"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საფრანგეთთან ღირსეულად ითამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში, მასპინძელთა ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მათთან იოლ მოგებას არავინ უნდა ელოდოს.

ილია მაისურაძემ, ლადო კილასონიამ და ზურაბ ამონაშვილმა, 4 დღის წინ სამხრეთ აფრიკასთან ნაომარ სასტარტო შემადგენლობაში 7 ცვლილება განახორციელეს და ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენი გუნდის 28-კაციანი შემადგენლობა თანაბარძალოვანია. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 13 წუთის განმავლობაში ლიდერობდა და ტურნირზე კიდევ ერთი ბონუს-ქულის აღების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა.

შარშანდელი 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ფრანგებმა უმცროს ბორჯღალოსნებს ‘ავჭალაზე’ 8
ლელო გაუტანეს და 54:0 იმარჯვეს, ერთი წლის თავზე კი, ფრანგულ ბეზიეში მათ მხოლოდ სამი ლელო მიითვალეს და დაგეგმილი ბონუსის გარეშე დარჩნენ.

თამაში მასპინძლების შეტევებით, მაღალ ტემპში დაიწყო და მართალია ლელოს დაცვა მოვახერხეთ, მაგრამ მე-9 წუთზე ჩვენს 22-ში დავჯარიმდით და ჯარიმა მივიღეთ. განახლდა თუ არა თამაში ქართველმა მორაგბეებმა ბურთი მოიპოვეს და გელა აფრასიძემ 22-ის ხაზამდე ირბინა. შეტევა მაღალ ტემპში, მიმართულებების ცვლით გაგრძელდა, გიორგი ნუცუბიძემ, თენგიზ ზამთარაძემ, გიორგი წიკლაურმა და დემე თაფლაძემ ყველა ჯერზე მოახერხეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა. სულ ბოლოს კარის წინ წარმოქმნილი რაქიდან თორნიკე ჯალაღონიამ თავად შეუტია და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ხოლო აფრასიძემ გარდასახა - 7:3.

გაშვებული ლელოს შემდეგ ფრანგებმა ბურთზე კონტროლი დაიბრუნეს და განუწყვეტლივ უტიეს. უმცროსი ბორჯღალოსნები თავს კარგად იცავდნენ და ხაზიც სწრაფად ეწყობოდა, მაგრამ ლავაუს ორიგინალური გადაწყვეტილების შემდეგ, ლელო მაინც გავიდა, გარდასახვაც ზუსტი იყო და 25-ე წუთზე მასპინძლებმა 3-ქულიანი ლიდერობა დაიბრუნეს.

მეტოქემ წნეხი გააძლიერა, თუმცა საქართველოს ნაკრების დაცვას გასაღებს კვლავ ვერ უძებნიდა. 34-ე წუთზე სიტუაცია გართულდა, როდესაც რეფერიმ საკამათო სიტუაციაში სანდრო მამამთავრიშვილი გაასინბინა. ტაიმის ბოლოს თედო აბჟანდაძემ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი ლელოდან ხელდახელ შეუტია. მას კარგად მიყვა ოთარ ძაგნიძე და აფრასიძე, რომელმაც ფეხით კიდევ უფრო დიდი მანძილი მოიგო. ტაიმის დასრულებამდე აღარაფერი რჩებოდა, როდესაც მეტოქემ მეტობის გამოყენება მაინც მოახერხა და მეორე ტაიმს 10-ქულიანი უპირატესობით შეხვდა - 17:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში აფრასიძემ ჯარიმის გატანა 60 მეტრიდან სცადა. ბურთი ძელებსშუა მიფრინავდა, თუმცა დარტყმას ძალა დააკლდა. ამის კვლავ ფრანგთა მასირებული შეტევები მოყვა და 55-ე წუთზე მესამე გარდასახული ლელო გავიდა.

დასკვნით 20 წუთში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და 69-ე წუთზე ქართველებმა ფრანგებს მეორე ლელო გაუტანეს. მეტოქე მათსავე 22-ში, 5-მეტრიან წყვეტილთან შევავიწროვეთ და შეცდომა დავაშვებინეთ, მიხეილ ალანიამ ბურთი მარცხნივ გაიტანა, ლუკა დვალიშვილმა მცირედი ყოვნით ფრანგთა დაცვის ხაზი გატეხა და ძაგნიძე ლელოში მარცხნიდან შევიდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, ბონუსის ასაღებად დასკვნით 10 წუთში ლელოზე უნდა გვეთამაშა. სამწუხაროდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და მასპინძელმა საფრანგეთმა 24:12 იმარჯვა.

უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 7 ივნისს ნარბონში, ირლანდიასთან გამართავენ. შეხვედრა საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული