ლიოვი: ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული

AutoSharing Option

იოაჰიმ ლიოვი: "ფეხბურთი, რომელიც მეორე ტაიმში ვითამაშეთ, იყო ტოპკლასის. ჩემმა გუნდმა ჩემპიონური სულისკვეთება აჩვენა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასეთი სხვაობით მოვიგებდით. მატჩის წინ ფეხბურთელებთან ერთად ჩვენ ბევრ საკითხზე ვილაპარაკეთ და საოცარია, რომ ბიჭებმა თითქმის ყველა დავალება შეასრულეს. მეორე ტაიმში ჩვენ მოვახერხეთ რთული სიტუაციიდან გამოსვლა. ჩვენ ახლა მსოფლიოს ოთხ საუკეთესო გუნდში ვართ. მაგრამ ეს არის ის ადგილი, რაც გერმანიის ნაკრებს ისედაც ეკუთვნის, ახლა ჩვენი მიზანია, წავიდეთ უფრო შორს და დიდი საქმე გავაკეთოთ. ყველაფერი ჩვენს ხელთაა".

ბასტიან შვაინშტაიგერი: "დღეს განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ. მე
ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ჩვენ სუპერტაქტიკა გვაქვს. ჩვენი გუნდი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რათა მომდევნო ეტაპიც გადავლახოთ და ფინალში გავიდეთ. ნახეთ, რა მეტოქეები დავამარცხეთ - ინგლისი, არგენტინა... ჩვენ უკვე გავიარეთ გრძელი გზა. გერმანიის დღევანდელი ნაკრები საკმაოდ ახალგაზრდულია და ბევრ ფეხბურთელს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. მზად ვართ, ნახევარფინალში შევხვდეთ ესპანეთის ნაკრებს, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო გუნდის სტატუსი აქვს. ჩვენ პატივს ვცემთ ამ გუნდს, მაგრამ იმაშიც დარწმუნებულნი ვართ, რომ ნახევარფინალის გავლაც შეგვიძლია. დიახ, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა".

თომას მიულერი: "დაუჯერებელია, რაც დღეს მოხდა. როცა ამარცხებ არგენტინის ნაკრებს და თან ასეთი ანგარიშით, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. დღეს არ შეიძლება გამოყო ერთი რომელიმე ფეხბურთელი, დღეს ვარსკვლავი იყო მთელი გუნდი. თითოეული ჩვენგანი შესაძლებლობის ზღვარზე თამაშობს, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს დებს მოედანზე... იმედი მაქვს, ჩემი თანაგუნდელები (ორი გაფრთხილების გამო მიულერი ნახევარფინალში ვერ ითამაშებს - რედ) მომდევნო მატჩსაც საკადრის დონეზე ჩაატარებენ. მე კი, იქნებ, ფინალშიც მოვახერხო გოლის გატანა".

მიროსლავ კლოზე: "ისევე, როგორც ინგლისის ნაკრებთან, დღესაც ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ეს ერთი სიტყვით შეიძლება გამოვხატოთ - პატივისცემა! მე ვამაყობ ამ გუნდით, და ასევე გუნდით, რომელიც ამ ბიჭების ზურგს უკან დგას. გერმანიის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი ნამდვილი სენსაციაა. ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დავისახეთ - გავედით ნახევარფინალში და მოვხვდით პლანეტის ოთხ უძლიერეს გუნდს შორის. ახლა დარჩა პრემია"!

კარლოს ტევესი: "ასეთი მარცხი ნამდვილად დიდი დარტყმაა, რის გამოც ვგრძნობ მძიმე ტკივილს, მაგრამ რა ვუყოთ, ეს ფეხბურთია. ხანდახან ხდება ისეც, რომ რაღაც არ გამოგდის და მოლოდინი გიცრუვდება. ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა, რატომ წავაგეთ ასე... გერმანიის ნაკრები ტოტალურად დომინირებდა, ჩვენ კი ხეირიანად ვერც ვიმორჩილებდით ბურთს... მაგრამ მე ახლა ხელს არავისკენ ვიშვერ"...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული