ფეხბურთელს შეუძლია, შუაღამითაც კი დამირეკოს

AutoSharing Option
ბერტ ვან მარვიიკმა ჰოლანდიის ნაკრები ორი წლის წინ ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით ნარინჯისფერებმა თვალშისაცემი პროგრესი განიცადეს. პირველად 1998 წლის შემდეგ, ჰოლანდიელებმა მუნდიალის ნახევარფინალს უწიეს და ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების შესანიშნავი შანსიც აქვთ. ვან მარვიიკს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი გაესაუბრა. ინტერვიუ რაღა თქმა უნდა, ბრაზილიელთა ძლევასა და ურუგვაელებთან მოახლოებულ ნახევარფინალს შეეხო.

- გილოცავთ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლას. როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვათ ბრაზილიასთან დაპირისპირებამ?
- ეს იყო მატჩი, რომელიც მის ყველა მონაწილეს სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება. ჩემმა გუნდმა საოცარი ხასიათი აჩვენა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დამაჯერებლად

სძლია. ვფიქრობ, ბევრი დარწმუნდა, რომ ჰოლანდიის ნაკრებს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. ჩემმა გუნდმა არადამაჯერებლად მხოლოდ შეხვედრის საწყის 20 წუთში ითამაშა, შემდეგ კი უკვე სრულად შევძელით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
- საინტერესოა, თავიდან რატომ არ წაგივიდათ თამაში?
- დაგვერღვა კოორდინაცია სათამაშო რგოლებს შორის და სწრაფი გოლიც ამიტომ მივიღეთ. თუმცა მალე ფეხბურთელთა შორის ურთიერთგაგება სრულად აღდგა, გავზარდეთ ტემპი და თამაში ჩვენთვის სასურველ კალაპოტში გადავიყვანეთ.
- ამაყობთ თქვენი ფეხბურთელებით?
- რა თქმა უნდა. უბედნიერესი ვარ, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. ბიჭებმა მებრძოლი ხასიათი და გამარჯვებულის მენტალიტეტი წარმოაჩინეს.
- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?
- ვარ ძალიან გახსნილი ადამიანი, ფეხბურთელს ნებისმიერ დროს შეუძლია მომმართოს და თავისი აზრი ან პრობლემა გამიზიაროს. მას შეუძლია, შუაღამითაც კი დამირეკოს და გამაღვიძოს. თუმცა ამავდროულად, მოთამაშეები არასოდეს კარგავენ ჩემდამი რიდსა და პატივისცემას. ჩემი აზრით, წარმატების უმთავრესი გასაღები გულახდილ ურთიერთობაშია.
- თქვენს მომავალ მეტოქე ურუგვაის კარგად იცნობთ?
- ამ გუნდის არაერთი მატჩი მაქვს ნანახი და მის ფეხბურთელებზეც სრულყოფილ ინფორმაციას ვფლობ. უდავოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ძალიან საშიში მოწინააღმდეგე გვეყოლება. ურუგვაის ნაკრებს უდიდესი პროგრესი აქვს, რაც მწვრთნელის დამსახურებაცაა და ძლიერი ახალი თაობისაც. ასე რომ, მხოლოდ ბრაზილიის დამარცხება ბევრს არაფერს ნიშნავს, შემდეგი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადასადგმელად ვემზადებით. არავის ეგონოს, რომ ურუგვაელები მხოლოდ ნახევარფინალში გასვლით აპირებენ დაკმაყოფილებას.
- ჰოლანდიის ნაკრების წევრებს შორის ზედმეტი ეიფორია ხომ არ სუფევს?
- არა, რადგან ჩემმა ფეხბურთელებმა ევროპის წინა ჩემპიონატზე მწარე გამოცდილება მიიღეს. მაშინ ხომ ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფში იტალია და საფრანგეთი დამაჯერებლად დაამარცხა და ყველას ეგონა, რომ ევროპის ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ გუნდი მეოთხედფინალსაც ვერ გასცდა. ასე რომ, გამარჯვების წინასწარ ზეიმს ნამდვილად არ ვაპირებთ.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული