ყველა დროის საუკეთესო ბუნდესგუნდი?

AutoSharing Option
საუკეთესო ბუნდესგუნდებს ყოველთვის ჰქონდათ და ჰყავდათ სავიზიტო ბარათები. გერმანიის დღევანდელი ნაკრებისგან კი კონკრეტულს ვერავის გამოვყოფთ. ამ ბუნდესნაკრების წარმატებას ერთი ან ორი კი არა, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. თანაც, ეს მიზეზები მუნდიალის დაწყებამდე საერთოდ არ ჩანდა. ექსპერტები უკვე ალაპარაკდნენ ყველა დროის საუკეთესო ბუნდესნაკრებზე. არის თუ არა იოახიმ ლიოვის გუნდი უფრო უკეთესი, ვიდრე ბეკენბაუერისა და კომპანიის ბუნდესნაკრები იყო 70-იანებში?

საკმარისია, გერმანიის დღევანდელ ნაკრებზე ფიქრი დავიწყოთ, რომ მაშინვე გაურკვევლობაში აღმოვჩნდებით, ან მინიმუმ დავიბნევით. გერმანიის ყველა დროის საუკეთესო ნაკრებად 70-იანი წლების დასაწყისის ბუნდესგუნდია აღიარებული,
რომელმაც პირველად 1972 წელს გაიბრწყინა. მაშინ, ევროპის ჩემპიონებისგან საუკუნის გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც ორი წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ამრიგად, 1972 წელი გერმანიისთვის მაგიური წელიწადი იყო. ზეპ მაიერი, ფრანც ბეკენბაუერი, პაულ ბრაიტნერი, ვოლფგანგ ოვერატი, გიუნტერ ნეტცერი, გერდ მიულერი - ყველა დროის ყველაზე ლამაზ და წარმატებულ ფეხბურთს ამ ფეხბურთელებისგან შემდგარი ბუნდესგუნდი თამაშობდა. მას მერე, გერმანიას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ზედიზედ აღარც მოუგია.

დღევანდელ გერმანიას ნამდვილად აქვს იმის შანსი, რომ 70-იანი წლების გმირების გზა გაიმეოროს და ბევრის აზრით, ეს უკვე ყველა დროის საუკეთესო გერმანიაა. პირდაპირ ვთქვათ, გერმანიის ნაკრები მთელ მსოფლიოს ასე ძალიან არასდროს უქია. მოკლედ, დისკუსია დაწყებულია და მინიმუმ ესპანეთთან ნახევარფინალურ მატჩამდე აღარც შეწყდება. ამასთან, დღევანდელი ბუნდესგუნდი არა მარტო 70-იანი წლების პირველი ნახევრის გერმანიას, არამედ 1990 წლისა (მსოფლიოს ჩემპიონები) და 1996 (ევროპის ჩემპიონები) წლის ბუნდესნაკრებებსაც უნდა შევადაროთ.

ბეკენბაუერის დროინდელი გერმანია არსებობის ისტორიაში ყველაზე უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა (თუ არ ჩავთვლით დრევანდელ ნაკრებს); 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი, რომელიც ლოთარ მათეუსის გარეშემო იყო აწყობილი, უაღრესად დინამიკური იყო; ბერტი ფოგთსის ფორმაციის გერმანია, რომელიც 1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, უდიდესი მონდომებითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა. იოახიმ ლიოვის გერმანიას კი ყველაფერი აქვს, ყველაფერი ერთად!

ახალი სისტემა, ახალი ტაქტიკა

დღევანდელი ბუნდესგუნდი უაღრესად შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ლიოვის გუნდის უპირველესი ამოცანა შეტევაა, ოღონდ, არა დაცვითი სამუშაოების დავიწყების ხარჯზე. ლიოვმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ანუ, ბოლო ორ წელიწადში, ფეხბურთელების ისეთი შემადგენლობა შეარჩია, რომელთა უმრავლესობას საუკეთესო სეზონი ნამდვილად არ ჩაუტარებია, სამაგიეროდ, თითოეული მათგანი იდეალურად ჯდება ბუნდესმწვრთნელის კონცეფციაში. ეს ფეხბურთელები ქმნიან კოლექტივს, რომლისთვისაც გადაულახავი ზღუდე ჯერჯერობით არ არსებობს. ამისათვის მუნდიალამდე ლიოვს მაგრად აკრიტიკებდნენ, მაგრამ მას მერე, რაც ბუნდესგუნდმა ჯგუფური ეტაპი გადალახა, ყველა კრიტიკოსი დადუმდა. ხოლო ინგლისისა და არგენტინის განადგურების შემდეგ კი, ყველა კრიტიკოსი იძულებული გახდა, ლიოვი და მისი კონცეფცია ქებით ცამდე აეყვანა.

ორი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე ბუნდესგუნდი 4-4-2 ტაქტიკური სქემით თამაშობდა - ორი ჩამშლელი ნახევარმცველით, ორი გარემარბით და ორი ცენტრფორვარდით. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ლიოვი 4-5-1-ზე გადაერთო, სადაც სამი საყრდენი ნახევარმცველი თამაშობდა, საბოლოო ჯამში კი 4-2-3-1 სქემაზე ჩამოყალიბდა, ორი საყრდენით და ფლეიმეიქერით. ეს სქემა კი გაცილებით შემტევია, ვიდრე 4-5-1.

ლიოვი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, 4-4-2-ს დაუბრუნდეს ხოლმე, ოღონდ ეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება. ფაქტია, რომ ამ მუნდიალზე გერმანია 4-4-2-ს აღარ ითამაშებს, რადგან ამჟამინდელმა სქემამ ბუნდესგუნდს უკვე მოუტანა გრანდიოზული წარმატებები. თანაც, 4-2-3-1 ძალიან კრეატიული, ვარირებადი სქემაა, რომელიც მეტოქე გუნდის ნებისმიერ სქემას იოლად ერგება, თუკი ფეხბურთელები და განსაკუთრებით ფლანგის ნახევარმცველები ამის საშუალებას იძლევიან.

"ტაქტიკა, რომლითაც ვთამაშობთ, 4 დეკემბრის, ანუ მუნდიალის წილისყრის შემდეგ უკვე გადაწყვეტილი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონობის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებდით. დრო, როცა გუნდები ასეთ დიდ ტიტულებს დაცვითი, მომლოდინე სტრატეგიით იგებდნენ, როგორც ეს იტალიამ 2006 წელს გააკეთა, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა," - აცხადებს ლიოვი.

იოგიმ მოედნის დაფა 18 ოთხკუთხედად დაყო, რათა ფეხბურთელებს თავიანთი ზონების დანახვა/დამახსოვრება გაუადვილდეთ. ლიოვი: "ეს ოთხკუთხედები აუცილებელია იმისათვის, რომ ტაქტიკური დისციპლინა შედგეს, გუნდმა გამართული ფეხბურთი ითამაშოს და მოთამაშეებმა თავიანთი დავალებები ზედმიწევნით ზუსტად შეასრულონ. აუცილებელია იმისთვისაც, რომ ფეხბურთელი არ ფიქრობდეს, ყველგან შემიძლია სირბილიო. სქემაზე ოთხუთხედების უმრავლესობა ყოველთვის დაკავებული უნდა იყოს რომელიმე ფეხბურთელით - თუ იმ პოზიციის მოთამაშე იქ არ არის, სხვამ უნდა დააზღვიოს და ა.შ."

ლიოვის დაფაზე ისიც ჩანს, რომ მთელი გუნდი მუდმივ მოძრაობაში უნდა იყოს. პოდოლსკისთვის და მიულერისთვის მინიმუმ სამ-სამი ოთხკუთხედია გამოყოფილი, გამთამაშებელ იოზილის ოთხკუთხედები შუა ხაზსა და მეტოქის საჯარიმოშია, შვაინშტაიგერმა კი საკუთარ საჯარიმოსა და შუა ხაზს შორის სივრცეები უნდა აკონტროლოს და ა.შ. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ლიოვის სქემაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

"როცა ბურთი გათამაშებულია, ამით ფეხბურთელის მოქმედება არ მთავრდება. მან უნდა იმოძრაოს და ბურთი კიდევ უნდა მოითხოვოს. თამაში ასე უფრო ტალღოვანი და დინამიკური ხდება. ვიცოდი, რომ იოზილს, პოდოლსკის, მიულერს და კროოსს ასეთი ფეხბურთის თამაში შეეძლოთ და ვუთხარი კიდეც, თუ არ იმოძრავებთ, კანადის ნაკრებსაც ვერ მოიგებთ-მეთქი. მოკლედ, ჩემმა გუნდმა მარტივი, მაგრამ წარმატებული ფეხბურთის თამაში ისწავლა", - ამბობს ლიოვი.

შეტევა

გერმანიის ნაკრები ასეთ შემტევ ფეხბურთს იურგენ კლინსმანის მწვრთნელობის ხანიდან მოყოლებული თამაშობს. კლინსი კი, ბუნდესმწვრთნელად ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაინიშნა. ლიოვმა კი, 2006 წლიდან, კლინსმანისეული ფილოსოფია ტაქტიკურ ჩარჩოებში მოაქცია და კიდევ უფრო დისციპლინირებული გახადა. თუ გახსოვთ, კლინსმანს თავიდან თვითონ ფეხბურთელებიც კი აკრიტიკებდნენ, გერმანიის ნაკრები ასეთ შემტევ ფეხბურთს არ უნდა თამაშობდესო.
ლიოვის ფორმაციის გერმანია ყოველგვარი ზედმეტი პასების, ნერვიულობის გარეშე, სხვადასხვა ვარიაციებითა და კრეატიულად უტევს. ფეხბურთს ფეხებით თამაშობენ, მაგრამ ტვინის გარეშე ვერავინ ვერაფერს მოიგებსო, ამბობს "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი და ფაქტია, რომ გასულ სეზონში ლიოვმა ჰოლანდიელი სპეციალისტისგანაც არაერთი მაგალითი აიღო. გერმანიის ნაკრებმა მუნდიალზე ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, აქედან, სამჯერ ოთხ-ოთხი ერთ თამაშში. ამ მხრივ, დღევანდელ ბუნდესგუნდს კონკურენციას მხოლოდ 70-იანი წლების გერმანია თუ გაუწევს. სხვა დროს კი, ბუნდესნაკრები არასდროს არ თამაშობდა ისეთ შემტევ ფეხბურთს, როგორსაც ამ მუნდიალზე აჩვენებს.

ჰარმონია გუნდში

როცა გაირკვა, რომ მიხაელ ბალაკი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა, ბუნდესგუნდში იერარქიული ვაკუუმი შეიქმნა და საფეხბურთო გერმანიაც საგონებელში ჩავარდა, რადგან ბალაკი არსებულ იერარქიას სათავეში 8 წლის განმავლობაში ედგა. კაპიტნის სამკლავური მალევე ჩაბარდა ახალ პატრონს და მუნდიალის პირველივე შეხვედრაში გამოჩნდა ისიც, რომ გერმანიის ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი არც ისე ძალიან სჭირდება, როგორც ივარაუდებოდა. ხუთი "ნახევრად" ლიდერი (ლამი, შვაინშტაიგერი, კლოზე, მერტეზაკერი, ფრიდრიხი) საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ იერარქია შემდგარიყო. ეს ხუთეული კი თავის მხრივ დემოკრატიის მომხრეა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს ახლა უფრო მეტი ეთქმით, ვიდრე ადრე ეთქმოდათ. შესაბამისად, დღეს გერმანიის ნაკრებში სრული ჰარმონიაა.

სამწვრთნელო შტაბი

იოახიმ ლიოვმა ევროპის 2008 ჩემპიონატის შემდეგ არაერთ სიძნელეს გაუძლო. თავიდან იყო ჩხუბი ბალაკთან და ტორსტენ ფრინგსთან, მერე კევინ კურანის გუნდიდან მოკვეთა, კონფლიქტი გერმანიის საფეხბურთო ლიგასთან, კრიტიკა სხვადასხვა ფეხბურთელების უგულებელყოფის გამო და ბოლოს, ზედ მუნდიალის წინ, ჩაშლილი მოლაპარაკებები გერმანიის საფეხბურთო კავშირთან, კონტრაქტის გაგრძელების შესახებ. მიუხედავად ყველაფრისა, ლიოვმა ყველა საკითხში თავისი გაიტანა და გზას არ გადაუხვია.
ბუნდესგუნდის ფეხბურთელები შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში არიან, რაც ვარჯიშების კონცეფციისა და ფიტნეს-მწვრთნელის დამსახურებაა. ამ ყველაფერს ემატება შეფ-სკაუტ ურს ზიგენტჰალერის ანალიზები, რაც მიზნად ისახავს მომავალი მეტოქეების დეტალურად შესწავლას და მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეების ანალიზს. აღსანიშნავია, რომ ბუნდესგუნდს არცერთ დიდ ტურნირზე არ ჰყოლია ამდენი მუშაკით დაკომპლექტებული სამწვრთნელო შტაბი.

ფეხბურთელები

ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ბასტიან შვაინშტაიგერს იდეალური შანსი აქვს, გახდეს მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. ბალაკის არყოფნაში, შვაინიმ თავის თავზე პასუხისმგებლობა აიღო და თამამად ვიტყვით, არცერთ სხვა გუნდში არ ჩანს ისეთი მამოძრავებელი ფიგურა, როგორიც შვაინშტაიგერია ბუნდესგუნდში. ბასტიანი გაცილებით მეტია ბუნდესგუნდისთვის, ვიდრე ჩავი ესპანეთისთვის, ჯერარდი ინგლისისთვის, მესი არგენტინისთვის და კაკა ბრაზილიისთვის.
შვაინშტაიგერთან ერთად, გამორჩეულები არიან ახალგაზრდები, მესუთ იოზილი და თომას მიულერი. პირველს "ვერდერში" არცთუ სახარბიელო სეზონი ჰქონდა, მიულერი კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი წელია, რაც პროფესიონალებში თამაშობს და ერთი წლის წინ "ბაიერნის" მწვრთნელად ვან გაალი რომ არ დანიშნულიყო, რომელმაც მიულერი პირველ გუნდში გადაიყვანა, კაცმა არ იცის, ვიხილავდით თუ არა მიულერს მუნდიალზე. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ან მიულერს დაასახელებენ, ანაც იოზილს - გამოკითხვების მიხედვით, მიულერი ლიდერობს, რომელიც დიდი უპირატესობით უსწრებს იოზილს. მესამე ადგილზე განელი აიევია, მეოთხეზე ურუგვაელი სუარესი, მეხუთეზე კი მექსიკელი დოს სანტოსი.

პერსპექტივა

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე, ლიოვმა მეტწილად სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა და ისე გამოუვიდა, რომ თითქოს ამ ახალგაზრდა გუნდს რეალური პერსპექტივა 2012 წლიდან უნდა ჰქონოდა. კრიტიკოსებმა კი მაშინვე იფიქრეს, რომ იოგი იმთავითვე იმზადებდა ალიბის. დღეს კი გერმანია ნახევარფინალშია და ინგლისთან და არგენტინასთან მატჩებში ისე იასპარეზა, რომ უკვე მუნდიალის უპირველეს ფავორიტად რაცხავენ. ანუ, ამ ახალგაზრდულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონობის იდეალური შანსი აქვს. 76 წელია, გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი ახალგაზრდული გუნდი არ ჰყოლია, რაც პირველ რიგში უდიდეს პერსპექტივაზე მეტყველებს, მაგრამ რატომ ხვალ, როცა შეიძლება დღეს?
ერთადერთი რამ, რითაც დღევანდელი ბუნდესგუნდი ზემოთ ნახსენებ "დიდ ბუნდესგუნდებს" ჩამოუვარდება, არის ის, რომ ამ გუნდს ჯერ არაფერი მოუგია. და როგორც იცით, იმისათვის, რომ ნიჭიერი გუნდი დიდ გუნდად მოინათლოს, ტიტულ(ებ)ია საჭირო...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული