"ფრანს ფუტბოლი": 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ნაყიდია!

AutoSharing Option
მარტო ზინედინ ზიდანმა ყატარის კანდიდატურის ლობირებისთვის 11 მილიონი ევრო მიიღო. მოსყიდულები იყვნენ გვარდიოლა და კარამბეც!

ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა "ფრანს ფუტბოლმა" საზოგადოებას 29 იანვრის ნომერში განსასჯელად წარუდგინა მთელი სერია დოკუმენტებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ ყატარმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა კორუფციული გარიგებებით მოიგო.

გამოცემის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ 2010 წლის 23 ნოემბერს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორი კვირით ადრე, ელისეს სასახლეში საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საიდუმლო ვითარებაში უმასპინძლა ყატარის კრონპრინც თამიმ ბენ ჰამად ალ-თანის.

შეხვედრას ესწრებოდნენ
"პარი სენ-ჟერმენის" მაშინდელი მესაკუთრე, ფრანგულ საფეხბურთო წრეებში დიდი გავლენის მქონე სებასტიენ ბაზენი და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. სწორედ უკანასკნელებმა მისცეს შეიხს გარანტია, რომ საფრანგეთი არჩევნებზე ყატარს დაუჭერდა მხარს, სანაცვლოდ კი შეიხს პსჟ უნდა ეყიდა და მისი განვითარებისთვის დიდი ფული დაეხარჯა.

არადა, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ პლატინი ამერიკელთა კანდიდატურას ემხრობოდა, თუმცა "გეოპოლიტიკური მოსაზრებების" გამო მან საბოლოოდ სხვაგვარად გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში კონკურენტები იყვნენ ყატარი, აშშ, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას მხარდაჭერის მიღების შემდეგ ალ თანიმ იზრუნა აფრიკელთა ხმებზეც. მან აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის კონგრესის "ორგანიზებისთვის" 1,25 მილიონი დოლარი გამოჰყო. ამას გარდა, მილიონნახევარი გადაურიცხა ისა აიატუსა (კონფედერაციის ხელმძღვანელი) და ჟაკ ანუმას (კოტ დივუარის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი).

უკანასკნელებს ფიფას აღმასკომის აფრიკელი წევრების გადაბირება უნდა უზრუნველეყოთ. საინტერესოა, რომ აიატუსა და ანუმას წინააღმდეგ ეს პირველი ბრალდება არ არის. იმავეს ამტკიცებდა ინგლისის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ტრისმენი ორი წლის წინაც. აზიელები სერიოზულ თანხებს ხარჯავდნენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მათ სასარგებლო კამპანიაში ჩასართავადაც.

"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, სწორედ ყატარელთა ფინანსური "ინექციების" წყალობა იყო, რომ ზინედინ ზიდანი, პეპ გვარდიოლა და კრისტიან კარამბე ყატარის კანდიდატურას ლობირებდნენ. აქედან მარტო პირველმა შეიხებისგან 11 მილიონი ევრო მიიღო. ცხადია, გამოცემა მზადაა, ყველა ეს დოკუმენტი ფიფას სპეციალურ საგამოძიებო კომისიას გადასცეს. "ფრანს ფუტბოლი" მოუწოდებს ფიფას, რომ გადახედოს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატურას.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
France Football: ყატარმა 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება იყიდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული