ტრადიციული გუნდების მოულოდნელი შეხვედრა

AutoSharing Option
6 ივლისი. კეიპ ტაუნი. გრინ პოინტ სთედიუმი. 22:30
ურუგვაი-ჰოლანდია
სავარაუდო შემადგენლობები
ურუგვაი: მუსლერა - მასიმილიანო პერეირა, სკოტი, ვიქტორინო, ალვარო პერეირა - ფერნანდესი, არევალო, პერესი - კავანი, აბრეუ - ფორლანი.
ჰოლანდია: სტეკელენბურგი - ბულარუზი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი - ვან ბომელი, დე ზეუვი - კუიტი, სნეიდერი, რობენი - ვან პერსი.
არბიტრი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა თუ ერთ-ერთ ნახევარფინალურ წყვილს ჰოლანდიისა და ურუგვაის ნაკრებები შეადგენდნენ. არც "ნარინჯისფრები" ითვლებოდნენ ტურნირის ფავორიტებად და მით უმეტეს, არც სამხრეთამერიკელები. თუმცა, ფაქტი
სახეზეა და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ფეხბურთში საერთო დონე გათანაბრდა. ამასთან, ძალიან კარგია, რომ საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნებზე ვსაუბრობთ, სადაც ძალიან დიდ ხანს ელოდნენ ასეთ წარმატებას. ჰოლანდიას აქვს შანსი პირველად გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი და კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა იყოს ერთხელ მაინც ეს მართლაც რომ საფეხბურთო ქვეყანა მუნდიალის გამარჯვებული? - თუ მაგალითად, 2002 წელს სამხრეთ კორეის ნაკრების ლამის ფინალამდე მისვლა ფეხბურთის კონსერვატორ გულშემატკივრებს მაინც და მაინც არ ესიამოვნათ, ამ შემთხვევაში სანერვიულო არაფერია.

ჰოლანდია ორჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და ნამდვილად არ იქნება პარადოქსი თუ თასსაც დაეუფლება. აი რაც შეეხება ოსკარ ტაბარესის გუნდს - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურუგვაი დაბრუნდა. დიახ, ქვეყანა, რომელიც 1930 და 1950 წლებში ორჯერ დაეუფლა მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სტატუსს, კვლავ გრანდთა შორის გაერია და ერთი ნაბიჯი აშორებს ფინალამდე. ერთი სიტყვით, მართალია ასეთ ნახევარფინალს ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ მეორე მხრივ, ტრადიციული გუნდების დაპირისპირების მოლოდინში ვართ.

საკადრო პრობლემები ორივე ნაკრებს აქვს და თავდაპირველად ჰოლანდიელთა შესახებ ვთქვათ: ბერტ ვან მარვიიკი ორ ფეხბურთელს მოისაკლისებს: ნაიჯელ დე იონგს და გრეგორიო ვან დერ ვილს. ორივე მათგანს დისკვალიფიკაცია აქვს და მატჩის ყურება ტრიბუნებიდან მოუწევთ. ვან დერ ვილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ირჯებოდა და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ხალიდ ბულარუზს უნდა ველოდოთ. სწორედ ის გამოცადა ვან მარვიიკმა მარჯვენა ფრთაზე, როდესაც ჰოლანდიის ნაკრები ჯგუფური ეტყაპის უკანასკნელ მატჩს მართავდა. როგორც ჩანს, გულმა უგრძნო, რომ სადღაც კიდევ გამოადგებოდა ბულაჰრუზი და მას ასე საჭირო სათამაშო პრაქტიკა მისცა. დე იონგის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში დემი დე ზეუვი იასპარეზებს, რომელიც ვან მარვიიკის დიდი ნდობით სარგებლობს.

პრესაში არიენ რობენის ტრავმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რამაც მთელი ჰოლანდია შოკში ჩააგდო. თუმცა, მოგვიანებით ცნობა "ნარინჯისფერთა" მთავარმა ექიმმა უარყო. შესაბამისად, არიენი ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება და წესით, ვესლი სნეიდერს და დირკ კუიტს უნდა დაუმშვენოს გვერდი. მცირე ტრავმა ბრაზილიასთან პაექრობაში რობინ ვან პერსიმაც მიიღო, თუმცა მალევე მომჯობინდა და წესით, ურუგვაის უმთავრეს გუნდს პირველივე წუთებიდან უნდა შეერკინოს. სწორედ ვან პერსიმ გააკეთა წინასამატჩო კომენტარი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"თუ ჩავთვლით, რომ უკვე ფინალში ვართ, აუცილებლად დავისჯებით. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ პრობლემები საკუთარ თავს და თუ ამას არ დავუშვებთ, წარმატება არ დაახანებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ურუგვაისთან თამაში არანაკლებ რთული იქნება, ვიდრე იგივე ბრაზილიელებთან. მეტოქე ბურთს შესანიშნავად აკონტროლებს და მთელი შეხვედრის განმავლობაში მაღალი ტემპი უჭირავს. დაბალანსებული გუნდია და თანაბრად ძლიერია როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. ასე რომ, იოლი გასეირნება ნამდვილად არ გველის. ფორლანი? – თუ მხოლოდ მასზე მოვახდენთ კონცენტრაციას, აუცილებლად ისარგებლებენ ამით და სწორედ ის დაგვსჯის, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი ხიფათს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, ამასთან, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და წარმატება აუცილებლად მოვა".

ვან მარვიიკი რომ ტრადიციულ ტაქტიკას აირჩევს და გუნდს 4-2-3-1 სქემით განალაგებს, ცხადზე ცხადია. ამ ტაქტიკას ჰოლანდია ძალიან კარგად მოერგო, თითქმის ყველა რგოლი ძალიან კარგად გამოუყურება და შედეგიც სახეზეა. ერთადერთი, ვისი მისამართითაც კრიტიკა კვლავ ისმის, ვან პერსი გახლავთ. თუმცა, ვან მარვიიკი "არსენალის" შემტევს სრულ ნდობას უცხადებს. ეს უკანასკნელიც მუდამ იმას აღნიშნავს, ბერტი მენდობაო და მწვრთნელისგან შეგულიანებული, ჟურნალისტებთან თითქმის ყოველდღიურად ურთიერთობს.

საკადრო პრობლემებით დავიწყოთ ურუგვაის ნაკრებზე საუბარი. ოსკარ ტაბარესს მინიმუმ სამი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა: ერთი ხორხე ფუსილე გახლავთ, მეორე ლუის სუარესი, მესამე კი ნიკოლას ლოდეირო. პირველ ორს დისკვალიფიკაცია აქვს, ლოდეირომ კი ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა. ურუგვაელთა მთავარი თავსატეხი მაინც სუარესის ტრავმაა, რომელიც თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მიმდინარე მუნდიალის მთავარ აღმოჩენად. მის გარეშე, ურუგვაელებს შეტევაში აშკარად გაუჭირდებათ და კიდევ უფრო დიდი ტვირთი დააწვება დიეგო ფორლანს, რომელიც ისედაც გუნდის სული და გულია.

ტაბარესი 4-3-2-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ფორლანს გაამწესებს. თუმცა, აქვე აღვნიშნოთ, რომ დიეგო მხოლოდ ცენტრფორვარდის ფუნქციების შესრულებით არ შემოიფარგლება. ხშირად შედის სიღრმეში და მოედნის შუაგულიდან იწყებს იერიშებს. ფლანგებიდან მას სებასტიან აბრეუ და ედისონ კავანი დაეხმარებიან. სწორედ მათ უნდა შეძლონ და ფორლანთან ერთად, სუარესის დანაკლისი შეავსონ. დიდი ჯაფა დაადგებათ ნახევარმცველებს, რადგან როგორც უკვე არაერთხელ გამოჩნდა, ჰოლანდიის მთავარი კოზირი ძლიერი შუახაზია. ვესლი სნეიდერის წინააღმდეგ სამხრეთამერიკელებს განსაკუთრებული ყურადღებით მართმებთ თამაში, რადგან "ინტერისტას" ნებისმიერ წუთს შეუძლია აუღებელი დარტყმის განხორციელება.

თუ აქამდე, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიენ რობენი იყო, დღეს უფრო ხშირად სწორედ სნეიდერზე საუბრობენ. ტაბარესის თქმით, პერსონალურად არც ერთი მეურვის აყვანას არ აპირებს, მათ შორის არც რობენის. აქვე ვთქვათ, რომ რობენს გალაღების ძალიან კარგი შესაძლებლობა ეძლევა - საქმე იმაშია, რომ ურუგვაელებს მარცხენა მცველი ფუსილე აკლიათ და ამ პოზიციაზე, სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელის გამწესება მოუწევთ. მოვუსმინოთ ტაბარესს, რომელიც საინტერესო კომენტარს აკეთებს:

"ბევრჯერ მსმენია იმის შესახებ, რომ მწვრთნელები შეგირდებს მხოლოდ თამაშზე კონცენტრაციისკენ მოუწოდებენ, რათა ის წნეხი აიცილონ თავიდან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე განუზომლად დიდია. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში სხვაგვარად არის საქმე - მინდა, რომ ბოლომდე გაიაზრონ ჩემმა შეგირდებმა რა ახლოს არიან იმ დიდ მიზანთან, რომელიც ასე შორს გვეჩვენებოდა. ისინი უკვე შევიდნენ ისტორიაში, თუმცა შეუძლიათ კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ და სამშობლოში გმირებად დაბრუნდნენ. გაგვიმართლა თუ არა განასთან შეხვედრაში? - გამართლების გარეშე ფეხბურთში ერთ შეხვედრასაც ვერ მოიგებ, ასე რომ, აფრიკელთა მიერ გაცუდებული თერთმეტმეტრიანი ოდნავადაც არ ბღალავს ჩვენს წარმატებას. რაც შეეხება ჰოლანდიის ნაკრებს, ევროპელები ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ და მათი მთავარი კოზირი სწორედ ამაშია. ჩვენი ფეხბურთი უნდა მოვახვიოთ მეტოქეს თავს და პირველი ნომრიდან ვითამაშოთ".

ტაბარესი ამბობს, პირველი ნომრიდან უნდა ვითამაშოთო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არც მთლად მასე იქნება საქმე. წინასწარი ვარაუდით, ურუგვაი პრიორიტეტად საკუთარი კარის უსაფრთხოებას დაისახავს და კონტრშეტევებზე შეეცდება მეტოქის კართან ხიფათის შექმნას. შესაბამისად, ძალიან დიდი როლი დაეკისრებათ გარემარბებს, რომლებიც ძალიან სწრაფად უნდა გადავიდნენ დაცვიდან შეტევაში. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის და ვნახოთ, ვინ გახდება პირველი ფინალისტი.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული