შეთანხმების მიხედვით, ლიოვი თავის შტაბთან ერთად, მომავალზე მუნდიალის შემდეგ უნდა დაფიქრდეს, ცოტა უნდა დაისვენოს და გადაწყვეტილება მშვიდად მიიღოს. გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი დარწმუნებულია, რომ იოგი პოსტზე დარჩება. "კაიზერის" თქმით, ლიოვს ჯერ კიდევ მინიმუმ ერთი მისია აქვს შესასრულებელი. ბეკენბაუერი, რა თქმა უნდა, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს გულისხმობს, რომლის შესარჩევი ეტაპი სექტემბერში იწყება.
გადაწყვეტილების მიღებისას, ლიოვისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება ფეხბურთელების მოსაზრებასაც და ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგშია, რადგან ბუნდესგუნდის ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ იოგი თანამდებობაზე უნდა დარჩეს. პრინციპში, სხვა რამ არც იყო მოსალოდნელი, რადგან გერმანელი ფეხბურთელები მწვრთნელის წინააღმდეგ იშვიათად, თითქმის არასდროს ილაშქრებენ ხოლმე და ვინც გაილაშქრა, ისინი ნაკრებში აღარც არიან. მეორე მხრივ, ფეხბურთელებს ლიოვთან სასაყვედურო არაფერი აქვთ და ლოგიკურია, რომ მისი დარჩენის მომხრეები არიან.
"მას მერე, რაც იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს წვრთნის, ჩვენმა გუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები გვყავს და ბოლო წლებში დიდ ტურნირებზე მინიმუმ ნახევარფინალში გავდივართ ხოლმე," - განაცხადა გუშინ ბასტიან შვაინშტაიგერმა. მიროსლავ კლოზემ კი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, თქვა: "ლიოვმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გერმანიის ნაკრებისთვის ზედგამოჭრილი დამრიგებელია." ლუკას პოდოლსკიც იმედოვნებს, რომ მიუხედავად ნახევარფინალში განცდილი მარცხისა, ლიოვი გერმანიის საფეხბურთო კავშირთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. მინდა, რომ ლიოვი კიდევ დიდხანს წვრთნიდეს გერმანიის ნაკრებსო, თქვა პოლდიმ.
ლამი: ბალაკს არ ვებრძვი!
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე კაპიტანმა ლამმა აღნიშნა, რომ მთელი გუნდი იმედგაცრუებულია, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მისი აზრით, ბუნდესგუნდს უდიდესი მომავალი აქვს. ცხადია, ჟურნალისტებმა მას კაპიტნობის გარშემო ატეხილ სკანდალზეც ჰკითხოეს. როგორც იცით, ორიოდ დღის წინ 26 წლის მცველმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვა, რომ მიხაელ ბალაკს კაპიტნის სამკლავურს არ დაუთმობს.
"ჟურნალისტმა მარტივი კითხვა დამისვა და მეც გულახდილად ვუპასუხე, - თქვა ლამმა, - ბალაკთან დაპირისპირებული არ ვარ და ვინც ჩემსა და მიხაელს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე საუბრობს, მინდა ვუთხრა, რომ სასტიკად ცდება. ძალაუფლება მე კი არა, არცერთ ფეხბურთელს არ სჭირდება. გერმანიის ნაკრებში ძალაუფლება ერთადერთ ადამიანს აქვს და ეს არის გუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი. თუ იოგი იტყვის, რომ კაპიტნის სამკლავური ბალაკს უნდა დავუბრუნო, უპრობლემოდ დავუბრუნებ."
ამასთან, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ფილიპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შემდეგ თქვა: ამაზე უკეთეს ბუნდესგუნდში არასდროს მითამაშიაო.
სატელეფონო მადლობა ანგელა მერკელისგან
ბუნდესნაკრების პრესმდივნის, ჰარალდ შტენგერის თქმით, ესპანეთთან წაგების შემდეგ, გერმანიის ნაკრები მაშინვე სასტუმროში დაბრუნდა და ფეხბურთელებმა ძალიან მალე ნომრებს მიაშურეს და დაიძინეს. შტენგერისვე განცხადებით, გუშინ დილით ბუნდესგუნდს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ახალარჩეულმა პრეზიდენტმა კრისტიან ვულფმა დაურეკეს, რათა ფეხბურთელებისთვის მუნდიალზე კარგი ასპარეზობისთვის მადლობა გადაეხადათ. ლიოვის ასისტენტ ჰანსი ფლიკის განცხადებით, ახლა გერმანიის ნაკრები ურუგვაისთან მატჩზეა კონცენტრირებული - გერმანელებს უნდათ, რომ ოთხი წლის წინანდელი შედეგი მაინც გაიმეორონ და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრონ.
კვირას საღამოს კი, გერმანიის ნაკრები სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდება. როგორც იცით, 2006 წლის მუნდიალის შემდეგ, ბუნდესგუნდის ფეხბურთელები ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან ასიათასობით ფანს შეხვდნენ და ზეიმი მოაწყვეს. იგივე განმეორდა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე წაგებული ფინალის შემდეგაც და პრესმდივან შტენგერის განცხადებით, წელს ასეთი რამ არ მოხდება, რადგან გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს აღარ უნდა, რომ ტიტულის გარეშე იზეიმოს.