32 წლის შემდეგ...

AutoSharing Option
6 ივლისი. კეიპ ტაუნი. გრინ პოინტ სტადიუმი. 62 419 მაყურებელი
ურუგვაი-ჰოლანდია 2:3
ურუგვაი (4-4-2)
: მუსლერა - მაქსიმილიანო პერეირა, გოდინი, ვიქტორინო, კასერესი - ალვარო პერეირა (78. აბრეუ), არევალო, პერესი, გარგანო - კავანი, ფორლანი.
ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ბულარუზი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი - ვან ბომელი, დე ზეუვი (46. ვან დერ ვაარტი) - კუიტი, სნეიდერი, რობენი (90. ელია) - ვან პერსი.
გოლები: 0:1 ვან ბრონკჰორსტი (18), 1:1 ფორლანი (41), 1:2 სნეიდერი (70), 1:3 რობენი (73), 2:3 მაქსიმილიანო პერეირა (90)
გაფრთხილება: მაქსიმილიანო პერეირა (22),
კასერესი (29), სნეიდერი (29), ბულარუზი (78), ვან ბომელი (90)
მატჩი დაიწყო: ურუგვაი; დარტყმა: 9(6)-10(6); ჯარიმა: 13-16; კუთხური: 4-5; ბურთის ფლობა: 46%-54%.
არბიტრი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

საინტერესო მომენტები

5' - არიენ რობენმა მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდა, ფერნანდო მუსლერამ ცუდად მოიგერია ბურთი, თუმცა დამატებაზე დირკ კუიტმა ითამაშა და არაზუსტად დაარტყა.
18' - ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი მეტოქის ნახევარზე გადავიდა და ბურთიც მიიღო, აწია თავი და დაახლოებით 35 მეტრიდან მუსლერას კარის ცხრიანი დალაშქრა - 0:1.
35' - ალვარო პარეირამ დაარტყა შორი დისტანციიდან და სტეკელენბურგი დაეუფლა ბურთს.
40' - კუიტმა ბურთი მარცხენა ფრთაზე მიიღო, ცენტრისკენ დაიძრა და დაარტყა კიდეც, თუმცა ურუგვაელთა კიპერი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.
41' - დიეგო ფორლანმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, შემოტრიალდა და დაახლოებით 25 მეტრიდან დაუბათქუნა - სტეკელენბურგმა ხელი წაარტყა ბურთს, მაგრამ ამაოდ - 1:1.
43' - ფორლანმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ჰოლანდიელთა კიპერი დაეუფლა ბურთს.
51' - ჰოლანდიელი მცველების შეცდომის შედეგად, ედისონ კავანი დაეუფლა ბურთს, მეკარესთან პრაქტიკულად პირისპირ დარჩა, თუმცა სტეკელენბურგმა დროულად დატოვა კარი და აიძულა ურუგვაელი პასი გაეკეთებინა - ალვარო პერეირას დარტყმული კი ცარიელი კარიდან ვან ბრონკჰორსტმა გამოიტანა.
67' - ფორლანმა დაარტყა საჯარიმო, გადაატარა ბურთი ცოცხალ კედელს, თუმცა სტეკელენბურგმა ითამაშა კარგად.
69' - რობინ ვან პერსიმ მიიღო ბურთი ურუგვაელთა საჯარიმოში, ბრწყინვალე გადაცემით მოძებნა რაფაელ ვან დერ ვაარტი, ამ უკანასკნელმა დაარტყა, თუმცა კიპერი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.
71' - ვესლი სნეიდერმა მიიღო ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან: არც თუ ისე ძლიერად, თუმცა ზუსტად დაარტყა და შეაგორა ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში - 1:2.
73' - კუიტმა მიიღო ბურთი მარცხენა ფლანგზე, არიენ რობენს ჩააწოდა, რომელმაც თავური დარტყმით დალაშქრა მუსლერას კარი - 1:3.
86' - ვან პერსის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისირ რობენი გავიდა, თუმცა ძალიან ცუდად დაარტყა.
90' - ურუგვაელებმა საჯარიმო ორიგონალურად გაითამაშეს, მაქსიმილიანო პერეირამ მარცხენა ფეხით შესანიშნავად დაარტყა და ერთი ბურთი გაქვითა - 2:3.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვიხილეთ ულამაზესი გოლები, ბრძოლა, მაღალი ტემპი და დრამატიზმი. განსაკუთრებულად საინტერესო შეხვედრის უკანასკნელი წუთები გამოდგა, როდესაც ურუგვაელებმა ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს და მთელი ძალებით შეუტიეს მეტოქეს. ჰქონდათ კიდეც გატანის შანსი, თუმცა ჰოლანდიელმა მცველებმა ითამაშეს თავგანწირულად და ბერტ ვან მარვიიკის გუნდმა ფინალის საგზური მოიპოვა. ბოლო წუთებმა და ურუგვაელთა შტურმმა, ერთი მხრივ ამ გუნდის პრესტიჟი აწია კიდევ უფრო მაღლა და მეორე მხრივ, ჰოლანდიელთა მატჩისშემდგომი სიხარული გააძლიერა.

ოსკარ ტაბარესმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გუნდი 4-4-2 ტაქტიკით ათამაშა. შეტევის წინა ხაზზე დიეგო ფორლანთან ერთად, ედისონ კავანი გაამწესა. თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ლუის სუარესის არყოფნა ურუგვაის ძალიან დაეტყო, სამხრეთამერიკელთა შეტევები თითქოს გაღარიბდა და მთლიანად, ფორლანის ოსტატობის იმედად დარჩა. ამ უკანასკნელმა თავისი საქმე გააკეთა და შესანიშნავი გოლი გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სადაც ფორლანის დიდებულ გოლზე ვთქვით, აქვე აღვნიშნოთ, რომ კიდევ უფრო ეფექტური გოლი გაიტანა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა, რომელმაც დაახლოებით 35 მეტრიდან დალაშქრა ფერნანდო მუსლერას კარი.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ვესლი სნეიდერმა. "ინტერისტამ" კიდევ ერთხელ გაიტანა უმნიშვნელოვანესი და შეიძლება თამამად ითქვას, გარდამტეხი გოლი. სწორედ მან დააწინაურა ჰოლანდია მეორეჯერ და თანაც ისეთ დროს, როდესაც ტერიტორიულ, სათამაშო და ფსიქოლოგიურ უპირატესობას ურუგვაელები ფლობდნენ - იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ანგარიში გაათანაბრეს და ფრთები შეესხათ.

სნეიდერის გოლზე კი ნამდვილად ღირს შეჩერება, რადგან ის ეპიზოდი ჰოლანდიელთა მთავარი კოზირი ნათელი დემონსტრირება გახლდათ. ევროპელებმა მოედნის შუაგულში ძალიან სწრაფად გაათამაშეს ბურთი, გაშალეს თამაში და მეტოქე გუნდში აშკარა არეულობა შეიტანეს - შეტევის ტემპს ვერც მუსლერა აჰყვა და თითქოს ნახტომიც დააგვიანა. შესაძლოა, ბევრს მოეჩვენა, რომ იქ ოფსაიდი იყო, თუმცა ვფიქრობთ, ლაინსმენმა აბსოლუტურად სწორი გადაეყვეტილება მიიღო.

ჰოლანდიელებმა მესამე გოლიც ტრადიციულ სტილში გაიტანეს - სწრაფად გადაიტანეს თამაში მარჯვნიდან მარცხენა ფრთაზე, სადაც ბურთს დირკ კუიტი დაეუფლა - ძალიან კარგად ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც არიენ რობენმა ითამაშა შესანიშნავად და თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. ამ გოლმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჰოლანდიელთა მთავარი კოზირი მობილური ნახევარდაცვაა, რომელიც თანაბარი წარმატებით თამაშობს როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. ამასთან, ვიხილეთ ბურთის კონტროლის ძალიან მაღალი ხარისხი. ანუ, გამოდის რომ ჰოლანდია თამაშიდან თამაშამდე უმატებს, რაც მთავარი საწინდარია საფეხბურთო ფორუმებზე წარმატების მისაღწევად. ურუგვაის კი ბრავო, გუნდმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა და ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. მთავარია, ტაბარესის შეგირდებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაც ღირსეულად წარმართონ და შემდეგ, როგორც გმირები, ისე დაბრუნდნენ სამშიობლოში.

საუკეთესო ფეხბურთელი
ვესლი სნეიდერი (ჰოლანდია)

შესაძლოა, ისეთი შესამჩნევი არ იყო, როგორც ბრაზილიასთან პაექრობაში, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა. დიდი სამუშაო გასწია დაცვით ფაზაში თამაშისას და ძალიან აქტიურად დაეხმარა საყრდენ ნახევარმცველებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სანახევროდ საყრდენი იყო, სანახევროდ შემტევი ნახევარმცველი. ამასთან, უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, რომელმაც დიდწილად განაპირობა კიდეც ჰოლანდიელთა გამარჯვება. სწორედ მაშინ შეარხია მეტოქის კარის ბადე, როდესაც ურუგვაელები სათამაშო უპირატესობას ეუფლებოდნენ.

მატჩის შემდეგ
ვესლი სნეიდერი (ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი): "ეს ფანტასტიკური გრძნობაა, რომელსაც ვერაფერი შეედრება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში საკლუბო ფეხბურთის მწვერვალია, მუნდიალის ფინალი კი ყველაზე და ყველაფერზე უფრო მაღლა დგას. ჩვენ ეს შევძელით და უბედნიერესი ადამიანი ვარ. ძალიან რთული თამაში გვქონდა და მინდა კომპლიმენტები ვუძღვნა მეტოქეს, რომელმაც ძალღონე არ დაიშურა მიზნის მისაღწევად. თუმცა, ვფიქრობ, რომ გაიმარჯვა უძლიერესმა".

ბერტ ვან მარვიიკი (ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველი, რაც ახლა თავში მომდის, არის ის, რომ ჩვენ დიდი საქმე გავაკეთეთ. ეს იყო სწორედ ჩვენი მიზანი იმ დღიდან, როცა ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი. ენით აუწერელი გრძნობაა. დიახ, ჩვენი თამაში არ იყო განსაკუთრებული, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ. თუმცა კი მატჩი კარგად დავიწყეთ. სამწუხაროდ, ანგარიშის გახსნის შემდეგ უპირატესობა დავკარგეთ... არა ერთი რეალური შანსი გვქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ ბოლო ფაზაში მოვიკოჭლებდით, მატჩი დაძაბულობამდე მივიყვანეთ... 32 წელია, ჰოლანდია ფინალში არ ყოფილა. ბოლო ხანებში ხშირად ვფიქრობდი 1970-ან წლებზე... ჩემს ბიჭებს აქვთ ყველანაირი უფლება, რომ იყონ ამაყები".

ოსკარ ტაბარესი (ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ეს მატჩი იყო კიდევ ერთი შანსი იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, რა შეუძლია ურუგვაის ნაკრებს. ჩვენ შესაძლებლობების ზღვარზე ვთამაშობთ და იქნებ, შესაძლებლობებზე მეტსაც. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის შაბათის მატჩიც განსაკუთრებული იქნება. უკან რომ გავიხედოთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ვართ. ჰოლანდია, ესპანეთი და გერმანია ევროპაში ახლა მართალაც საუკეთესონი არიან. ვამაყობ ამ ბიჭებით. მე არ მქონდა უფლება, ამ გუნდისთვის მეტი მომეთხოვა... რაც იყო, იყო... ჩვენ ვიღებთ ამ მარცხს, მეტოქე კარის წინ უკეთესად ირჯებოდა. ვიცოდით, რომ ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელები ტექნიკურები არიან, მათ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლიათ გოლის გატანა... სამწუხაროა, რომ მეორე გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა და ის ჩაითვალა... სხვა შემთხვევაში, შეიძლებოდა, თამაშს სხვა გაგრძელება ჰქონოდა... ის, რაც ბოლო წუთებში ხდებოდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ურუგვაის ნაკრების ნაადრევად არასოდეს ნებდება".


ბომბარდირები
ვილია (ესპანეთი)        5
სნეიდერი (ჰოლანდია) 5
კლოზე (გერმანია)       4
მიულერი (გერმანია)   4
ფორლანი (ურუგვაი)   4
იგუაინი (არგენტინა)   4
ვიტეკი (სლოვაკეთი)   4



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული