რაგბის მსაჯები - პირველი ქართული პლეი-ოფები

AutoSharing Option
რაგბის სტაჟიან ქომაგს კარგად ემახსოვრება გასული საუკუნის მიწურული, როდესაც მსაჯთა კორპუსის მწირი რესურსისა და კვალიფიკაციის გამო საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს რაგბის კავშირმა სწორი გადაწყვეტილება მიიღი, დააფინანსა ქართველი მსაჯების რაოდენობის ზრდისა და ცოდნის ამაღლების პროექტი, რომლის ფარგლებში ძირითადი აქცენტი ახალგაზრდა მორაგბეების მსაჯებად გადამზადებაზე გაკეთდა. გაიზარდა მსაჯთა ანაზღაურება, რამაც ეს საქმიანობა მიმზიდველი გახადა.

პარალელურად, საქართველოში ჩამოჰყავდა სხვადასხვა ქვეყნის მსაჯები (ფრანგები, სამხრეთაფრიკელები, ახალზელანდიელები, ირლანდიელები, ავსტრალიელები), ხდებოდა მათი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება. მოწვეული სპეციალისტები მსაჯობდნენ საქართველოს
ჩემპიონატის მნიშვნელოვან მატჩებს და დასკვნით ეტაპებს (პლეი-ოფები და ფინალი).

ამ გადაწყვეტილებების ერთობლიობამ ქართველი მსაჯების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაზარდა. შესაბამისად, ისინი გამოჩნდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, რამაც აამაღლა მათდამი ნდობა და შედეგად, წელს პლეი-ოფების ხუთივე შეხვედრას ქართველი რეფერები მოემსახურნენ და მხოლოდ ფინალი დაუთმეს ირლანდიელ მსაჯს.

ირლანდიელების დახმარებით

ირლანდიის რაგბის კავშირთან მსაჯთა განვითარების კუთხით თანამშრომლობა 2013 წლიდან დაიწყო, რამაც ახალგაზრდა ქართველი მსაჯების პროგრესი კიდევ დააჩქარა და ახლა ჩვენ უკვე გვყავს ორი საერთაშორისო დონის რეფერი - ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე, რომლებიც "მსოფლიო რაგბის", "რაგბი ევროპისა" და ევროპის საკლუბო ტურნირის მატჩებს წარმატებით სჯიან.

"ირლანდიელებთან 5 წელია ვთანამშრომლობთ და ისინი ჩვენით ამაყობენ, რადგან 22-23 წლის ქართველ მსაჯებს უმაღლესი დონის საერთაშორისო მატჩებზე იწვევენ, ასეთი რამ კი არ ხდება. საერთაშორისო მატჩებს თუ გადავხედავთ, იქ მსაჯების ასაკი 27-28 წლიდან იწყება. ამ დროს ნიკა ამაშუკელი კონტინენტის ფარის ნახევარფინალზე იყო მიწვეული; შოთა თევზაძემ ტესტებზე რუმინეთისა და კუნძულელების მატჩზე იმუშავა და ივნისში ურუგვაიში, "მსოფლიო რაგბის" ერთა თასზეა მიწვეული. ამ წარმატებაში ირლანდიელების წვლილი ძალიან დიდია, რადგან ეს ბიჭები სწორედ მათი გამოზრდილია" - მსაჯთა მართვის სამსახურის უფროსი დავით შუბითიძე.

გამოცდილება და ასაკი

გამოცდილების შეძენისა და ასაკის მატების ფონზე, სამსაჯო კომიტეტმა დიდი 10-ის კლუბებს და რაგბის კავშირს შესთავაზა, რომ წლევანდელ სეზონში პლეი-ოფის ეტაპზეც ქართველ მსაჯებს ემუშავათ.

"შიდა თუ საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობით, ამ ბიჭებმა უდიდესი გამოცდილება შეიძინეს, ამაღლდა მათი მუშაობის ხარისხი და დინამიკა მზარდია. ეს მხოლოდ ჩვენი დაკვირვების შედეგი როდია. ყოველი საერთაშორისო თამაშის შემდეგ ვიღებთ მსაჯების შეფასებას და მათი 99% დადებითია.

სწორედ ამიტომ აღნიშნული საკითხი სრკ-ის გამგეობაზე გავიტანეთ. ვისაუბრეთ სავარაუდო რისკებზე, რაც ძირითადად, ფსიქოლოგიურ წნეხს უკავშირდებოდა და არა მსაჯობის დონეს. გამგეობამ და კლუბებმა გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო, პლეი-ოფებიც ქართველებმა იმსაჯონ და წელს პლეი-ოფის შეხვედრებზე ამაშუკელმა, თევზაძემ და თორნიკე გვირჯიშვილმა იმსაჯეს. სასიამოვნოა, რომ ეს სწორედ ქართული კლუბების თანხმობით და ჩართულობით მოხდა. მსაჯებთან მიმართებაში ქართულ გუნდებში დისციპლინა მნიშვნელოვნად გაიზრდება და ამისათვის მათ მადლობას ვუხდი" - ამბობს შუბითიძე.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რამაც მსაჯებსა და მორაგბეებს შორის ურთიერთობა გააადვილა, რის შესახებაც მსაჯთა განვითარების მენეჯერი ლუკა კილასონია გვიყვება:

"2 წლის წინ მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით. ახლა გუნდების ბირთვი იმ მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მხარდამხარ, ნაკრებსა თუ კლუბებში ჩვენს მსაჯებს უთამაშიათ და ეს ურთიერთობას აადვილებს. მიუხედავად ამისა, წელს ფინალურ შეხვედრაზე მაინც ირლანდიელი მსაჯი მოვიწვიეთ, გაისად კი, ფინალზეც ქართველი მსაჯები იქნებიან".

წინსვლის საშუალება ირლანდიელებისთვის

ამ სეზონში დიდი 10-ის თამაშებს 8 ცენტრალური მსაჯი ემსახურებოდა, რაც საკმარისი არაა და სამსაჯო კომიტეტის სურვილია, რომ მათი რაოდენობა გაიზარდოს.

"არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე მსაჯს ერთი და იმავე გუნდის 5 თამაშის განსჯა უწევს, რაც რეკომენდებული არ არის. უცხოეთშიც ასე ხდება, სეზონის განმავლობაში ერთსა და იმავე მსაჯს ერთი გუნდის 2-3 თამაშზე მეტი არ უნდა შეხვდეს. არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალი სეზონის მსვლელობისას, გაცვლითი პროგრამით ჩვენი მსაჯები ირლანდიაში მივავლინოთ და იქიდან სხვა მსაჯები ჩამოვიყვანოთ. ბევრი მსაჯი არც მათ ჰყავთ და ეს ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. სხვათა შორის, ირლანდიელ მსაჯებს დიდი 10-ის ფინალისა და ნახევარფინალის მსაჯობა წარმატებად ეთვლებათ და ხშირ შემთხვევაში აქ წარმატებული მუშაობა გამხდარა მათი საერთაშორისო დონეზე წინსვლის საფუძველი" - გვიყვება კილასონია.

გვირჯიშვილი აფრიკაში


საქართველოს რაგბის კავშირის სურვილია, რომ ქართველი მსაჯები მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ეს წინსვლის ერთ-ერთი ფუნდამენტია.

სასიხარულოა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამაშუკელსა და თევზაძეს სულ მალე შესაძლოა თორნიკე გვირჯიშვილი შეუერთდეს, რომელიც "მსოფლიო რაგბიმ" სწავლებაზე სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშში მიიწვია.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული