უკრაინა-საფრანგეთი 2:0 - ფრანგები უფსკრულის პირას [VIDEO]

AutoSharing Option
დიდიე დეშამს სასწაულის იმედი დარჩა

საფრანგეთის ნაკრებმა კიევში პირწმინდად წააგო და საპასუხო მატჩი წინ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. რიბერიმ და კომპანიამ ორბურთიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრან, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1994 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველად, "სამფეროვნები" მუნდიალს მიღმა დარჩებიან.

უკრაინაც და საფრანგეთიც შეხვედრას სერიოზული დანაკლისის გარეშე შეხვდნენ. ორივე გუნდს ჯამში მხოლოდ ერთი ისეთი ფეხბურთელი აკლდა, რომელიც ძირითადის წევრად მოიაზრება - დენის გარმაში ტრავმირებულია. წყვილის ფავორიტად, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრები ითვლებოდა, თუმცა უკრაინამ მუნდიალის ეს შესარჩევი ეტაპი საკმაოდ კარგად ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ
სლავები საკმაოდ ძლიერ ჯგუფში იყვნენ, მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი სწორედ მიხაილ ფომენკოს შეგირდებს ჰქონდათ.

პირთამდე სავსე "ოლიმპიისკიზე" გამართული მატჩის პირველი ტაიმი სანახაობრივი კუთხით საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. ორივე გუნდი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე მეტოქის მეკარის შეწუხებაზე. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსგავსი სცენარი გასაკვირი არც იყო. მასპინძლები ფრანგების ყველაზე სახიფათო ფეხბურთელს, ფრანკ რიბერის საკმაოდ კარგად მეურვეობდნენ და "ბაიერნის" შემტევს გასაქანს არ აძლევდნენ. მიუხედავად ამისა, რიბერიმ რამდენჯერმე საკმაოდ კარგად ითამაშა და უკრაინელი გულშემატკივრებიც ანერვიულა. ყრუ დაცვაში არც სლავები ჩამდგარან, მაგრამ მომენტებამდე საქმე

არ მიდიოდა. შედეგად, პირველი ტაიმი აბსოლუტურად ლოგიკური შედეგით, 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი გაცილებით ცოცხალი და სანახაობრივი გამოვიდა. უკრაინელებმა შეტევაში აშკარად მოუმატეს, რასაც ლოგიკური შედეგი მოჰყვა - რომან ზოზულიამ სტუმარი გუნდის მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. დიდიე დეშამის სამწყსომ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ განსაკუთრებით გამოსარჩევი ლორან კოშიელნის საშინელი თამაში იყო. ლონდონის "არსენალის" ცენტრალურმა მცველმა საკუთარი გუნდი დააღალატა: 83-ე წუთზე, კოშიელნი საკმაოდ სულელურად მოიქცა და საჯარიმოში ზოზულია წააქცია, რასაც პენალტის დანიშვნა და უკრაინელთა მეორე გოლი მოჰყვა, რამდენიმე წუთში კი კუჩერს ხელი გაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. "მეთოფეთა" ცენტრალური მცველი საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ფრანგებისთვის ასე სჯობდეს. დანაკლისი ფომენკოსაც ექნება - უკრაინას ორი მცველი, ფედეცკი და კუჩერი არ ეყოლება, რაც ლანჩხუთის "გურიას" ყოფილი მწვრთნელისთვის, მცირე რესურსიდან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

თავად შეხვედრა კი მასპინძლებს დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ, მაგრამ 2:0-ზე სლავებმა რამდენიმე ძალიან სახიფათო კონტრშეტევით ვერ ისარგებლეს. უკრაინამ საფრანგეთთან ისტორიაში მერვე თამაში გამართა და მეტოქის დამარცხება პირველად შეძლო, თუმცა ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში გააკეთა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
უკრაინა-საფრანგეთი 2:0
გოლები: 1:0 ზოზულია (61), 2:0 იარმოლენკო (83-პენ)
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - ფედეცკი, კუჩერი, ხაჩერიდი, შევჩუკი - ედმარი (76. ბეზუსი), სტეპანენკო - იარმოლენკო, როტანი, კონოპლიანკა (92. გუსევი) - ზოზულია (86. სელეზნიოვი)
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - დებუში, კოშიელნი, აბიდალი, ევრა - მატუიდი, პოგბა - რემი (62. სისოკო), ნასრი (80. ვალბუენა), რიბერი - ჟირუ (70. ბენზემა)
გაფრთხილება: შევჩუკი, ფედეცკი, კუჩერი - ჟირუ, სისოკო
გაძევება: კოშიელნი (90. საფრანგეთი), კუჩერი (90+4. უკრაინა)
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 24-20; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-8 (4-6); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 67 732

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფრანგებთან თამაშამდე დავმარცხდით!
guja_kakhadze
16 ნოემბერი 2013 18:16
0
ნახეთ ფეხბურთელები რას შვებოდნენ? გაგლეჯდნენ ყველას უფლება რომ ქონოდათ... ეგრე ნათამაშები მანახა საქართველოს ნაკრები და ნუ მოიგებენ... უკრაინელები გავლენ და ქეცბაიას შერცხვება 3:0 ით ამაყი რომ იყო.
PARFIUMER
16 ნოემბერი 2013 15:06
0
საღოლ უკრაინა. მაგარი შეუსრულეს ფრანგებს . ვფიქრობ რომ უკრაინა გავა შემდეგ ეტაპზე...
neo
16 ნოემბერი 2013 11:04
0
მოდი და ფეხბურთელები შეადარე ცალცალკე...ფრანგი ვარსკვლავები!...ჭკვიანი მწვრთნელი და უზადო მონდომება ყველა ფეხბურთელისა და შეუძლებელი არაფერია...დროზე მოაცილონ ქეცბაია და ნახავთ უკრაინაზე უკეთესი ფეხბურთელები თუ არა გვყავს...
murtalo
16 ნოემბერი 2013 06:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული