ქებათა ქება ფურია როხას

AutoSharing Option

ერთი დარტყმით პირდაპირ სამოთხეში

რვაფეხა პაული გამჭრიახი წინასწარმეტყველი აღმოჩნდა, მან ფინალის გამარჯვებულიც გამოიცნო - "ფურია როხა". თამაშის 116-ე წუთზე მოხდა ეპიზოდი, რომელმაც ოქროს ასოებით დაწერა ესპანური ფეხბურთის ისტორიის ბრწყინვალე თავი: დროული პასით ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ბურთი "ბარსელონელ" ანდრეს ინიესტას შეუგდო და ამ უკანასკნელმაც რაც ძალა ჰქონდა ფეხის ერთ მოქნევაში ჩააქსოვა, მოქნევაში, რომელმაც ესპანეთს ისტორიაში პირველი გაბრწყინება მოუტანა მუნდიალებზე. "დაუჯერებელია, რამხელა ენერგია წაიღო ყველაფერმა, სადაცაა დავეცემი", - ამბობდა მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორი. მიუხედავად ამისა, "ფურია როხამ" გათენებამდე იზეიმა. შესაძლოა,

ესპანელებს დიდი საფეხბურთო ტურნირების მოგების მწირი გამოცდილება აქვთ, მაგრამ, ვის ვის და, ესპანელებს ვერავინ ასწავლის, როგორ უნდა მოლხენა. მოკლედ, მთელი ღამე და დილა, ნაკრების ბანაკში, მადრიდსა და ბარსელონაში, ესპანეთის ყველა ქალაქში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ესპანურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს ფიესტა გრძელდებოდა და გრძელდება. უფრო ზუსტად, ინიესტა ფიესტა...

იოაჰანესბურგიდან გამარჯვებულთა თვითმფრინავი სამსაათიანი დაგვიანებით გაფრინდა სამშობლოში. წუხელ გუნდი მადრიდის სასახლე სარსუელაში ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა მიიღო, შემდეგ ტრიუმფატორებს ქვეყნის პრემიერი ხოსე ლუის საპატერო შეხვდა. მუნდიალის გამარჯვებისთვის ფიფა ესპანეთის ნაკრებს 30 მილიონი დოლარით დააჯილდოვებს.

ფინალი კი საოცარი სანახაობა გამოდგა, უხეშობამ, რითაც ეს ჩემპიონატი სულაც არ იყო გამორჩეული, ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. 14 ყვითელი ბარათი და ბოლოს გაძევებული ჰეიტინგა ამის მეტყველი დასტურია. ჰოლანდიელები არ ერიდებოდნენ არაფერს. ნაიჯელ დე იონგმა ისეთი ილეთი ჩაუტარა ჩაბი ალონსოს, რომ კუნგ ფუს კარგ ოსტატს შეშურდებოდა, ბასკი კარგა ხანს მოდიოდა გონს და 10-15 წუთი უაზროდ დარბოდა, შემდეგ კი მაინც შესაცვლელი გახდა. "რა საშინელი შეცდომა იყო, ეს იყო სუფთა წითელი ბარათი", - აღშფოთებულია შტეფან ეფენბერგი - "ვან ბომელიც აუცილებლად გასაძევებელი იყო, როცა ინიესტას ეუხეშა. ბოლოს, როგორც იქნა, ერთი ფეხბურთელი მაინც დაისაჯა სათანადოდ". "ნარინჯისფერთა" მწვრთნელის, ბერტ ვან მარვიიკის საფინალო ტაქტიკა მარტივი იყო - ესპანელთა შუახაზის არტისტიზმის ყველა მეთოდით დანგრევა, მათ შორის, უკომპრომისო ორთაბრძოლებით. რამდენიმე დღით ადრე იგივე ამოცანა ჰქონდა გერმანიის ნაკრებს გადასაჭრელი, ეს ვერც ბუნდესგუნდმა შეძლო, მაგრამ გერმანელებს მსგავსი არაფერი უკადრებიათ, მათ ერთი ყვითელი ბარათიც არ მიუღიათ.

"ეს დიდებული მომენტი იყო ესპანური ფეხბურთისთვის. ვფიქრობ, ყველაფერს დრო რომ გავა მერე გავიაზრებთ. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვხვდებით, რა გავაკეთეთ" - ეს "ფურია როხას" კაპიტნის, იკერ კასილიასის სიტყვებია. სამშობლოში გუნდის გამარჯვებას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, ესპანური მედია მხოლოდ ერთ ამბავს განიხილავს - მუნდიალს, რომელმაც სასიამოვნოდ შეძრა ეს პირენეული ქვეყანა. "ოცნება რეალობა გახდა" - წერს გაზეთი "ელ პაისი", რომელიც მოუწოდებს 11 ივლისს ერთ-ერთ დღესასწაულად დანერგვას. "ესპანეთი, ესპანეთი, ესპანეთი! მუნდიალმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი აჩემპიონა" - წერს "ელ მუნდო". "ინიესტამ გოლით პირდაპირ სამოთხეში მოგვახვედრა", - წერს გაზეთი "მარკა" - "ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ გამარჯვებამ ყველაფერი დაგვავიწყა". სხვა სპორტული გაზეთი AS წერს: "ესპანეთის ნაკრები ღირსეული ჩემპიონია, ჩვენ მოვუგეთ ჰოლანდიას, რომელსაც მთელი თამაშის განმავლობაში ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული".

მაშ ასე ვისენტე დელ ბოსკეს ოცდასამეულმა ერთთვიანი მარათონი ბრწყინვალედ გაიარა და დამსახურებულად მოიგო მუნდიალი. მოდი, ჩამოვწეროთ ვის რა ღვაწლი მიუძღვის წარმატებაში.

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკემ, რომელიც დეკემბერში 60 წლისა მოიყრება, არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა ირგუნა - ლუის არაგონესმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო და სადავეები მას გადააბარა. ბუნებრივია, მისგან არანაკლებ წარმატებას ელოდნენ. თავიდან ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც საუკეთესო ზღაპარში. ესპანეთის ნაკრებმა სულ რიხით გაიარა შესარჩევი მარათონი - მოიგო ათიდან ათი მატჩი! ამას დაერთო ბრწყინვალე გამარჯვება პარიზში (მარტში), რომელმაც "ფურია როხას" ფეხბურთელებს თვითრწმენა საბოლოოდ ჩამოუყალიბა. პრობლემები კი მერე დაიწყო...

ერთმანეთის მიმდევრობით ტრავმები მიიღეს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელებმა, ინიესტამ, ჩავიმ, ტორესმა, ფაბრეგასმა. მოკლედ, ესპანეთში ბევრი ინერვიულეს, საბოლოოდ ყველამ მოახერხა გამოჯანმრთელება, თუმცა კი ამის გამო მუნდიალზე ჩვენ ფერნანდო ტორესის ნაცვლად მისი ლანდი ვიხილეთ. დაიწყო მუნდიალი და... "ფურია როხამ" 10 კაცით დაცვაში ჩასულ შვეიცარიასთან 0:1 წააგო. აი, აქ კი დელ ბოსკეს კრიტიკა უფრო ხმამაღალი და გაბედული გახდა, მისი გაკრიტიკება ყოფილმა თავკაცმა არაგონესმაც გადაწყვიტა, რომელიც უპირველესად ორი ჩამშლელი ნახევარმცველით თამაშს უწუნებდა კოლეგას. ფაქტია, დელ ბოსკეს ვერ აღმოაჩნდა სათანადო ტაქტიკურ-სტრატეგიული იარაღი და მისი გუნდიც შვეიცარიულ კედელს შეასკდა. მაგრამ დრომ აჩვენა, რომ "ულვაშამ" მხოლოდ ბრძოლა წააგო, ომისთვის კი ბრწყინვალედ ყოფილა მომზადებული. საკუთარი შეცდომებიდანაც სწორი დასკვნები გამოიტანა. მუნდიალზე ამის შემდეგაც რამდენჯერმე იყო საკამათო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ტაქტიკური სქემა თუ შეცვლა, მაგრამ საბოლოოდ ყველა შემთხვევაში მართალი დელ ბოსკე გამოვიდა. ამიტომაც მისი კრიტიკა სახიფათო საქმე გახდა, დელ ბოსკე საქმით ამტკიცებდა, რომ ლავირების საშუალება და უნარი ჰქონდა. მართალია, მას ზურგს უზარმაზარი არჩევანი უმაგრებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დასაფასებელია ზუსტი გადაწყვეტილების მიღება. თუ არ ჩავთვლით პირველ თამაშს, დელ ბოსკეს გუნდმა 6 მატჩიდან 6 მოიგო, 8 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა, გუნდმა ყველა მეტოქე დაჩაგრა ბურთის კონტროლში, ზოგი მეტისმეტადაც კი, თუმცა კი ბეწვის ხიდზეც გაიარა (გავიხსენოთ პარაგვაელთა აცილებული პენალტი და რობენის ორი მომენტი ფინალში), მაგრამ საბოლოოდ გაიმარჯვა. მოკლედ, მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მერე მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მუნდიალებზე პირველი დიდი გამარჯვება მოუტანა ქვეყანას.

მეკარე: მხოლოდ იკერ კასილიასს მოუწია თამაში, პეპე რეინა და ვიქტორ ვალდესი სათადარიგოთა როლებით დაკმაყოფილდნენ. კასილიასმა ერთხელ აღნიშნა რეინას წვლილი, როცა "ლივერპულის" დარაჯმა წინასწარ უკარნახა, თუ რომელ კუთხეში დაარტყამდა პენალტს პარაგვაელი კარდოსო. სხვა მხრივ კი ეს კასილიასის მუნდიალი იყო, გუნდის კაპიტანმა 660 წუთის განმავლობაში დაამტკიცა, რომ საუკეთესო იყო და ფიფასგან "ოქროს ხელთათმანიც" მიიღო. იკერს თანაგუნდელები ბევრ საზრუნავს არ აძლევდნენ, 7 თამაშში მას სულ 17-ჯერ მოუწია გუნდის გადარჩენა, მათ შორის ყველაზე მეტი დარტყმა (5) კასილიასმა ფინალში მოიგერია. სამაგიეროდ, იკერი თამაშში ერთხელაც არ ჩართულა ჰონდურასთან მატჩში, ცენტრალური ამერიკის შვილებს ერთხელაც არ დაურტყიათ კარში მისთვის. თავიდან კასილიასმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, შვეიცარიელებთან მატჩში გოლისას ძალზე არადამაჯერებლად მოიქცა, ერთი-ორჯერ ანერვიულა გუნდი პორტუგალიასთანაც. მაგრამ ამ მეკარეს აქვს ის, რაც სხვებისთვის მიუღწეველია, ის ნამდვილი ლიდერია და მას შეუძლია გუნდი მარცხისგან იხსნას, რაც ამ მუნდიალზე კასილიასმა შემოგვთავაზა კიდეც. "კასტროლ ინდექსმა" მუნდიალზე იკერ კასილიასის თამაში 9,21 ქულით შეაფასა, რაც გუნდში მე-8 შედეგია, მუნდიალზე კი - 23-ე (გოლკიპერთა შორის მე-2).

დაცვა: ყველაზე სტაბილური და ნახევარდაცვაზე არანაკლებ ძლიერი რგოლი ესპანეთის ნაკრებში. მარჯვნიდან მარცხნივ ნაკრები მუდამ ასეთი დაცვით თამაშობდა: სერხიო რამოსი, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ხოან კაპდევილა. "რეალი" და "ვილიარეალი" ფლანგებზე, წყვილი "ბარსელონა" ცენტრში. ოთხივე ქების ღირსია, თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე ეპიზოდს (ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლა რომ შეიძლება) ესპანელთა დაცვა იყო, ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე შემტევი მუნდიალზე. სერხიო რამოსმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. მუნდიალის განმავლობაში მიდიოდა დაუსწრებელი დუელი რამოსსა და მაიკონს შორის, რომელიც რამოსმა მოიგო. არადა "რეალის" ახალი თავკაცი ჟოზე მოურინიო ცდილობს მაიკონი "სამეფო გუნდში" გადაიყვანოს, რად უნდა გუნდს პლანეტის ორი საუკეთესო მარჯვენა მცველი, გაუგებარია. სერხიო მთელ ფლანგს აკონტროლებდა, არ ყოფილა თამაში, რომ ფლანგზე ვიზავი არ დაეჯაბნოს და შეტევებში ხშირად არ ჩასულიყო. თავის ფუნქციებს ის კარგად უვლიდა და შეტევებშიც ყოჩაღობდა, მან მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო (ფინალში). რამოსმა კარისკენ 11-ჯერ დაარტყა და 4-ჯერ მისი დარტყმა მეტოქის მეკარეებმა მოიგერიეს, მისი პასების 80% ზუსტი იყო, მუნდიალზე კი მან 24-ჯერ ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში. წინ მისი პასების ადრესატები ყველაზე ხშირად ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო და ჩავი იყვნენ. "კასტროლ ინდექსი" მის თამაშს 9,79 ბალით აფასებს, ეს მუნდიალის საუკეთესო შედეგია! ბუნებრივია, ის საუკეთესოა, როგორც გუნდში, ასევე მუნდიალის მცველთა შორის.
თითქოსდა ხოან კაპდევილა ესპანეთის ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ "ვილიარეალის" მცველმა საპირისპირო დაამტკიცა. 32 წლის ფეხბურთელს სამხრეთ აფრიკაში "მეორე სუნთქვა" გაეხსნა. მისი წყალობით, მარცხენა ფლანგიდანაც ისევე საშიში იყო ესპანეთი, როგორც მარჯვნიდან. კაპდევილამ ითამაშა მუნდიალის ყველა წუთი შეუცვლელად (660). კაპდევილა დაცვაში ძალზე აკურატულია (სულ 6 ჯარიმა!), თუმცა ეს ერთი წუთითაც არ ნიშნავს, რომ ის რამეს უთმობდა მეტოქეებს, თუმცა შეტევის ბოლო ფაზაში ისეთივე აქტიური ვერ იყო, როგორც რამოსი (2 დან 1 ზუსტი დარტყმა), მაგრამ შექმნაში გუნდისთვის არანაკლები სამუშაო გასწია (თუ მეტი არა), მისი პასების 81% იყო ზუსტი, საჯარიმოში კი მან 26-ჯერ ჩააწოდა. მისი პასების მომხმარებლები ყველაზე ხშირად ჩაბი ალონსო, ინიესტა და ჩავი იყვნენ. "კასტროლ ინდექსის" შეფასება - 9,74, მეორე შედეგი მუნდიალზე სერხიო რამოსის შემდეგ!
დაცვის ცენტრში ოდნავ მარცხნიდან ესპანურ ბასტიონს ქარიზმატული ლიდერი კარლეს პუიოლი ამაგრებდა, გერმანიასთან ნახევარფინალური მატჩის გმირი. სულ სამმა ესპანელმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი მუნდიალზე, ვილიას და ინიესტას შემდეგ ეს პუიოლმა შეძლო. მისი პასების 88% იყო ზუსტი. "კასტროლ ინდექსი" - 9,70, მესამე შედეგი მუნდიალზე! კვარტეტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 23 წლის ჟერარდ პიკე არაფრით ჩამოუვარდებოდა სხვებს. როგორც კაპდევილამ, მანაც შეუცვლელად ითამაშა და 7 მატჩში სულ 4-ჯერ დაჯარიმდა! თუმცა ერთი დარღვევა მას ყვითელ ბარათად და ესპანელთა კარში დანიშნულ პენალტად დაუჯდა. თუ არ ჩავთვლით ამ ერთ ეპიზოდს, და ერთ "ჩავარდნას" ფინალში, როცა რობენი გაეპარა, პიკე შეუდარებელი იყო, ხანდახან ისე ხშირად ჩადიოდა შეტევაში, ზოგიერთ ფორვარდს შეშურდებოდა. პასების სიზუსტე 85%, 5-დან 2 ზუსტი დარტყმა, პიკე მის წინ მყოფი სამეულის (ჩაბი ალონსო, ბუსკეტსი, ჩავი) მთავარი მომმარაგებელი იყო პასებით, რადგან როგორც წესი, კასილიასს თამაშში ბურთი პიკეს მისამართით შეჰყავდა. "კასტროლ ინდექსი" - 9,62 ანუ მეხუთე შეფასება მუნდიალზე, მეოთხე მცველთა შორის. ამ კვარტეტის გარდა დელ ბოსკემ სამხრეთ აფრიკაში კიდევ სამი მცველი წაიყვანა, რომელთაც ეპიზოდური როლები ერგოთ: ალვარო არბელოამ 13 წუთი დაყო მოედანზე, კარლოს მარჩენა სამ თამაშში კი გამოჩნდა, მაგრამ ჯამში 8 წუთი ითამაშა, რაულ ალბიოლი კი საერთოდ დაიჩაგრა, ესპანეთი ისე გახდა მუნდიალის გამარჯვებული, რომ მას წუთითაც არ მოუწია თამაში, რაც ნაწილობრივ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის ბრალია.

ნახევარდაცვა: ის რომ "ფურია როხას" საუცხოო ნახევარდაცვა ჰყავდა ყველამ იცოდა, მაგრამ მუნდიალზე ნაკრების უძლიერესმა რგოლმა კიდევ უფრო შთამბეჭდავად ითამაშა, ესპანეთის ნაკრების შუახაზმა "გამოხრა" ყველა მეტოქის ნახევარდაცვა, ზოგს უკან დაახევინა (გერმანია, შვეიცარია, პორტუგალია, პარაგვაი), ზოგი აიძულა უხეშობაზე გადასულიყო (ჰოლანდია), ზოგიც უბრალოდ "მოსპო" (ჰონდურასი, ჩილე). შესაძლოა, ესპანეთის ნაკრები ისე ლაღად ვერ თამაშობდა, როგორც ორი წლის წინათ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, ამ ფორმაციის შუახაზი (სენას გარეშე, ორი საყრდენით) კიდევ უფრო საშიში გამოდგა მეტოქეთათვის. დელ ბოსკეს ხშირად უხდებოდა ცვლილებების გაკეთება ამ რგოლში, რაც... თავდასხმაში ფერნანდო ტორესის სუსტი თამაშით იყო გამოწვეული. დელ ბოსკემ 7 "სუფთა" ნახევარმცველი იახლა მუნდიალზე, კიდევ ოთხმაც (ნავასი, ვილია, მატა, პედრო) ნახევარდაცვის ფუნქციები გაინაწილა.

მცირე ცვლილებები ყოველთვის კი იყო, მაგრამ ღერძი მუდამ ერთი იყო - უკან ჩაბი ალონსოს და სერხიო ბუსკეტსის დუეტი, უკანასკნელი მეტოქეთა შეტევების ჩაშლაზე ორიენტირებული, ბასკი კი კომბინირებული (ჩაშლა, შეტევის დაწყება) ფუნქციებით, წინ ჩავი და ინიესტა (თუ ჯანზე იყო). ამასთან ჩავის ხშირად უფრო შემტევი ფუნქციები ევალებოდა, ვიდრე ის მიჩვეულია. დავიწყოთ ბუსკეტსით, ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე "უბრალო" ფეხბურთელით. არადა მუნდიალზე "ფურია როხას" წარმატებად დიდწილად ამ კაცის დამსახურებაა. სწორედ ბუსკეტსი უყრიდა საფუძველს ესპანელYთა შემტევ პოტენციალს, ის უიოლებდა საქმეს ჩავის, ინიესტას, ჩაბი ალონსოს და სხვებს. მარტო ჩავიმ ბუსკეტსისგან 96 ზუსტი პასი მიიღო, სერხიოს პასები შეიძლება არ იყო ეფექტური, მაგრამ სიზუსტე და დროულობა მათ არ აკლდა - 88%. "კასტროლ ინდექსი" ბუსკეტსს 9.46 ბალს ანიჭებს, რაც მუნდიალის მონაწილეთა შორის მე-11 შედეგია, ესპანეთის ნაკრებში - მე-6, ნახევარმცველებში - მე-3. აი, ასეთია ერთი შეხედვით უჩინარი ბუსკეტსი. ჩაბი ალონსოც უკნიდან თამაშობდა, თუმცა ბასკი უფრო დიდი დიაპაზონისა და გაქანების ფეხბურთელია. ბუსკეტსისგან განსხვავებით ალონსოს სტაბილურობა კი აკლდა, მაგრამ ის მაინც მეტ ხიფათს უქმნიდა მეტოქეს. "კასტროლ ინდექსი" - 9,34. ეს შედეგი მე-16-ეა მუნდიალზე, მე-7 "ფურია როხაში" და მე-6 ნახევარმცველთა შორის.

ჩავიზე დიდად იყო დამოკიდებული ესპანეთის ნაკრების თამაში, მან კი შვეიცარიასთან მატჩის პირველი ტაიმი უბრალოდ ჩააგდო, შემდეგ გვიან გამოფხიზლდა და ნაკრებს ვეღარაფერი უშველა. ამ მატჩის გარდა ჩავის მუნდიალზე არაფერი დაეწუნებოდა. პოზიციაზე უკვე ვთქვით, დელ ბოსკემ მას ოდნავ უცვალა ადგილი, რის გამოც მას შეგუება დასჭირდა ცოტა ხანი, მაგრამ, როგორც კი ათამაშდა ისევ ძველი ჩავი ვიხილეთ. ერთი ეგაა, მთელი მუნდიალი ჩავიმ სამიზნე ვერაფრით გაისწორა - კარში 7-ჯერ დაარტყა და სულ არაზუსტად. "ბარსელონელი" ისევ დარჩა პასების მეფედ, მუნდიალზე მან 669 პასი გააკეთა, აქედან 544 ზუსტი (81%). ის თითქოსდა უხილავი ძაფით იყო მიბმული ინიესტაზე (71 პასი ინიესტას, 62 პასი ინიესტასგან) და ბუსკეტსზე (70 პასი ბუსკეტსს, 96 პასი ბუსკეტსისგან). მოკლედ, "ბარსელონური" სამკუთხედი ვიხილეთ, რომელმაც ბევრს გაუმწარა სიცოცხლე ამ მუნდიალზე. ჩავი ნაკრებში ყველაზე მეტს დარბოდა (80 კმ-ზე მეტი გაირბინა), მეტად იყო მოვლენების ეპიცენტრში. "კასტროლ ინდექსი" - 8,77. 52-ე შედეგი მუნდიალზე, მე-10 გუნდში, მე-16 ნახევარმცველთა შორის.

ანდრეს ინიესტამ პირველ მატჩში ტრავმა გაიმიზეზა, რის გამოც მას ჰონდურასთან შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ ბოლოს ფანტასტიკურ ფორმაში შევიდა. ის 11-ჯერ დაემუქრა მეტოქეთა კარს, 5-ჯერ ბურთი კარში წავიდა და 2 გოლი გავიდა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი გოლი ფინალში. ერთადერთი, რაც ინიესტას დააკლდა ამ მუნდიალზე ეს პასების სიზუსტე და ინტენსივობაა, მან სულ 382 პასი გააკეთა (ლამის ნახევარი, ვიდრე ჩავიმ) და მხოლოდ 73%-იანი სიზუსტით დაგვამახსოვრა თავი. 9,15 - "კასტროლ ინდექსის" შეფასებაა ფინალის გმირის თამაშისა, ეს 26-ე შედეგია მუნდიალზე, მე-9 როგორც გუნდში, ასევე ნახევარდამცველთა შორის.

სესკ ფაბრეგასი გყავდეს და ის ხშირად სათადარიგოთა სკამზე იყოს, უდიდესი ფუფუნებაა, რისი უფლებაც დელ ბოსკემ საკუთარ თავს მისცა. გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ, ფაბრეგასი იმითაც უზომოდ ბედნიერი დარჩა, რომ ფინალში საგოლე პასი მისი იყო: "ძალიან ვწუხდი, რომ ცოტა მიწევდა თამაში, მაგრამ მოცდა ამად ღირდა, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, გადამწყვეტი საგოლე პასი კი ჩემია", - განაცხადა "არსენალის" ვარსკვლავმა, რომელმაც სულ 126 წუთი გაატარა მოედანზე და 7-დან 4 მატჩი შეცვლაზე ითამაშა. დავიდ სილვამ სულ 66 წუთი დაყო მოედანზე, ხესუს ნავასმა - 178. თავის გამოჩენა კარგი თამაშით მათაც მოასწრეს (ეს უფრო ნავასზე ითქმის). გაცილებით ეპიზოდური როლები ერგოთ ხუან მატას (20 წუთი) და ხავიერ მარტინესს (17 წუთი).

თავდასხმა: ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, დელ ბოსკე იძულებულიც კი გახდა სუფთა ორი ფორვარდის ნაცვლად 1 ცენტრფორვარდით ეთამაშა, მიზეზი კი "ელ ნინიოს" ცუდი თამაშია. დავი ვილია კი მისი მეწყვილისგან განსხვავებით საუკეთესოთაგანი იყო მოედანზე და მას სულ ცოტა დააკლდა "ოქროს ბურთსა" და "ოქროს ბუცამდე". ვილიამ 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მსოფლიოს ჩემპიონთა გოლების ნახევარზე მეტი. ერთი ეგაა, ნახევარფინალსა და ფინალში ვილია თითქოს დაცხრა, ვეღარ შეძლო თავის გამოჩენა. ჩვენ ამის მიზეზი პოზიციის შეცვლა გვგონია, როცა ვისენტე დელ ბოსკე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ტორესის სასტარტოში დაყენება სარისკო იყო, მან ვილია წაწია წინ ეულ ცენტრფორვარდად. "ელ გუახე" 32-ჯერ დაემუქრა მეტოქის კარს, 17 დარტყმა ზუსტი გამოდგა, ხუთი კი გოლით დასრულდა. "კასტროლ ინდექსი" - 9,59. ეს მე-6 შედეგია მუნდიალზე, მე-5 ნაკრებში და პირველი ყველა თავდამსხმელს შორის.

"ელ გუახესგან" განსხვავებით "ელ ნინიო" მუნდიალის სრული იმედგაცრუება იყო. ტრავმამოშუშებული ტორესი პირველ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და შემდეგ ოთხჯერ ძირითადში დაიწყო, ბოლოს კი ისევ სათადარიგოთა სკამზე გადასვეს. ფორვარდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე შიშის ზარს სცემდა მეტოქეთა მცველებს, ახლა ძალიან უწყინარი ჩანდა, სულ ორჯერ დაარტყა ბურთი ზუსტად კარში, მისი პასების ნახევარზე მეტი უზუსტო იყო. "კასტროლ ინდექსიც" შესაბამისი გამოდგა - 6,64. ეს 282-ე შედეგია მუნდიალზე! 11 ესპანელს მასზე უკეთესი შეფასება აქვს, ფორვარდებში ტორესი 47-ეა.

სულ ერთხელ გამოჩნდა ბასკი ფერნანდო ლორენტე გუნდში, 32 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს დრო სავსებით ეყო მას, რომ დაბადებულიყო "ლეგენდა ლორენტეზე". 194 სმ. სიმაღლის 25 წლის ბასკს პორტუგალიასთან თამაში მართლაც ბრწყინვალედ გამოუვიდა, მისმა შემოსვლამ ამ შეხვედრის ბედის ჩარხი საესპანეთოთ შეატრიალა. სხვათა შორის, ბევრი მიიჩნევს, რომ დელ ბოსკეს უფრო ხშირა ჰმართებდა ლორენტეს გამოყენება. დელ ბოსკე კი სულ სხვა აზრისა იყო - ბოლო ორ თამაშში მან სასტარტოში პედრო ათამაშა - ოღონდ პედრომ მარჯვენა შემტევი ნახევარმცველის ფუნქციები იკისრა. სხვათა შორის, ამ სიახლემ გაამართლა, განსაკუთრებით კი ნახევარფინალში, როცა პედრო ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული