რ/კ-ის პრეზიდენტმა პირველი არხის განცხადებას სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, "თიბისი რაგბის" სერიების ტელეტრანსლირებასთან დაკავშირებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადებას სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

რაგბის კავშირის მიერ "თიბისი რაგბის" სერიების შინაური მატჩების (კანადა, ამერიკა) ტრანსლირების უფლების "რაგბი ტვ"-სთვის გადაცემამ გარკვეული შეკითხვები წარმოშვა საზოგადოებაში.

საკითხი ეხება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გამოთქმულ წუხილს მატჩების ტრანსლირების უფლებაზე უარის გამო.

უნდა მოგახსენოთ, რომ "საზოგადოებრივმა არხმა" არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ქართული სპორტის და მათ შორის, რაგბის განვითარების ხელშემწყობი მედიასაშუალება.

რაგბის კავშირისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ურთიერთობა ათწლეულებს ითვლის. რაგბის დღევანდელი პოპულარობა და წარმატება სწორედ
ამ მეგობრობისა და პარტნიორობის შედეგია.

რაგბის კავშირი თვლის, რომ დღეს ქართულ რაგბის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არა მხოლოდ სპორტული, არამედ მთელი ქართული საზოგადოების გაერთიანებაში. ამ საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

რაგბის პოპულარობის ზრდამ გამოიწვია კერძო ინიციატივითა და ინვესტიციით სპეციალიზებული არხის, "რაგბი ტვ"-ს შექმნა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

რაგბის კავშირი შეეცდება, კანონის ფარგლებში მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ამ ინიციატივას და ხელი შეუწყოს მის პოპულარობას, ვინაიდან "რაგბი ტვ"-ის გაძლიერება შემდგომში პირდაპირ აისახება ქართული სარაგბო კლუბების ფინანსურ მდგომარეობაზე.

მიუხედავად ამგვარი, ერთი შეხედვით, პროტექციონისტური დამოკიდებულებისა "რაგბი ტვ"-ის მიმართ, საქართველოს რაგბის კავშირი მიესალმება სხვა ტელეკომპანიების, მათ შორის, ტელეკომპანია "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" აქტივობას, რაც გამოიხატება სარაგბო მატჩებისა თუ ტურნირების რეპორტაჟების შეძენასა და სხვა თემატური გადაცემების შექმნაში.

გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობის მიერ გუშინ გავრცელებულმა განცხადებამ შემოდგომის ტესტების - "თიბისი რაგბის" სერიების რეპორტაჟის უფლების "საზ. მაუწყებლობისათვის" მიუცემლობის შესახებ გამოიწვია გაუგებრობა გულშემატკივართა ნაწილში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ითხოვდა ამ მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას, რაც არ შედის საქართველოს რაგბის კავშირის სტრატეგიულ ინტერესებში და ამის გამო ეთქვათ უარი.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს" შევთავაზეთ, რომ თუკი მას პარალელურ რეჟიმში არ სურდა რეპორტაჟის გადაცემა, მიიღებდა "რაგბი ტვ"-სგან სიგნალს უფასოდ. ამაზე "საზ. მაუწყებელმა" უარი განაცხადა, ვინაიდან მისი კატეგორიული მოთხოვნა გახლდათ ექსკლუზიური უფლების მოპოვება.

ამგვარი უფლებით "საზ. მაუწყებელმა" უფასოდ ისარგებლა საქართველოში წელს ჩატარებულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა იქვე იქნა გაფრთხილებული, რომ მომავალში საქართველოს რაგბის კავშირი არ დაუშვებდა რომელიმე ტელეკომპანიისთვის უსასყიდლოდ ექსკლუზიური უფლების მინიჭებას, არამედ ხელს შეუწყობდა მედიასაშუალებების ერთმანეთთან კოოპერირებას.

იმედია, საქართველოს რაგბის კავშირის ეს განმარტება აღქმული იქნება პოზიტიურად და "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადახედავს თავის დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, რაც დადებითად აისახება როგორც გულშემატკივართა მიმართ დამოკიდებულებაში, ასევე რაგბის შემდგომ პოპულარიზაციაში.

საქართველოს რაგბის კავშირი განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება მისი ყოფილი თუ მოქმედი პარტნიორების ინტერესებს და იმ ურთიერთობას, რომელიც ჩამოყალიბდა თანამშრომლობის გარკვეულ ეტაპებზე და იმედს გამოვთქვამთ, ცალკეული დროებითი გაუგებრობები არ მოახდენს უარყოფით გავლენას ჩვენს პარტნიორობაზე.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
და რა გამოვიდა? საბოლოო ჯამში დაზარალდა გულშემატკივარი,საქართველო მარტო თბილისი არ არის. უსუსური ფედერაცია
კახა
10:53 27-10-2017
4
გამოდის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ესე იგი ხალხის ჯიბიდან, საქართველოს ნაკრების თამაშის ექსკლუზიურ უფლებაში ფულს სთხოვს რაგბის ფედერაცია, რომელიც ასევე სახ. ბიუჯეტიდან ანუ ხალხის ჯიბიდან ფინანსდება. და ბოლოს, უარის შედეგად ზარალდება ისევ და ისევ ხალხი და გულშემატკივარი, რომელიც ეროვნული ნაკრების თამაშს ვერ უყურებს
გულშემატკივარი
11:56 27-10-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული