5 ქუთაისელი - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა გერმანიასთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/Jan Perlich

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 10 მარტს ქუთაისში, 16:00 საათზე გერმანიასთან რაგბი ევროპის მეოთხე ტურის მატჩისთვის გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მატჩის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

საგულისხმოა, რომ "აია არენაზე", მშობლიურ ქალაქში, ხუთი ქუთაისელი "ბორჯღალოსანი" ითამაშებს და მათგან ოთხი სასტარტო შემადგენლობაშია. თამაშს იწყებენ გამოცდილი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე, ასევე ახალგაზრდები ოთარ გიორგაძე, მირიან მოდებაძე და თედო აბჟანდაძე. მარქაფაშია 18 წლის კვაჭი ვანო კარკაძე. სასტარტოშია ფოთელი ზურაბ ჟვანია, რომელმაც თავისი ოსტატობა "აიაში" დახვეწა და პარიზულ "სტად ფრანსეში" სწორედ ქუთაისიდან მოხვდა.

ოთხი
ცვლილება შერკინებაში
ერთი კვირის წინ ბრიუსელში, ბელგიასთან 46:6 მოგებული მატჩის შემდეგ, შერკინების ხაზში ოთხი ცვლილება განხორციელდა.

სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებს კვაჭი შალვა მამუკაშვილი. მარქაფიდან დაწინაურდნენ და ძირითად შემადგენლობაში არიან ბურჯები ზურან ჟვანია და ბექა გიგაშვილი. რუმინეთთან მატჩის შემდეგ გიგაშვილი სასტარტოში მეორედაა, ხოლო ჟვანია თამაშს ორწლიანი შესვენების შემდეგ იწყებს. ის ძირითადში ბოლოს 2017 წელს, ასევე ქუთაისში ბელგიასთან გამართული მატჩისას იყო და მაშინ ლელოც გაიტანა.

მეორე ხაზში გამოცდილი მორაგბეების წყვილს ვიხილავთ. კვლავ ძირითადშია გიორგი ნემსაძე, რომელსაც ამჯერად შალვა სუთიაშვილი შეუწყვილდება. ასეთი წყვილით თამაში ბოლოს 2018 წელს, სუვაში ფიჯისთან მოგებული (16:15) მატჩისას დავიწყეთ და მას შემდეგ სუთიაშვილი დამწყებ 15-ში პირველად მოხვდა.

მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს გიორგი ცუცქირიძემ და შემკვრელმა ოთარ გიორგაძემ, ხოლო გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად, მეორე ფლანკერად ბექა საღინაძეს ვიხილავთ. საღინაძე ჟვანიას, გიგაშვილისა და სუთიაშვილის მსგავსად, მარქაფიდან დაწინაურდა.

მალაღურაძის 90-ე კეპი
წინა მატჩთან შედარებით სამი ცვლილებაა ხაზში და მათგან ორი მარქაფიდან დაწინაურდა. ბელგიასთან განაცხადში არ იყო და ახლა ძირითადშია ლაშა მალაღურაძე, რომელიც თამაშს 12 ნომრად იწყებს და 90-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. 2016 წლის შემდეგ ის დამწყებთა შორის მეორედ მოხვდა (2018 წლის ზაფხულში ფიჯის წინააღმდეგ დაიწყო).

მალაღურაძე ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. ფრთაზე კვლავ ძირითადშია მირიან მოდებაძე, ხოლო მეორე ფრთა სოსო მათიაშვილი იქნება, რომელიც ბრიუსელში ფულბეკი იყო. მან ზურაბ ძნელაძის ადგილი დაიკავა, ფულბეკად კი ლაშა ხმალაძე ბრუნდება.

საინტერესო იქნება ღერძის ხილვა. 9 ნომერზე შარშანდელი რაგბი ევროპის შემდეგ ძირითადში ბრუნდება გელა აფრასიძე. აქამდე ის ძირითადში ორჯერ იყო - ბელგიასთან და გერმანიასთან.

ზედიზედ მეექვსე მატჩში მგეზავი 19 წლის თედო აბჟანდაძე იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ წყვილმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ორი წელი ითამაშა და მსოფლიო აალაპარაკა. აფრასიძე და აბჟანდაძე ახლაც ერთად არიან, უკვე "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობაში.

გამოცდილი მარქაფა
მწვრთნელებმა მარქაფაში ერთის გამოკლებით გამოცდილი მორაგბეები გაამწესეს. კვაჭის პოზიციაზე თამაშში 18 წლის ვანო კარკაძე ჩაერთვება, ხოლო ბურჯები ლევან ჩილაჩავა და გიორგი მელიქიძე არიან.

მეორე ხაზში მესამე კეპს მოიხვეჭს დავით გიგაური. ასევე მარქაფაშია კიდევ ერთი მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი.

ამჯერად თადარიგშია 22 წლის 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომლის ანგარიშზე უკვე 41 კეპია. შარშან ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" უბრუნდება დავით კაჭარავა, რომელიც 113-ე კეპს მოიხვეჭს, ყველაზე მეტს ამ შემადგენლობაში და მერაბ კვირიკაშვილზე ორით ნაკლებს. ასევე მარქაფაშია გამოცდილი სანდრო თოდუა.

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
გმაადლობთ ქუთაისელი გულშემატკივრის სახელით
ბესო
09 მარტი 2019 20:26
0
"მარქაფიდან დაწინაურდა" არის პირობითი ნათქვამი. რეალურად ტაქტიკის ამბავია ვინ რომელ ტაინში ითამაშებს
მოქალაქე
08 მარტი 2019 17:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული