"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა ორი დასკვნითი თამაშისთვის

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი დასკვნითი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ისტორიაში თავის 250-ე ტესტ-მატჩს ჩვენი გუნდი 12 მარტს ბუქარესტში, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, 20 მარტს კი ესპანეთს „დინამო არენაზე“ დაუხვდება. შეგახსენებთ, შარშანდელთან ერთად, წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.

გუნდს დაუბრუნდნენ ტრავმირებული მოთამაშეები – დავით ნინიაშვილი, სანდრო თოდუა, ბექა საღინაძე და ბექა გიგაშვილი. ასევე გამოძახებულთა შორის არიან ბექა გორგაძე და გიორგი კვესელაძე.

სულ გამოძახებულთა შორის 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. მათგან ორს
– ბურჯ ნიკა აბულაძეს და მესამეხაზელ ლუკა ივანიშვილს ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშიათ.

დანაკლისის და ტრავმიდან დაბრუნებული მოთამაშეების, ასევე მომავალი მეტოქეების შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს:

„ოთარ გიორგაძეს კოვიდი დაუდასტურდა. ტრავმის გამო გამოგვაკლდა ლუკა ჯაფარიძე და მის ნაცვლად გია ხარაიშვილს ვუხმეთ. პირადი მიზეზების გამო დაგვაკლდება გიორგი მელიქიძე. ტრავმიდან გვიბრუნდებიან ბექა გიგაშვილი და ბექა საღინაძე. ვიმედოვნებ, რომ ისინი სათამაშოდ მზად იქნებიან. ამ კვირაში შიდა ჩემპიონატების თამაშებია და ასევე ვიმედოვნებ, რომ გამოძახებულ მორაგბეთაგან არავინ დაგვაკლდება. ხანგრძლივი ტრავმიდან ბრუნდება სანდრო თოდუა. ის მზად იყო ‘ენისეისთან’ ეთამაშა, თუმცა ეს შეხვედრა გაუქმდა და ამ კვირაში კლუბში ითამაშებს. დავით ნინიაშვილმა რუსეთთან თამაშის კვირაშიც ივარჯიშა და იმედია კარგ ფორმაში იქნება“.

„ვნახეთ ორივე გუნდის თამაში და ისინი საუკეთესოდ არიან მომზადებული. ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ორივე თამაშის მოგებას ვგეგმავთ. ეს არ იქნება იოლი, რადგან ისინი მსოფლიო თასზე მოსახვედრად იბრძვიან. გარდა ამისა, ყველა განსაკუთრებულად ემზადება ჩვენთან თამაშისთვის, რადგან სურთ, რაგბი ევროპის ჩენპიონატზე საქართველოს გამარჯვებების სერია შეწყვიტონ. ეს ყველას კარგად გვესმის და გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი იმ სცენარით, წარიმართება, როგორც ჩვენ გვინდა“.

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 27 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 69 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 26 კეპი, 10 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი), გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 5 კეპი);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 86 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 14 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 40 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 24 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 14 კეპი, 20 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 25 კეპი, 15 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი);

ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 62 კეპი, 65 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 37 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 30 კეპი, 210 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 82 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 37 კეპი, 25 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 75 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 40 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, 1 კეპი), სანდრო თოდუა (შავი ლომი, 95 კეპი, 65 ქულა), დავით მესხი (ენისეი, 2 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული