დელ ბოსკე: გერმანიას ვაფასებთ, მაგრამ არ გვეშინია

AutoSharing Option

ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე აღიარებს, რომ მისმა გუნდმა ვერ ითამაშა კარგად პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, თუმცა მისთვის მთავარი ამ შეხვედრაში შედეგი იყო. ესპანეთის ნაკრებმა კი გამარჯვება მაინც შეძლო, გუნდი საუკეთესო ბომბარდირმა დავიდ ვილიამ იხსნა, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე პარაგვაის ნაკრების კარში ერთადერთი გოლი გაიტანა.
"ჩვენ ვერ ვითამაშეთ კარგად, რადგან სათანადოდ ვერ გავაკონტროლეთ ბურთი, როგორც ეს ჩვეულებრივ შეგვიძლია. ამაში დიდი წვლილი მეტოქეს მიუძღვის, რომელიც კარგად თამაშობდა ჩაშლაზე. მოკლედ, იმ საკითხში ვერ ვიყოჩაღეთ, რომელშიც ძლიერები ვართ. დღეისათვის, უმთავრესი

იყო დადებითი შედეგი, რომელსაც მივაღწიეთ. მართალია, კარგად არ გვითამაშია, თუმცა დასამახსოვრებელი ეპიზოდები მაინც გვქონდა პარაგვაისთან თამაშში. ფაქტია, გამარჯვებას მაინც ჩვენ ვიმსახურებდით და არა მეტოქე. ბედნიერები ვართ, რომ მიზანს მივაღწიეთ და ნახევარფინალში გავედით", - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.

" ახლა ესპანეთის ნაკრები მუნდიალზე ოთხ საუკეთესო გუნდთა შორისაა და ეს არის მთავარი. მეტოქე კი ძალიან სერიოზული გვყავს, გერმანიის ნაკრები, რომელიც მუნდიალზე საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში არასოდეს გასულა, ამიტომაც ეს უკვე დიდი მიღწევაა ესპანური ფეხბურთისათვის. ახლა მხოლოდ გერმანიასთან მატჩზე ვფიქრობთ. გერმანიას დიდებული გუნდი ჰყავს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ მეტოქეს, ჩვენ მისი არ გვეშინია. გერმანიის ნაკრებმა კი მართლაც საოცარი თამაში შემოგვთავაზა არგენტინასთან", - ამბობს ესპანელი სპეციალისტი - "შეცვლები ჩვენი თამაშის ნაკლოვანებების გამო გავაკეთე, პედროს შემოყვანა დროული იყო, რადგან თავდამსხმელებამდე ბურთი ვერ მიდიოდა ხეირიანად. მინდა ორი ფეხბურთელი გამოვყო ჩემი გუნდიდან: დავიდ ვილია და იკერ კასილასი. პირველზე არაფერს ვიტყვი და მეორემ ორი შესანიშნავი მოგერიებით აშკარა მარცხისაგან გვიხსნა".

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული