მუნდიალი: მხოლოდ საფეხბურთო ქვეყნებში!

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ხილვა, სულ მცირე, ოთხი წლით უნდა `გადავდოთ~. თუმცა, სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე ახლახან დასრულებულ მუნდიალს უქართველებოდ მაინც არ ჩაუვლია: მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ჩვენი თანამემამულე ჟურნალისტთა მცირერიცხოვანი ჯგუფიც ასრულებდა თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. მათ შორის იყო ჩვენი კოლეგა, `პირველი არხის~ სპორტული მიმართულების პროდიუსერი დავით მინაშვილი, რომელსაც პატივი ხვდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ნახევარფინალური შეხვედრისა და ფინალური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟებს უშუალოდ სამხრეთ აფრიკიდან გაძღოლოდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენების უფლება სწორედ `პირველ არხს~ ჰქონ
და და ამ სამაუწყებლო კომპანიის სპორტულმა რედაქციამ (რედაქტორი -ვლადიმერ ნიკოლაიშვილი) მუნდიალის ყველა მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი შემოგვთავაზა (კომენტატორები დავით მინაშვილი და სანდრო ცნობილაძე). ამას გარდა, მუნდიალის დღეებში (ყოველი მატჩის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ) პირველი არხის ეთერით გადაცემა `საფეხბურთო მიმოხილვა~ გადიოდა, რომელსაც დავით მინაშვილი და `ლელოს~ ჟურნალისტი ილია ბაბუნაშვილი უძღვებოდნენ.

ახლა კი, ჯობს, მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილის პერიპეტიებზე დავით მინაშვილს მოვუსმინოთ, ვისთვისაც ეს მუნდიალი მეხუთე უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმია 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადისა და წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ.

- ჯერ, წინა და ახლანდელი ჩემპიონატები შევადაროთ.
- ამ მხრივ, ძალიან დიდი სხვაობა იყო, -ორგანიზაციული საკითხები იქნებოდა თუ ინფრასტრუქტურა, გერმანიაში ყველაფერი მართლაც იდეალურად იყო. ანუ, ის ეჭვი გამართლდა, რომ მუნდიალის არასაფეხბურთო ქვეყანაში ჩატარება გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევდა.

- შეგიძლია, კონკრეტული მიზეზები დაასახელო?
- პირველ ყოვლისა, ორგანიზაციულ საკითხებს ვგულისხმობ: სერიოზული პრობლემები გვქონდა ჟურნალისტებს ტრანსპორტთან დაკავშირებით. არადა, იმის გარდა, რომ სასტუმროდან სტადიონამდე საათნახევარის სავალი გზა იყო, ელემენტარულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ვერ ისარგებლებდი. ოღონდ, ამ შემთხვევაში, პირად უსაფრთხოებას ვგულისხმობ: იოჰანესბურგში ადგილობრივი თეთრკანიანი მოსახლეობაც ერიდება საზოგადოებრივ ტრასპორტში ჩაჯდომას და ჩვენ, ჟურნალისტებსაც იგივე გვირჩიეს...

- მოკლედ, მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა თავისი საქმე იდეალურად ვერ გააკეთა?
- მე უფრო ფიფას დავადანაშაულებდი. აი, ტრანსპორტზე რომ ვთქვი, სწორედ ფიფას უნდა უზრუნველეყო ჩვენთვის დროული და, რაც მთავარია, უსაფრთხო გადაადგილება. ამას გარდა, ჟურნალისტებს უსიამოვნო სიურპრიზი გველოდა: პრესცენტრში ინტერნეტის სარგებლობა თითქმის ყველგან უფასოა, აი, სამხრეთ აფრიკაში კი ამ სიამოვნებას მოკლებული ვიყავით.

- საერთოდ, ასეთი დონის ტურნირების დროს, ფასები ერთი-ორად იზრდება-ხოლმე.
- გეთანხმები, მაგრამ, ყველაზე უცნაური ის არის, რომ სამხრეთ აფრიკაში, თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საკმაოდ დაბალი ფასებია; ქუჩაში კოკა-კოლას ერთ დოლარად თუ შეიძენდი, პრესცენტრში... ორჯერ მეტი ღირდა! სხვა მაგალითსაც მოგიყვანთ: შარშან, აქვე, კონფედერაციის თასის დროს ვუვუზელას შესაძენად მხოლოდ 2 დოლარი დაგჭირდებოდა, ახლა კი... 15 დოლარი უნდა გადაგეხადა! ოღონდ, სხვაობაც იყო: `წლევანდელი~ ვუვუზელები უკვე ფიფას ლოგოთი იყიდებოდა...

- ახლა კი უშუალოდ საფეხბურთო თემებზე ვისაუბროთ. სამხრეთ აფრიკიდან შენი პირველი პირდაპირი რეპორტაჟის დასაწყისი გარკვეული ხარვეზებით მიდიოდა.
- გამოსახულება ცალკე მოდიოდა, ხმა კი -ცალკე; დაახლოებით ხუთი წუთი ტექნიკური წუნი იყო და სწორედ მაშინ გავიდა კიდეც ვან ბრონკჰორსტის გოლი. ანუ, მე უფრო ადრე `გავატანინე~ ვან ბრონკჰორსტს გოლი, ვიდრე ამას ქართველი მაყურებელი ნახავდა. საბედნიეროდ, ეს პრობლემა მალე მოგვარდა და საერთოდაც, სამუშაო პირობების გათვალისწინებით, საპრეტენზიო არაფერი მქონდა.

- სამხრეთ აფრიკაში სხვადასხვა ქვეყნის უამრავი ჟურნალისტის გარდა, კომენტატორებად საფეხბურთო სამყაროს ცნობილი წარმომადგენლებიც მუშაობდნენ.
- ჟურნალისტების ზუსტ რიცხვს ნამდვილად ვერ დავასახელებ; მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მარტო ბრაზილიიდან 600 აკრედიტირებული ჟურნალისტი იყო ჩამოსული! რაც შეეხება ცნობილ პერსონაჟებს, პრესცენტრში ყოველდღე ვხედავდი: არსენ ვენგერს, იურგენ კლინსმანს, მარსელ დესაის, პატრიკ კლუივერტს, უგო სანჩესს, რონალდ კუმანს, ივან სამორანოს, ენცო ფრანჩესკოლის. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ფინალის დღეს პრესცენტრში... ხავიერ ძანეტისთან ერთად იყო.

- ნახევარფინალებმა როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვა?
- იმის მიუხედავად, რომ ურუგვაიმ ბოლომდე იბრძოლა, წყვილში ფავორიტად ჰოლანდია მაინც მიიჩნეოდა და ლოგიკურიც იყო ამ გუნდის ფინალში გასვლა. თან, არ დაგვავიწყდეს, თუ როგორი მხარდაჭერა ჰქონდათ ჰოლანდიელებს ადგილობრივებისგან. სხვათა შორის, ფინალშიც ჰოლანდიელი ქომაგები აშკარად ჭარბობდნენ ესპანელებს.

- ფინალამდე მეორე ნახევარფინალური შეხვედრა იყო, ამ მუნდიალის ერთ-ერთი მატჩი-მშვენება: გერმანია-ესპანეთი.
- ჩემი აზრით, ეს იყო ამ ტურნირზე ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მატჩი; სწორედ იმ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ამ მუნდიალზე ყველაზე დაბალანსებული გუნდი სწორედ ესპანელებს ჰყავდათ; აღარაფერს ვამბობ დელ ბოსკეს აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტლებაზე, როცა ტორესის ნაცვლად ძირითადში პედრო დააყენა, ხოლო ვილიას ცენტრვორფარდის ამპლუა მიაკუთვნა. იმ შეხვედრაში შეუდარებელი იყო ჩავი-ინიესტას წყვილი, რომ აღარაფერი ვთქვა კარლეს პუიოლზე -ამ ფეხბურთელს სპეციალურ პრიზსაც მივაკუთვნებდი -თავგანწირული თამაშისათვის.

- ფინალის რეპორტაჟის წინ არ ღელავდი?
- როგორ შეიძლება, კომენტატორი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ გარკვეული მღელვარებას არ გრძნობდეს; რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ რეპორტაჟის წაყვანის დროს ზოგი იმაზე გვსაყვედურობს, ამდენი სტატისტიკა რა ამბავიაო, ზოგი, პირიქით -უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ითხოვს. მოკლედ, `ჩვეულებრივი~, სამუშაო პროცესია...

- ფინალში ვის ქომაგობდი?
- გამორჩეულად არც ერთს და, აქედან გამომდინარე, ჩემთვის მართლაც სულ ერთი იყო, ჰოლანდია გაიმარჯვებდა თუ ესპანეთი. რაც მთავარია, ჩემპიონობას ორივე გუნდი იმსახურებდა და რომ არა მსაჯის უხეში შცედომა, კიდევ საკითხავია, საბოლოო გამარჯვებული რომელი გუნდი გახდებოდა.

- კონკრეტულად რომელ ეპიზოდს გულისხმობ?
- აი იმას, ჰოლანდიელთა კარში გოლს წინ რაც უძღოდა. ჰოლანდიელები საჯარიმოს ასრულებდნენ, ბურთი ესპანელს მხარზე მოხვდა და კუთხურიც აშკარა იყო; მაგრამ, რატომღაც, მატჩის არბიტრი ჰოვარდ ვები ამ მომენტში უკვე ... მოტრიალებული იყო და ესპანელთა წამოწყებული შეტევაც გოლით დასრულდა.

- ესპანეთის ნაკრების ქომაგები მაშინ, იმასაც `შეგახსენებენ~, ნაიჯელ დე იონგი რომ გასაძევებელი იყო.
- ამაზე სადავო არავის უნდა ჰქონდეს, მაგრამ, ვებმა, ეტყობა, ფინალის `გაფუჭება~ არ მოინდომა. სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება მაქვს: ვთქვათ, არბიტრს მართლაც შეეშალა და ასეთი უხეში თამაშისთვის ფეხბურთელი არ გააძევა. ასეთ შემთხვევაში, ფიფამ უნდა დასაჯოს ეს ფეხბურთელი. თან, ძალიან მკაცრადაც -სამი, ოთხი ან ხუთი თამაშით.

- სხვათა შორის, ვებმა ამ მუნდიალზე სხვა შეხვედრაც არადამაჯერებლად ჩაატარა: სლოვაკეთი-იტალიის მატჩს ვგულისხმობ.
- გეთანხმები, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ამ ბრიტანელმა არბიტრმა წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმსაჯა და მუნდილის ბოლოსკენ შემორჩენილი არბიტრებიდან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იყო. ამას გარდა, ახალგაზრდა არბიტრებმა, უნგრელმა კასაიმ და უზბეკმა ირმატოვმა ნახევარფინალები იმსაჯეს და ფინალის გაძღოლას აღარ ანდობდნენ.

- მუნდიალის დახურვის ცერემონიალზე რაიმე განსაკუთრებული ხომ არ მომხდარა?
- ფიფამ ის მართლაც კარგი წესი შემოიღო, დამარცხებული გუნდი გამარჯვებულს, ეგრეთ წოდებულ დერეფანს რომ უკეთებს. განსაკუთრებული კი არაფერი ყოფილა, იმის გარდა, რომ წესრიგის დამცველებმა სტადიონის ტერიტორია ძალიან მალე დაატოვებინეს მცირერიცხოვან ესპანელ ქომაგებს. საერთოდ კი, უკვე მეორე დღიდან მხოლოდ ბანერებით თუ მიხვდებოდა ვინმე, აქ რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა.

- მოკლედ, ორივემ უნდა ვაღიაროთ, რომ მუნდიალის ჩატარება აშკარად `არასაფეხბურთო~ ქვეყანაში მაინც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.
- აღარ მინდა გერმანიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მუნდიალების შედარებაზე ვილაპარაკო. ფინალის მეორე დღიდანვე სამხრეთ აფრიკაში ტელევიზიით საფეხბურთო გადაცემებს ვეღარც ნახავდით -მთლიანად რაგბიზე გადაერთვნენ. სამაგიეროდ, მიმაჩნია, რომ საერთოდ, აფრიკის კონტინენტისთვის იყო მნიშვნელოვანი ამ მუნდიალის ჩატარება. აი, ადგილობრივ ტელევიზიაშიც ყოველდღე სპეციალური გადაცემა გადიოდა, სადაც აფრიკის ყველა ცნობილი ფეხბურთელი ექსპერტების როლში ჰყავდათ: ჯორჯ ვეა, როჟე მილა, ჯეი-ჯეი ოკოჩა, აბედი პელე; საერთოდაც, სამხრეთ აფრიკაში მუნდიალის ჩატარების იდეა ხომ ამ კონტინენტზე ფეხბურთის პოპულარიზაციას ეფუძნებოდა...





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული