კლასიკა მილანში: იტალია-გერმანია

AutoSharing Option
15 ნოემბერს მილანში, "სან სიროზე" ისეთი ამხანაგური მატჩია, არაერთ ოფიციალურ მატჩს რომ აჯობებს: იტალია-გერმანია კლასიკაა, რომელიც ყველა შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება.

გერმანიის ნაკრებს იტალია 1995 წლის 21 ივნისის შემდეგ აღარ დაუმარცხებია და საფეხბურთო გერმანიას დღემდე მწარედ ახსოვს როგორც 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალი, ისე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალიც.

ორივე შემთხვევაში ფავორიტად გერმანია იყო მიჩნეული - 2006-ში იმიტომ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი გერმანიაში მიმდინარეობდა, 2012-ში კი იმიტომ, რომ გერმანელებს მართლა უკეთესი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ გამარჯვება მაინც იტალიას დარჩა, გერმანელებს კი იტალიელების მიმართ
კომპლექსი გაუჩნდათ...

იტალია 4-4-2-ით
მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდება. "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, "ფიორენტინას" თავდამსხმელ ჯუზეპე როსის ვერ გამოიყვანს - ამ უკანასკნელს ანგინა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიელთა წინა ხაზზე, მარიო ბალოტელისთან ერთად, "საუთჰემპტონის" თავდამსხმელი პაბლო ოსვალდო უნდა ვიხილოთ.

პრანდელის იმედი ჰქონდა, რომ როსი გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, მაგრამ ჯუზეპემ ოთხშაბათსაც ვერ ივარჯიშა და დღეს მისი მოედანზე გასვლა გამორიცხულია, რაც "აძურის" მთავარმა ექიმმა ენრიკო კასტელაციმ 14 ნოემბერს დაადასტურა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ მის ნაცვლად იტალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, ბალოტელის მხარდამხარ, ოსვალო ითამაშებს.

მართალია, როსი (11 გოლი იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში) პრანდელის ერთადერთი დანაკლისია, მაგრამ მისი არყოფნა "სკუადრა აძურასთვის" დიახაც, პრობლემაა, რადგან "ფიორენტინას" ლიდერი შესანიშნავ ფორმაში იყო. სხვა მხრივ, პრანდელის გერმანიასთან, ფაქტობრივად, საუკეთესო შემადგენლობის გაყვანა შეუძლია (კიელინის არყოფნა თავიდანვე ცნობილი იყო).

იტალიელთა თავკაცი ექსპერიმენტირებას არ აპირებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გუნდს 4-4-2 სქემით ათამაშებს, რომელშიც ნახევარმცველები ძირითადად ცენტრიდან იმოქმედებენ. ფლანგის მცველებს, აბატესა და "აძურიში" დაბრუნებულ კრიშიტოს გარემარბების ფუნქციების შესრულებაც მოუწევთ; პირლომ, მონტოლივომ, მოტამ და მარკიზიომ კი ცენტრს უნდა მიხედონ.

"4-4-2 ისეთი ტაქტიკაა, რომლის მოდიფიცირება თამაშის დროს ყოველთვის ადვილია და თუ ნახევარმცველები მუდმივ როტაციაში არიან, ამით მეტოქეს მოედნის ცენტრში სივრცეები ეზღუდება. გერმანიასთან ჩვენი მიზანი სწორედ მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვაა," - აღნიშნა პრანდელიმ 14 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სხვათა შორის, გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა იტალიას ყველაზე მეტად სწორედ სივრცეების შეზღუდვის უნარი და მოქნილი ნახევარდაცვა შეუქო: "იტალიის ნაკრების უძლიერესი მხარე ტაქტიკური მოქნილობა და ერთი-ერთზე თამაშის ოსტატობაა. ტაქტიკური შესაძლებლობებით, იტალიელებს ბადალი არ ჰყავთ," - თქვა ლიოვმა და იქვე დასძინა, თუკი ჩვენ რამე გვაქვს იტალიელებისგან სასწავლი, პირველ რიგში, ეს დაცვის ხაზის თამაშზე ითქმისო.

"იტალიელები ძალიან ჭკვიანები არიან. პირველ რიგში, მცველებს ვგულისხმობ. როცა საქმე ცუდად მისდით, იტალიელებს ყოველთვის შეუძლიათ რაღაც ისეთის მოფიქრება, რითაც ვითარებას გამოასწორებენ და განსაკუთრებით დაცვაში ძალიან თავდაჯერებულები არიან," - დასძენს ლიოვი.

პრანდელი გერმანიის ნაკრებს ესპანეთთან ერთად მსოფლიოში უძლიერეს გუნდად მოიხსენიებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის შემდეგ იტალია ლონდონში ორშაბათს ნიგერიას ეთამაშება და იმ მატჩში პრანდელის როტაციის შანსი მიეცემა.

"გაფართოებულ სიაში სულ 35 ფეხბურთელი მყავს," - აღიარებს პრანდელი. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, სამუნდიალე განაცხადში 16 ადგილი უკვე დაკავებულია - თუ, რა თქმა უნდა, ვინმე არ დაშავდა. დანარჩენი ადგილებისთვის ბრძოლა კი სწორედ ამხანაგურ მატჩებში იქნება. თუმცა პრანდელიმ იმ 23 ფეხბურთელს, რომლებიც ზაფხულში ბრაზილიაში წავლენ და მსოფლიო თასისთვის იბრძოლებენ, ერთი რამ უკვე უბრძანა:

ჩეზარემ თქვა, რომ მუნდიალის დროს ფეხბურთელებს სოციალური ქსელებით, "ფეისბუქითა" და "ტვიტერით" სარგებლობა აეკრძალებათ. ეს განსაკუთრებით ბალოტელის არ ესიამოვნებოდა...

კრუზე თუ გიოტცე?
ლიოვს უფრო სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: მიროსლავ კლოზეს და პერ მერტეზაკერის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა, მესუთ იოზილმა კი გამოჯანმრთელება მოასწრო და "სან სიროზე" თამაში შეუძლია. თუმცა გერმანიის ნაკრებში ტრავმების გამო გამოძახებულები საერთოდ არ არიან ბასტიან შვაინშტაიგერი, ილქაი გიუნდოგანი, მარიო გომესი და ლუკას პოდოლსკი.

კლოზეს არყოფნამ კი მთავარი კითხვა წარმოშვა: ვინ ითამაშებს ცენტრფორვარდის პოზიციაზე - მარიო გიოტცე თუ მაქს კრუზე? ეს უკანასკნელი კარგ ფორმაშია, "გლადბახის" ლიდერია და უფრო ცენტრფორვარდია, ვიდრე გიოტცე, რომელიც ასევე შევიდა ფორმაში და "ბაიერნში" უკვე მუდმივად თამაშობს.

4-2-3-1-ში ყველაზე წინ თამაში თომას მიულერსაც შეუძლია, მაგრამ ლიოვს ეს უკანასკნელი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ურჩევნია.

15 ნოემბერი. მილანი. ჯუზეპე მეაცა.
იტალია-გერმანია 23:45
სავარაუდო შემადგენლობები:
იტალია (4-4-2): ბუფონი - აბატე, ბარძალი, ბონუჩი, კრიშიტო - მარკიზიო, პირლო, ტ. მოტა, მონტოლივო - ოსვალდო, ბალოტელი.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ჟ. ბოატენგი, ჰუმელსი, შმელცერი - ხედირა, ტ. კროოსი - თ. მიულერი, იოზილი, როისი - გიოტცე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"სკუადრა აძურა" დაირაზმა, წინ კლასიკაა...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ სტატიის ავტორმა ჭადრაკზე წეროს რაა, ფეხბურთი არ იცის როგორც ჩანს. გერმანიას იტალიაზე ძლიერი გუნდი რომ ჰყოლოდა ევროპაზე გერმანია მოიგებდა.ავტორი წადი თავი აიფეთქე რაა
levan
16:11 15-11-2013
0
აბა რას ამბობ, რამდენიც გინდა იმდენი შემთხვევაა ძლიერი გუნდი რომ იგებს! ზოგადად "ძლიერი" თუ "სუსტი" ფეხბურთში მაგარი რთული სათქმელია, მარა ევრო 2012-ზე შედარებით ადვილია მაგის გარკვევა: გერმანიამ ჯგუფში სამივე თამაში მოიგო, თან მოუგო ჰოლანდიას და პორტუგალიას და მეოთხედფინალშიც საბერძნეთს დამაჯერებლად გასცდა. იტალიამ კიდე ჯგუფში ერთი თამაში მოიგო მარტო, ისიც ირლანდია და 2 ფრე ითამაშა (ესპანეთი და ხორვატია) და მერე მეოთხედფინალში პენლებით მოუგო ინგლისს. მეტი რაღა არგუმენტები გინდა, ძალიან სწორია ავტორი!
მიჩინიო
17:14 15-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული