სენსაცია: რუსეთსა და ყატარს 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობის უფლებას ართმევენ?

AutoSharing Option
ჩაწყობილი თამაშების ახალი სკანდალის შესახებ ყოველდღე უფრო და უფრო შოკისმომგვრელი ცნობები ვრცელდება. ახლა კი გერმანულმა ჟურნალმა "შპორტ ბილდმა" სკანდალური ინფორმაცია სულ სხვა, საფეხბურთო მსოფლიოსთვის ასევე არანაკლებ მტკივნეულ თემაზე გაავრცელა.

თუ ეს დადასტურდა, მორიგი "საფეხბურთო მიწისძვრა" გარდაუვალია.

"შპორტ ბილდი" ხუთშაბათის ნომერში წერს, რომ დიდი შანსია, ყატარს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვან. გერმანული ყოველკვირეული სპორტული ჟურნალი ამ ინფორმაციას ერთ-ერთ ინფორმატორზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფიფაში სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ ყატართან ერთად, მუნდიალის მასპინძლობის
უფლება რუსეთსაც ჩამოართვან, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი 2018 წელს უნდა ჩატარდეს.

როგორც ირკვევა, ფიფას ე.წ. ეთიკის კომისიამაც კი ეჭვი გამოთქვა, რომ ყატარმა და რუსეთმა ხმების გარკვეული რაოდენობა ფულით იყიდეს.

ამას წინათ "ფრანს ფუტბოლის" მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე ვწერდით - ჩვენი ფრანგი კოლეგები იუწყებოდნენ, საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ყატარელებს მუნდიალის მასპინძლობის უფლება "პარი სენ ჟერმენის" "მიხედვაში" გაუცვალესო.

ახლა "შპორტ ბილდი" წერს, რომ 57 წლის პლატინი 2010 წლის ზამთარში, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის გარკვევამდე ცოტა ხნით ადრე სარკოზისთან ერთად ყატარის შეიხს და პსჟ-ის ხელმძღვანელებს შეხვდა. ჩვენი კოლეგების ინფორმაციით, ამ ვახშამზე სარკოზიმ პლატინი იმაში დაარწმუნა, რომ ხმა ყატარისთვის უნდა მიეცა.

უეფას პრეზიდენტიც სწორედ ასე მოიქცა, შეიხმა ჰამად ალ თანიმ კი ამის სანაცვლოდ პარიზულ კლუბში მილიონობით ინვესტიცია ჩადო.

სხვათა შორის, ზუსტად ერთი წლის შემდეგ პლატინის ვაჟი ლორენი ყატარელი ინვესტორების ჯგუფის შეფი გახდა ევროპაში...

ფიფას ეთიკის კოდექსის მიხედვით, პლატინის ასეთი შეხვედრისა და მისი დეტალების შესახებ ფიფასთვის უნდა ეცნობებინა. პლატინი ბრალდებებს უარყოფს.

მაისში ფიფას კონგრესია დაგეგმილი, რომელზეც, "შპორტ ბილდის" ცნობით, ეთიკის კომისია მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების თავიდან გადაცემის იდეას წამოაყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კორუფცია დადასტურდა, ფიფას აშშ-სთვის, ავსტრალიისთვის, იაპონიისთვის და სამხრეთ კორეისთვის, შესაძლოა, ზარალის ანაზღაურება მოუხდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ფრანს ფუტბოლი": 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ნაყიდია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული