"არმაზმა" ჩემპიონს სძლია და საჩემპიონო რბოლას გამოთიშა

AutoSharing Option
© გოგიტა ბუხაიძე

მარნეულის "არმაზმა" მოქმედ ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს" დაძაბულ მატჩში 21:20 სძლია და საჩემპიონო რბოლას გამოთიშა, თავად კი ისტორიული შედეგი უკვე დაიბევა და მისი გაუმჯობესებისკენ სვლას აგრძელებს.

შიდა ჩემპიონატში "არმაზს" აქამდე მედლების ზონაში არასდროს შეუღწევია. მისი საუკეთესო შედეგი 2013 წელს, მეოთხე ადგილი იყო და ახლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლები უკვე დაბევებული აქვს და წინსვლის შანსს ინარჩუნებს.

2018/19 წლების დიდი 10-ის პლეი-ოფის მეორე ეტაპზე, გასავარდნ ფინალში, "ლოკომოტივმა" მეტოქეს სამი ლელო გაუტანა და თავად მხოლოდ ორი გაუშვა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს
საკმარისი არ აღმოჩნდა.

თამაში თავიდანვე დაძაბულად დაიწყო. ორივე გუნდი მაქსიმალური მობილიზებით თამაშობდა, თუმცა ამინდისა და ზედმეტი ნერვიულობის ფონზე, შეცდომებიც მოსდიოდათ. ანგარიში ტაიმის შუაში გაიხსნა, როდესაც "ლოკომოტივმა" დერეფნიდან მოლი დააყენა და გაგა არაბულმა ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო. 26-ე წუთზე რეზი ჯინჭველაშვილმა მეტოქეს ჯარიმით უპასუხა, თუმცა ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი ლელო გაუშვა.

ზურაბ ძნელაძემ თავის ნახევარზე, რაქიდან მოკლე ფრთაზე შეუტია და ბურთი იოანე ხელაიას გააყოლა. ის 22-მეტრიანთან შებოჭეს, ფეხით გადაკიდებული ბურთი კი ლუკა დვალიშვილმა თავის ლელოში იძულებით დაამიწა. აწ უკვე ექსჩემპიონმა 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ კი, გრძელი პასით ხელაიამ ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს ჯინჭველაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი "ლოკომოტივის" გამარჯვებით დასრულდა - 10:6.

მეორე ტაიმის დასაწყისში წიკლაურმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, რაზეც 56-ზე ჯინჭველაშვილმა ასევე ჯარიმით უპასუხა. 67-ე წუთზე მარცხენა ფრთაზე ნიკა გიგაურმა მბოჭავი კონტაქტით მოიშორა და სიჩქარე აკრიფა, მცველი აიყვანა და ბურთი გიორგი ჭედიას გაატანა, რომელმაც გიორგი კვესელაძეს პასი არ დაუგვიანა და მანაც ლელოთი "არმაზი" დააწინაურა. ჯინჭველაშვილს გასატანი პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა.

"ლოკომოტივი" გააქტიურდა, ტემპს უმატა და ხელდახელ შეტევით მესამე ლელო გაიტანა. რამდენიმე პასის შემდეგ ფრთაზე გიორგი შკინინი გაიქცა, რომლის ოფლოუდი ლელოთი წიკლაურმა დაასრულა და თავადვე გარდასახა. გავიდა რამდენიმე წუთი და უკვე "არმაზმა" გაშალა შეტევა, მარცხენა ფრთაზე უპირატესობა მოიპოვა და გიგაურმა ლელო ამჯერად თავად გაიტანა, ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და "არმაზს" 21:20 მოაგებინა.

მარნეულელები წინასწარ ფინალში 5 მაისს რუსთავში ადგილობრივ "ხარებს" ეთამაშებიან. ამ წყვილის გამარჯვებული 12 მაისს, დიდ ფინალში "ბათუმს" ეწვევა, ხოლო დამარცხებული ბრინჯაოს მედლებს დასჯერდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გამოგვდის და თანაც ყოველწლიურად, სულ უფრო უკეთესი.
სოსო
22 აპრილი 2019 12:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული