პეპე რეინა: ესპანეთი პოლუსების ქვეყანაა - შუა არ არსებობს

AutoSharing Option
ხოსე მანუელ "პეპე" რეინა გამოცდილი გოლკიპერია, რომელმაც ახლახან შეიცვალა ნავსაყუდელი და "ლივერპულში" გატარებული 8-წლიანი პერიოდის შემდეგ "ნაპოლიში" იჯარით გადავიდა.

31 წლის რეინას პოზიცია ესპანეთის ნაკრებში ეჭვს არ იწვევს, ის მესამე გოლკიპერად ითვლება და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მისთვის მესამე მუნდიალზეც გაემგზავრება. საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ მას "მარკა" გაესაუბრა.

პეპე ნაკრებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მას გამარჯვებულის მენტალიტეტი ყველაფრის მომგებ გუნდშიც კი გამოარჩევს.

- თქვენ უახლოვდებით კარიერაში მესამე მუნდიალს...
- ჯერ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, მაგრამ ძალიან მიხარია, რადგან ეს დიდი პატივია
ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ ნაკრებში დიდხანს თამაშობ, ანუ ხანგრძლივი, სტაბილური და წარმატებული კარიერა გაქვს.

- თქვენთვის პირველი, 2006 წლის მუნდიალი... რა გახსენდებათ პირველ რიგში?
- მახსენდება გუნდი, რომელიც იზრდებოდა, ეძებდა თავის ფილოსოფიას, მიზნისკენ მოთმინებით მიდიოდა და დამსახურებულად დამარცხდა საფრანგეთთან.

- ყველაზე მეტად რა გეამაყებათ?
- რომ ნაკრების მოქმედი წევრი ვარ, იმ ნაკრების, რომელმაც ბოლო წლებში 3 დიდი ტიტული მოიგო, რომ კიდევ ვახსოვარ ამ ნაკრებს და მენდობა.

- რას შეცვლიდით თქვენს კარიერაში?
- არაფერს. წაგებებიც კი კარგად მახსენდება, რადგან მათგან ყოველთვის შესაბამისი დასკვნები გამოგვქონდა. არასოდეს დამავიწყდება შვედებთან წაგების შემდეგ, მურსიაში ფანებმა ვარჯიშიც კი არ გაგვამართვინეს. ეს იყო საშინელება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ინციდენტი ძალიან დაგვეხმარა პროფესიულ ზრდაში. ჩვენ მაშინ დიდი გაკვეთილი მივიღეთ - ცხოვრებისეულიც და პროფესიულიც.

- შემდეგ კი ნაკრებმა ისინიც კი გაახარა, ვინც ადრე შეურაცხყოფას აყენებდა...
- არ გაიგოთ ისე, თითქოს ეს იყო ნორმა - მურსიის ინციდენტი იყო გამონაკლისი. როგორც წესი, ჩვენი გულშემატკივრები გვერდში გვიდგანან. უბრალოდ, ესპანეთი ექსტრიმის ქვეყანაა - აქ არის პოლუსები და არ არის არავითარი შუა, მით უფრო, ოქროს შუალედი. თვალის დახამხამებაში ყველაფერი შეიძლება "ამოტრიალდეს" საპირისპიროდ.

- ჰორიზონტზეა ბრაზილია 2014. მას მერე, რაც ბრაზილიის ნაკრებმა კონფედერაციათა თასზე თავისი ძალა ყველას აჩვენა, შეიძლება კი მათი დამარცხება მათსავე სტადიონებზე?
- ეს იქნება ძალიან, ძალიან ძნელი. ბრაზილიას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს და მთელი ქვეყანა ჩამოიქცევა მათი ქომაგობით, მაგრამ ჩვენ ჩვენი ამოცანები გვაქვს და ისინი უნდა შევასრულოთ.

- როგორ დაასათაურებდით ფილმს, რომელიც ამბობს, რომ ესპანეთმა მოიგო 2014 წლის მუნდიალი?
- "ოცნება სინამდვილეა". საფეხბურთო ქვეყანაში გამარჯვება მართლა დიდებული იქნება.

- კონფედერაციათა თასზე ბრაზილიის ნაკრებთან 0:3-მაც კარგი გაკვეთილის როლი ითამაშა?
- იმედია. ეს იყო საშინელი მარცხი, ისინი გვჯობდნენ და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მოვლენები შეიძლება ისევ ასე განვითარდეს.

- რას ეტყვით პესიმისტებს?
- უკვე ძალიან ბევრჯერ მოვიგეთ მაშინ, როცა თითქოს არ უნდა მოგვეგო. ჩვენი ნაკრების, ძირითადად, უფრო სჯერათ, რადგან ესპანეთის ნაკრებმა იცის, როგორ მოიგოს. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვსურს და გვსურს გავიმეოროთ წინა წლების წარმატებები.

- როგორ ფიქრობთ, გააგრძელებს ნაკრების მომავალი თაობა წარმატებულ თამაშს?
- არ ვიცი, ძნელია ზედიზედ სამი დიდი ტიტულის მოგება.

- იკერ კასილიასის პრობლემებზე ბევრი დაიწერა. თქვენ თავად ხართ სხვა გოლკიპერების ჩრდილში ნაკრებში. რას იტყვით იკერის სიტუაციაზე?
- მესმის კასილიასის, მაგრამ დიეგო ლოპესიც კარგი ფეხბურთელია და თუკი ის კარგად თამაშობს, მწვრთნელს რა დარჩენია?

- კი, მაგრამ იკერი ნაკრების და "რეალის" კაპიტანია, მას ზურგს 151 მატჩი უმაგრებს, ის არის ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი.
- ეს ყველაფერი ხომ წარსულში იყო? წარსულს კი ფეხბურთში მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის იკერი რჩება ნომერ პირველ მეკარედ და მე მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად ნაკრებში ვირიცხები, მაგრამ მიმაჩნია, რომ კონკურენცია ჯანსაღი და სპორტული უნდა იყოს. ამიტომ თავის შანსს დიეგო ლოპესიც ისევე იმსახურებს, როგორც იკერი.

- როგორ გრძნობს თავს გოლკიპერი, რომელიც ყოველ უქმეებზე თამაშობს, ჩამოდის ნაკრებში, მაგრამ სკამზეა?
- ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა და მეტი არაფერი.

- პალმაში ესპანეთის ნაკრების კარში ვიქტორ ვალდესი იდგა...
- მწვრთნელი ის ადამიანია, ვინც წყვეტს, ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა. ჩვენ კი უნდა გამოვიდეთ და დავიცვათ ესპანეთის ღირსება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ და ვალდესს დელ ბოსკე ნაკლებად გენდობათ?
- არავითარ შემთხვევაში. ყოველთვის ვგრძნობდი მწვრთნელის დიდ ნდობას ჩემი მისამართით. ჩვენ საქმეს მხოლოდ პროფესიულად ვუდგებით.

- როგორც ნაკრების ერთ-ერთი ავტორიტეტი, რას იტყვით დიეგო კოშტასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე?
- ბიჭს ჩვენთან თამაში სურს. მწვრთნელს, როგორც ვატყობ, მისი მიწვევა უნდა. ის არის ესპანეთის მოქალაქე, ყველაფერი ლეგალურადაა. მაშ, რატომაც არა? ჩვენ მხოლოდ ერთს ვთხოვთ, ესპანეთის ნაკრების ღირსება ბოლომდე დიდი გულმოდგინებით დაიცვას.

- მართლაც, სჯობს რომ ის თანაგუნდელი იყოს და არა მეტოქე...
- დიეგო კოშტას წინააღმდეგ თამაში დიდი თავსატეხია. ამიტომ სჯობს, მეტოქე ნაკრებთა მცველებმა იდარდონ.

- ნეაპოლი და ფეხბურთი...
- ეს თითქმის რელიგიაა. ნეაპოლი სუნთქავს ფეხბურთით, ლივერპულშიც ასევე იყო.

- და ამ რელიგიაში ვინ არის ღმერთი?
- დიეგო მარადონა! და ასე იქნება კიდევ მრავალი წელიწადი. მინდა, რომ იგივე სიყვარული დაიმსახუროს გონსალო იგუაინმა ნეაპოლში, რომელიც ახლა ხდება ნეაპოლელთა კერპი.

- შეიძლება მოიგოთ სერია A?
- ეს არის ჩვენი მიზანი, რომელიც ძალიან ძნელად მისაღწევია. "იუვეს" დიდებული გუნდი ჰყავს, ბრწყინვალედ თამაშობს "რომა", რომელსაც ევროთასების ტვირთი არ აწევს.

- რა მოხდება ნეაპოლში, თუ გუნდი "სკუდეტოს" მოიპოვებს?
- ამის წარმოდგენა მიჭირს. ალბათ, ქალაქი გაგიჟდება სიხარულისგან.

- ამბობენ, რომ თქვენი კარიერის მომავალი პუნქტი "ბარსელონაა". თუ ნეაპოლში დამკვიდრება გსურთ?
- მე უნდა დავბრუნდე "ლივერპულში", რადგან იტალიაში ვთამაშობ იჯარით. მეტი მომავალზე საუბარი არ მსურს. მინდა "ნაპოლის" გამოვადგე ამ სეზონში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

დოსიე
ხოსე მანუელ "პეპე" რეინა პაესი
დაიბადა: 1982 წლის 31 აგვისტოს
დაბადების ადგილი: მადრიდი
სიმაღლე: 188 სმ.
პოზიცია: გოლკიპერი
კარიერა
1988-99 - "ბარსელონას" სკოლა
1999-2002 - "ბარსელონა"
2002-05 - "ვილიარეალი"
2005-13 - "ლივერპული"
2013 - "ნაპოლი" (იჯარით)
ეროვნული ნაკრები
29 თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეპე რეინას მოულოდნელი აღსარება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული