შვედეთი-პორტუგალია 2:3 - აქ მხოლოდ მე ვარ! [VIDEO]

AutoSharing Option
აბა, როგორ მოგეწონათ? ეს მატჩი ვინც ვერ ნახა, სტატისტიკის გადახედვისას მაინც დიდ სიამოვნებას რომ მიიღებს, აი, ასეთი შეხვედრა იყო.

აკი ვივარაუდეთ, ბევრი გოლი იქნება და რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს "ფრენდს არენაზეო" და აგერ, ბატონო...

შეხვედრა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ორ ნახევრად დაიყო. ტაიმები რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. პორტუგალია თავიდანვე დაეუფლა ტერიტორიულ უპირატესობას და ნელ-ნელა სათამაშოში გადაზარდა.

გატანა ჯერ ბრუნო ალვეშს შეეძლო, მერე კრიშტიანო რონალდოს. პირველ ეპიზოდში ანდრეას ისაკსონმა ითამაშა დიდებულად, მეორეში კი "რეალის" ფორვარდმა გადააცილა სულ ცოტა. მომენტი ჰქონდა ელდერ პოშტიგას
ნაცვლად ძირითადში დაყენებულ უგო ალმეიდასაც.

პაოლო ბენტოს შეგირდებმა რამდენჯერმე შორიდანაც დაარტყეს და მოკლედ, ისე იქცეოდნენ, როგორც საკუთარ სახლში.

აშკარად ჩანდა, რომ დღეს პორტუგალია უკეთესი გუნდია, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად და ტექნიკურად. პორტუგალია უფრო მზად იყო მუნდიალისთვის და აქ მეორე პლანზე გადადიოდა იბრაჰიმოვიჩი VS რონალდო, რადგან გამოჩნდა, რომ სტუმრები გუნდად ჯობდნენ მასპინძლებს და ეს მთავარი გახლდათ.

მეორე ტაიმი იგივე სცენარით გაგრძელდა და 50-ე წუთზე ლოგიკურ შედეგამდე მივედით - ჟოაო მოუტინიომ მშვენიერი პასი გაუჭრა რონალდოს. სკანდინავიელთა დაცვა ჩავარდა, კრიშტიანომ კი გროსმაისტერულად იმოქმედა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცოტა ხანში... პორტუგალიამ საქმე მომთავრებულად ჩათვალა და სულ ოდნავ მოეშვა. სწორედ ამ დროს მოვიდა ხასიათზე ზლატანი, რომელსაც ამ ორმატჩიანი დუელისას საათნახევარზე მეტი ფეხბურთი არ ჰქონდა ნათამაშები და ასეთი ადვილი გამოსარჩევი რომ არ იყოს სხვებისგან, იმის შემჩნევაც კი გაგვიჭირდებოდა, იყო თუ არა ამ პერიოდში მინდორზე. ერთ-ორ პატარა გამონათებას თუ არ ჩავუთვლით.

შვედების მთავარმა იმედმა მართლაც "იბრაკადაბრა" გააკეთა და 4 წუთში ყველაფერი თავდაყირა დააყენა - ამიტომაც არის ზლატანი დიდი ფეხბურთელი.

იბრამ ჯერ კიმ კალსტრიომის კუთხურიდან ჩაწოდებული გადაგზავნა მეტოქის კარში, თანაც დამდგარმა, ისე, რომ ბრუნო ალვეში ყველანაირი ილეთით ცდილობდა მის შეჩერებას, მაგრამ ძვრა ვერ უყო; მერე კი საჯარიმოს ხაზთან დანიშნული ჯარიმა ისე ყუმბარისებურად დაარტყა, რომ კარის ბადეს ლამის ის დამართა, რითიც შტეფან კისლინგს უყვარს ხოლმე სარგებლობა.

შვედეთი თამაშში დაბრუნდა! იბრაჰიმოვიჩი დიდად არ იმჩნევდა, მოკრძალებულად აღნიშნა და ერიკ ჰამრენის ბიჭებიც დაფაცურდნენ... თუმცა სწორედ ამ დროს სცენაზე დაგვიბრუნდა "ისიც".

სულ 5 წუთი უცემდათ გული არანორმალური სიჩქარით შვედებს, სულ 5 წუთი იყვნენ ერთ ნაბიჯში ბრაზილიასთან. კრიშტიანო რონალდომ უგო ალმეიდასგან მიიღო ბურთი, ცოტა შეიყოლა, კარგად დაამუშავა და... 2:2.

კრიშტიანო რის კრიშტიანოა, მომენტი თუ არ დაიჭირა - პორტუგალიელი შემოტრიალდა და როგორც კამერის, ასევე მისკენ გაქცეული თანაგუნდელების დასანახ-გასაგონად გამოთქმით, გამოკვეთილად და ცხადია, ჟესტიკულაციითურთ წარმოთქვა: "აქ მხოლოდ მე ვარ!"

ისეთი სცენა იყო, ეს ორი ღერი პორტუგალიური რომ არ გცოდნოდა კაცს, იქვე, იმ მომენტში ისწავლიდი.

აქედან 2 წუთში რონალდომ ყოველგვარი ეჭვი და ილუზია გაფანტა და თავისი ბენეფისი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. მეპასედ კვლავაც მოუტინიო მოგვევლინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მასპინძელთა მცველებს კი რაღაც სჭირდათ. სამივე გოლისას მათ რონალდოს იმხელა სივრცე დაუტოვეს და ისე შეცდნენ, რომ არ ეპატიებათ და არც ეპატიათ.

ამის შემდეგ შვედები ბოლომდე დაიშალნენ და იმავე რონალდოს სულ ცოტა, კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ისიც ისეთი დაცლილი იყო ემოციებისგან, რომ მეტი ვეღარ შეძლო.

სკანდინავიელებს მარტო ზლატანის 15-წუთიანი ათამაშება, კიმ კალსტიომის ფაფხური და ისაკსონის "სეივები" კი არ ეყოთ.

იმდენი ვიძახეთ იბრაჰიმოვიჩი და რონალდო, რომ ორმატჩიან დუელში გასული ექვსივე გოლი ამ ორ დიდ მოთამაშეზე მოდის - მეტი რა ექნათ? დანარჩენი მუნდიალზე. სამწუხაროდ, იბრას გარეშე; სამაგიეროდ, რონალდოთი.
უკეთესმა გუნდმა მოიგო.

აბა, ბრაზილიაში პორტუგალიის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი გაგონილა?

P.S. რონალდოს სახელით, პორტუგალიელმა ფანებმა ტრიბუნებიდან მოკითხვა შეუთვალეს ზეპ ბლატერს. მათ ტრანსფარანტი ეჭირათ წარწერით - comandante ronaldo.

მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
შვედეთი-პორტუგალია 2:3 (0:1)
გოლები: 0:1 რონალდო (50), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (68), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (72), 2:2 რონალდო (77), 2:3 რონალდო (79)

შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ლუსტიგი, ანტონსონი, ნილსონი, ოლსონი - კაჩანიკლიჩი (82. კაჩანიკლიჩი), ელმი (46. ა. სვენსონი), ს. ლარსონი (90. გერნდტი), კალსტრიომი - იბრაჰიმოვიჩი, ელმანდერი.
პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - პერეირა, ბ. ალვეში, პეპე, კოენტრაო (52. ანტუნეში) - მოუტინიო, ველოზო, მეირელეში (73. უილიამი) - ნანი, უგო ალმეიდა (82. რ. კოშტა), რონალდო.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)
გაფრთხილება: ოლსონი, ნანი, ა. სვენსონი, კალსტრიომი, ანტონსონი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 10-14 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 10-16 (5-6) ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 49766

მატჩის შემდგომი კომენტარები:
კრიშტიანო რონალდო: ჩემი მიზანი ნაკრების მუნდიალზე გაყვანა იყო და ეს გავაკეთე

I მატჩი:
პორტუგალია-შვედეთი: რონალდო VS იბრა 1:0 [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რონალდუ მამა ხარ :D
beka
08:44 20-11-2013
0
თამაშს სამწუხაროდ ვერ ვუყურე მაგრამ ამ სტატიის წაკითხვისას ყველაფერი კარგად გავიგე :D სადაც რონალდოა სხვაგვარად არც შეიძლებოდა.
mariami
11:54 20-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული