საქართველო v რუმინეთი - საბრძოლო შემადგენლობით რუმინეთში

AutoSharing Option
რუმინეთთან ბუქარესტში, 12 მარტს გასამართი მატჩისთვის "ბორჯღალოსნებს" რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე უბრუნდება.

დავით ნინიაშვილი, გიორგი კვესელაძე, სანდრო თოდუა, კოტე მიქაუტაძე და ბექა საღინაძე "ბორჯღალოსნების" კვართით 2022 წელს პირველად ითამაშებენ. სასტარტო შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია – მესამე ხაზში თამაშს ლუკა ივანიშვილი იწყებს. მარქაფაშია კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც ნაკრების კვართი ბოლოს შარშან ზაფხულში, სამხრეთ აფრიკასთან მოირგო.

„ტრავმიდან რამდენიმე მოთამაშე დაგვიბრუნდა და დიდი იმედი გვაქვს, ისინი გაგვაძლიერებენ. სამწუხაროდ, ბოლო ტურში დაშავდა ბექა გორგაძე. სერიოზული დაზიანება არ აქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ ესპანეთთან თამაშისთვის დაგვიბრუნდება. ტრავმებიდან
რამდენიმე მოთამაშე დაგვიბრუნდა და ყველა მათგანი ჩვენთვის უდიდეს ძალას წარმოადგენს. მათმა ნაწილმა ჩვენთან რუსეთის კვირაშიც ივარჯიშა“.

„ძირითად შემადგენლობაშია ლუკა ივანიშვილი, რომელმაც სანდრო მამამთავრიშვილთან ერთად "შავ ლომში" ადგილი დაიმკვიდრა და კარგი სეზონი ჩაატარა. ორივე მათგანს ახალგაზრდული ასაკიდან ვაკვირდებით. რომ არა ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის პორტუგალიასა და ნიდერლანდებთან ითამაშებდა. ახლა შანსს საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან მიიღებს. ვიცით, რომ წნეხი დიდი იქნება, თუმცა მან შეძლო მწვრთნელების ნდობის მოპოვება და დარწმუნებული ვარ, ამოცანას თავს კარგად გაართმევს“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

რადგან გასულ უქმეებზე "ბორჯღალოსნები" თავ-თავიანთი კლუბების რიგებში თამაშობდნენ, ამ კვირის დასაწყისში დიდი დრო დაეთმო აღდგენას და გუნდმა ორი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო.

„ვიცით, რომ მარტივი გასეირნება არ გველოდება და ბრძოლისთვის ვართ განწყობილი. როგორც რუმინეთს, ასევე ესპანეთს, მსოფლიო თასზე გასვლის კარგი შანსი აქვთ და დიდი მონდომებით ითამაშებენ. მათ შეძლეს ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება და კარგ ფორმაში არიან, თუმცა ჩვენთვის ეს საიუბილეო შეხვედრაა, რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოსაგები გვაქვს და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ“ – დაამატა მაისაშვილმა.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი | IV ტური
12 მარტი. ბუქარესტი. 19:30 საათი
საქართველო – რუმინეთი

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 75 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 37 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 82 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 95 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 30 კეპი, 210 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 62 კეპი, 65 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 69 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 86 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 26 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 14 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 25 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 14 კეპი, 20 ქულა).

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 25 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 27 კეპი, 10 ქულა), 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8 კეპი, 10 ქულა), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 37 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუჭირდებოდათ
ზურა
20:56 11-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული