რუსეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს, 15 საათზე გამართავს. რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შეეხვედრის სტადიონი უახლოეს დღეებში დასახელდება. შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო ეს თამაში ორჯერ გადაიდო (მარტსა და ნოემბერში). ამავე მიზეზით ამ მატჩზეც ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება.

24-ედ რუსეთის წინააღმდეგ
"ბორჯღალოსნებს" არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ რუმინეთთან – 24-ჯერ უთამაშია და 7 თებერვალს 24-ედ ერკინება რუსეთს.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 1993 წლიდან იწყება და პირველ მატჩში მეტოქემ 15:9 იმარჯვა.
მას შემდეგ ერთადერთხელ, 2002 წელს დაფიქსირდა ფრე, ხოლო დანარჩენ 21 შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა – მათგან 18-ჯერ ზედიზედ!

ლელოების სხვაობა 66/16-ზე, ხოლო ქულების – 579:260-ზეა.

ყველაზე დიდი სხვაობით მეტოქე 2012 წელს "მესხზე" დავამარცხეთ – 46:0.

ბოლო ორი თამაში (2018 და 2019 წლებში) რუსეთთან კრასნოდარში გვქონდა და მეტოქე ორივეჯერ ისე დავამარცხეთ, რომ ლელო არ გავატანინეთ – ჯერ 29:9 და მერე 22:6.

სატურნირო თვალსაზრისით, 7 თებერვლის მატჩის შედეგს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან საქართველომ ერთი ტურით ადრე მე-12-ედ მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული. ტურნირი 2000 წლიდან იმართება (ევროპის ერთა თასი 2015 წლამდე) და ჩემპიონი სულ 18-ჯერ გამოვლინდა (5 – რუმინეთი, – 1 პორტუგალია), რადგან 2003-08 წლებში ჩემპიონი წყვილი სეზონის დაჯამებით ირკვეოდა.

ამ პერიოდში "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 104 მატჩი აქვს ჩატარებული – მოიგეს 87, ფრედ დაასრულეს 4 და დათმეს 13.

სელექცია 25-ში იწყება
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბი საქართველოში მოთამაშეების სასელექციო შეკრებას 25 იანვარს "შევარდენზე" შეუდგება. უშუალო შეკრება კი თვის ბოლოს დაიწყება, რა დროსაც ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება.

სასელექციო შეკრებაზე ლევან მაისაშვილმა 22 მორაგბეს უხმო, თუმცა ვინ მოხვდება ამ მორაგბეებიდან რუსეთთან გასამართი მატჩის წინა შეკრებაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა:

„სასელექციო შეკრებაზე გვყავს მორაგბეები, რომლებიც ნაკრებში ადრეც თამაშობდნენ და არიან ახალი სახეებიც. ამ ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მოთამაშეების ფიზიკურ და ტექნიკურ მდგომარეობას და უკვე მომდევნო კვირიდან, დასახელდება ის 30-32 მორაგბე, რომლებიც უშუალოდ რუსეთთან სათამაშოდ მოემზადებიან. თბილისის ჯგუფიდან საბოლოო სიაში ყველა ვერ მოხვდება. სამაგიეროდ, დაგვემატებიან ლეგიონერები“ – ამბობს მაისაშვილი, რომელიც მომავალ თამაშებში ექსპერიმენტებს არ გეგმავს:

„მზადება რთულ პირობებში გვიწევს. გვაქვს შეზღუდვები კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით, პრობლემებია კლუბებთან ლეგიონერების კუთხით. პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ამიტომ აქცენტი იმ ბირთვზე გაკეთდება, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა. გვსურს ვნახოთ, როგორ გამოავლენს გუნდი პოტენციალს შეტევაში. გარდა ამისა, წლის განმავლობაში სულ სამი აქტივობა გვაქვს და ეს პერიოდი შესათამაშებლად უნდა გამოვიყენოთ“.

7 თებერვლიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის კალენდარი და ის თებერვლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია.
თბილისის ჯგუფის სასელექციო შეკრებაზე გამოძახებულნი არიან:

შერკინება
ჯაბა ბრეგვაძე (2), გიორგი ჭყოიძე (2), ნოდარ ჭეიშვილი (4-5), იოსებ გუშარაშვილი (4-5), მიხეილ გაჩეჩილაძე (6-8), ნიკა სუხაშვილი (6-8), გიორგი თხილაიშვილი (6-7)

ხაზი
გიორგი მარგალიტაძე (9), ლუკა მატკავა (10), გიორგი ბაბუნაშვილი (10), ლაშა ხმალაძე (10-15), დემე თაფლაძე (12-13), მერაბ შარიქაძე (12), ლაშა ლომიძე (12), სანდრო მამამთავრიშვილი (13), ალექსანდრე თოდუა (11, 14), აკა ტაბუცაძე (11, 14), მირიან მოდებაძე (11, 14, 15), თემურ კოხოძე (11, 14), სანდრო სვანიძე (11, 14), დავით ნინიაშვილი (15), სოსო მათიაშვილი (15).

მომზადებულია rugby.ge-ს მიერ
მკითხველის კომენტარები / 8 /
არა მგონია ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანოს. ჯერ საფრანგეთში თამაშები აქვთ და მერე ჩამოვლენ სხვებიც. თვითონაც ამბობს, რომ 8 ერზე ნათამაშებ შემადგენლობას ენდობა, მაგრამ აუცილებლად უნდა ათამაშოს ახალგაზრდებიც და სხვა დიდი ათის ბიჭებიც, რომლებიც ძალიან მოინდომებენ. ამიტომ 99% გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება გემრიელი ანგარიშით
: )))))))
00:48 27-01-2021
0
ეს მწვრᲗნელი ისტორიაᲨი Შევა,რუსეᲗᲗან დამარცხების მიზეზიᲗ და ქვეყნიდან გასაქცევიც გახდება!!! Შეგნებულად ხდება ქარᲗული რაგბის დაცემა!!!
ზურა
14:49 26-01-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული