. ადიია) - გიანი.
გოლები: 0:1 მუნტარი (45), 1:1 ფორლანი (55)
გაფრთხილება: ფუსილე (20), რიოსი (48), პეინტსილი (54), პერესი (60), სარპეი (77), მენსა (93)
მატჩი დაიწყო: განა;
დარტყმა:
15(7)-26(4); ჯარიმა: 23-23; კუთხური: 12-8; ბურთის ფლობა: 43%-57%.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)

საინტერესო მომენტები
18. ურუგვაის ნაკრებმა კუთხური მოაწოდა, ჯონ მენსას ავტოგოლისგან თავისი გუნდი რიჩარდ კინგსონმა იხსნა.
22. დიეგო ფორლანმა არაზუსტად დაარტყა.
26. ლუის სუარესის ძლიერი დარტყმა კინსგონმა თითის წვერებით მოიგერია
30. აიზეკ ფორსას თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
32. ასამოა გიანმა კვადვო ასამოას პასი მიიღო და მიზანს ოდნავ ააცილა.
38. მატჩის დებიუტში დაშავებულმა დიეგო ლუგანომ ერთი პედიოდი კიდევ ითამაშა, მაგრამ მოედანზე დარჩენა მაინც ვეღარ შეძლო და შესაცვლელი შეიქნა.
44. კევინ-პრინს ბოატენგმა "მაკრატელა" ააცილა.
45. პირველი ტაიმისთვის დამატებული მეორე წუთი იწურებოდა, როცა სალი მუნტარის არცთუ საშიშ შორეულ დარტყმაზე ფერნანდო მუსლერამ რეაქცია დააგვიანა - 0:1.
55. ფორლანმა ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ გოლი კინსგონის შეცდომით გავიდა - 1:1.
58. გიანის დარტყმა მუსლერამ მოიგერია.
63. ფორლანმა ჩააწოდა, სუარესმა ოდნავ ააცილა.
70. კინგსონმა სუარესის მიერ ახლო მანძილიდან ძლიერად შესრულებული დარტყმა მოიგერია.
78. ფორლანმა ჩააწოდა, სუარესის თავური კინგსონმა კუთხურზე მოიგერია.
82. შეცვლაზე შესულმა ნიკოლას ლოდეირომ კონტრშეტევისას თანაგუნდელებისთვის პასის მიცემა არ ინება და ბურთი მიზანს ააცილა.
108. ფორლანმა არაზუსტად დაარტყა.
112. ურუგვაის ნაკრების კარში კინაღამ ავტოგოლი გავიდა.
119. კევინ-პრინს ბოატენგმა თავური ააცილა.
120. სუარესმა მეკარის როლი ითამაშა და თავისი გუნდი გარდაუვალი გოლისგან ხელით იხსნა. დამსახურებული გაძევება და სამართლიანი პენალტი ურუგვაელთა კარში.
120. გიანის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი ხარიხას მოხვდა და მსაჯის საფინალო სასტვენიც იქვე გაისმა.

პენალტების სერია
1:0 ფორლანი, 1:1 გიანი, 2:1 ვიქტორინო, 2:2 აპია, 3:2 სკოტი, ჯონ მენსა (მეკარე) მ. პერეირამ (ააცილა), ადიია (მეკარე), 4:2 აბრეუ

განის ნაკრებს სულ ცოტა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა სრულიად აფრიკული ფეხბურთის სარეკორდო მიღწევამდე. გუშინ საღამოს მიმდინარე მუნდიალის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და განელთათვის ტრაგიკული მატჩი ვიხილეთ. ადამიანურად მართლაც უდიდეს თანაგრძნობას იმსახურებს "შავი ვარსკვლავების" ლიდერი, უმაღლესი დონის ფორვარდი ასამოა გიანი, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში თავისი გუნდისთვის არაერთი გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუშინ ისტორიული მნიშვნელობის საგოლე დარტყმა გაუცუდდა. თუმცა ასეთია ფეხბურთი, ასეთი შეცდომა იშვიათად თუ ეპატიება ფეხბურთელსა და მის გუნდს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მეტჩისშემდგომი პენალტების სერია ლატარიაა, ეს სერია, რომელიც გიანის მიერ გაფუჭებული თერთმეტმეტრიანს ეგრევე მოჰყვა, სრულიად კანონზომიერი შედეგით დასრულდა – არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ მორალურად გატეხილმა აფრიკელებმა კიდევ ორი პენალტი გააფუჭეს. (თუმცა გიანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რამდენიმე წუთის წინ განცდილი ტრაგედიის მიუხედავად,

იგი ნიშნულთან მაინც მივიდა და მეორე ცდაზე ზუსტად დაარტყა).
ასე რომ, განის ნაკრებმა ვერ გააუმჯობესა კამერუნისა და სენეგალის ეროვნული გუნდების მიღწევა და ვერ გახდა პირველი აფრიკული გუნდი, რომელიც მუნდიალის ნახევარფინალში გაღწევას შეძლებდა. თავის მხრივ, ურუგვაელებმა საუკეთესო სამუნდიალო შედეგი აჩვენეს 1970 წლის შემდეგ. მაშინ მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავეს და ამ შედეგის გაუმჯობესებისთვის იბრძოლებენ. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ურუგვაელები მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები არიან.

განა-ურუგვაის შეხვედრაში მხოლოდ ზემოთ ნახსენები ეპიზოდები არ ყოფილა საინტერესო. ყველაფერთან ერთად, ეს მატჩი უაღრესად შინაარსიანიც გამოდგა. თამაშის დებიუტი ურუგვაელთა უპირატესობით აღინიშნა, მაგრამ განელებმა პირველი ტაიმის დასკვნით ნაწილში თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესეს და ზედ შესვენების წინ სალი მუნტარის მიერ გატანილი გოლი სავსებით კანონზომიერი იყო. ამ უსიამოვნებასთან ერთად, ურუგვაელებს შეხვედრის პირველ ნახევარში კიდევ ერთი ცუდი ამბავი შეემთხვათ - კაპიტანი დიეგო ლუგანო დაკარგეს.

მეორე ტაიმის დებიუტიდანვე სამხრეთამერიკელებმა აქტიური თამაში შემოგვთავაზეს და დიეგო ფორლანმა ჩინებული საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. თუმცა მუნტარის გოლის მსგავსად, მეკარის შეცდომა აქაც აშკარა იყო.
მკითხველთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეს მატჩი ნანახი ექნება და ამიტომაც სხვა საინტერესო მომენტების აღწერით თას აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას ვიტყვით ხაზგასმით, რომ ორივე გუნდმა უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშა. ვერავინ იტყვის, რომ ურუგვაი ნახევარფინალში დაუმსახურებლად გავიდა, მაგრამ ეს პატივი განასაც არანაკლებ (იქნებ უფრო მეტადაც) ეკუთვნოდა. მილოვან რაევაცმა უდავოდ ძლიერი და სიმპათიური ფეხბურთის მოთამაშე გუნდი ჩამოაყალობა, რომელსაც ახალგაზრდების სიმრავლიდან გამომდინარე, დიდი მომავალი აქვს.

ასამოა გიანსა და სხვა განელებს ნეიტრალური ქომაგისგან მხოლოდ და მხოლოდ საქებარი სიტყვები ეკუთვნით, მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას კი პირველი მუნდიალის გამარჯვებული აგრძელებს, რომლის წევრებსაც მაღალ საშემსრულებლო ოსტატობასთან ერთად, მეტოქეზე მტკიცე ნერვები აღმოაჩნდათ. სხვებთან ერთად, გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ლუის სუარესს, რომლის გმირობა სავსებით მოსალოდნელი იყო, მაგრამ არამც და არამც ამგვარი. თუკი მერვედფინალში ურუგვაიმ მისი დუბლით გაიმარჯვა, ოსკარ ტაბარესის გუნდს ამჯერად სუარესის სამეკარეო ნიჭი წაადგა.   

საუკეთესო მოთამაშე
დიეგო ფორლანი (ურუგვაი)

სუარესის გმირობა უკვე ვახსენეთ, მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა ასამოა გიანმაც, თუმცა საუკეთესოდ დიეგო ფორლანს ვასახელებთ, რომელმაც დიდებული გოლის გარდა, თავი გუნდის ლიდერისთვის საჭირო ყველა თვისებითაც დაგვამახსოვრა.

მატჩის შემდეგ
ოსკარ ტაბარესი (ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "უბედნიერესი ვარ. იმის მიუხედავად, რომ საუკეთესოდ არ გვითამაშია, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავედით. ვამაყობ, რომ ასეთი მაღალი დონის და მტკიცე ფეხბურთელები მყავს. ჰოლანდიასთან მატჩშიც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ".








მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული