მაისაშვილი: რაქშიც, მოლშიც და შერკინებაშიც პრობლემები გვქონდა, რაც ძალიან საწყენია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ბუქარესტში რუმინეთთან (26:23) მოგებული მატჩის შემდეგ მთელი რიგი სათამაშო კომპონენტებით უკმაყოფილო დარჩა:

"რუმინეთთან გასვლით შეხვედრაში გამარჯვებას ვგეგმავდით და მიზანს მივაღწიეთ, რაც ძალიან კარგია, თუმცა არ იყო მარტივი თამაში. ამას ველოდით, რადგან რუმინეთისთვის გამარჯვება ბოლო შანსი იყო, რეპეშაჟის გვერდის ავლით მოხვედრილიყო მსოფლიო თასზე. ის საკმაოდ კარგი გუნდია და საკუთარი პროგრესი ზაფხულში, არგენტინასთანაც დაამტკიცა (17:24). მათი მოთამაშეები ფიზიკურად მძიმეები არიან და ზუსტად ვიცოდით, რას დაგვიპირისპირებდნენ. მიუხედავად ამისა, მთელ რიგ კომპონენტებში გაგვიჭირდა“.

"კრიტიკას ვერ უძლებდა შეჯგუფებებში თამაში –
რაქშიც, მოლშიც და შერკინებაშიც პრობლემები გვქონდა, რაც ძალიან საწყენია, რადგან მზადების პროცესში სწორედ ამაზე ვაკეთებდით აქცენტს. ველოდებოდით, რომ რუმინეთი სწორედ ძალისმიერ თამაშში ეცდებოდა უპირატესობის მოპოვებას და ვემზადებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, უპირატესობის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. ვეცდებით, შემდეგი თამაშისთვის ამ არეალში უკეთესები ვიყოთ“.

"გვქონდა ინდივიდუალური პრობლემებიც. ტექნიკური წუნის გამო რამდენჯერმე პირველი ბურთი ვერ ავიღეთ. როგორც წესი, ამ მოთამაშეებს მსგავს სიტუაციებში ასეთი შეცდომები არ მოსდით ხოლმე, თუმცა ხანდახან ასეც ხდება. ბევრი ჯარიმა ავიღეთ, რაც გარკვეულწილად იმით იყო განპირობებული, რომ შეჯგუფებებში მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა და 20 წუთი კაცნაკლულები ვიყავით. გვქონდა 3 საწყენი ჯარიმა. ეს არ იყო ის ეპიზოდები, როდესაც მეტოქემ კაცნაკლულობისა თუ დომინაციის შედეგად წნეხში მოგვაქცია. უკვე ტრადიციად ვაქციეთ და როგორც რუმინეთთან, ასევე ესპანეთთან მატჩის წინ ნიკა ამაშუკელი შეკრებაზე ჩვენთან ერთადაა და დიდ სამუშაოს ვატარებთ, მაგრამ ფაქტია, ემოცია ჯერ კიდევ ჭარბობს“.

"სამწუხაროდ, მსაჯი, რომელიც ამ თამაშზე იყო დანიშნული, წინა დღით შეიცვალა – დანიშნეს 7-კაცას უელსელი მსაჯი, რომელსაც 15-კაცა რაგბიში გამოცდილება არ ჰქონდა და ამან მატჩის მსვლელობას კვალი დაატყო. მიმაჩნია, რომ ყვითელი ბარათი ორივე შემთხვევაში ზედმეტი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა შევძლოთ მსგავსი სიტუაციების პრევენცია. 20 წუთით კაცნაკლულად თამაშმა ჩვენზე დიდი გავლენა იქონია, განსაკუთრებით, მეორე ყვითელმა, როდესაც მოედანზე 9 ნომრის გარეშე დავრჩით. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში მოვახერხეთ მობილიზება, მეტოქეს არ მივეცით მეტობის გამოყენების შესაძლებლობა და პირიქით, ორივე შემთხვევაში იქით შევძელით ლელოს გატანა“.

20 მარტს „დინამო არენაზე“ "ბორჯღალოსნები" 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის არაოფიციალურ ფინალში ესპანეთს მასპინძლობს. მომავალი შეხვედრისთვის, რომელიც 18 საათზე დაიწყება, გუნდში გარკვეული ცვლილებები იქნება:

"გვქონდა აღდგენა, ძირითადი ვარჯიშები კი ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გვექნება. გვაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები. თორნიკე ჯალაღონიას ტრავმები გაუმიზეზდა და დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანეთთან დაგვაკლდება. გამოჯანმრთელდა და დაგვიბრუნდა ოთარ გიორგაძე, ასევე, ბექა გორგაძე. გვაქვს მცირე ტრავმები და იმედს ვიტოვებ, რომ ხვალიდან ყველა მწყობრში იქნება“.

„გაფართოებულ შემადგენლობაში აღარაა ნიკო აფციაური. ორ ფრონტზე გვიწევს მუშაობა, რადგან "შავი ლომი" ქარი ქაფისთვის ემზადება. პირველ ეტაპზე, რომელიც სამ თამაშს მოიცავს, გუნდს ნაკრების რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდება. სამხრეთ აფრიკაში შიდა ჩემპიონატისა და 20-წლამდელებით შევსებულ გუნდს ლადო კილასონია წაიყვანს, რის შემდეგაც "შავი ლომი" შინ დაბრუნდება და რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალს ვითამაშებთ. დატვირთული და საინტერესო კალენდარი გვაქვს და ნიკოს პირველ ეტაპზევე მოუწევს "შავ ლომთან" ერთად გამგზავრება. ნახევარფინალის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში უკვე სრული შემადგენლობით დავბრუნდებით“.

"2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კი, ესპანეთთან, ფაქტობრივად, ფინალი, განსაკუთრებული შეხვედრა გვექნება. მეტოქე მსოფლიო თასზე უკვე გავიდა და ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებს. ის თბილისში მოსაგებად ჩამოვა, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს. კარგად გვესმის, რომ ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველის, რადგან ესპანეთი დაბალანსებული გუნდია, როგორც ძალისმიერი, ასევე ტექნიკური კუთხით და სრული მონდომებით ვემზადებით“.

„საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ასევე გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რაც განვლილ შეხვედრებში გვქონდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვიგოთ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამისათვის კი ესპანეთთან მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება“.

rugby.ge

altრაგბი ევროპა. მზადება ესპანეთისთვის - გორგაძესა და გიორგაძესთან ერთად

altსაქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 21 /
ისაო ესაო არც ეს ვიცი არც ისო - თუ არ იცი არაფერი მაშინ რას აწვალებ ამ ბიჭებს უმწვრნელოდ რომ თამაშობენ, ზემოდან ჯდომა და ყურება მწვრთნელობა არ არის..წადი, გამოიჩინე კაცობა და წადი, გადადექი... ნუ შეაზიზღებ საქართველოს თავს...
simartle
16 მარტი 2022 18:20
0
ყველა ხვდება ნაკრების სტაგნაციას, 5-6 წელია ერთი მისხალითაც ვერ გავიზარდეთ, მიუხედავად თითქოს კარგი შევსებისა, მიზეზები ყველგან და ყველაფერში შესამჩნევია, მაგრამ საწყენი ისაა, რომ სხვა სფეროებისგან (სპორტსა და სხვებშიც)განსხვავებით, საქართველოში რაგბი ცოტა წინ იყო -ლოკომოტივის როლი კი ბოლომდე ვერ შეითვისა.... ცალსახად და უპირატესობით თუ არა ესპანეთთან მარტო მოგებაც ვერ გამომისწორებს ხასითს, ერთი აუტსაიდერს მოვუგეთ წყნარად, დანარჩენში ხინჯი ბევრი იყო.... უკეთესი მომავლის იმედით...
გუსანი
16 მარტი 2022 18:09
0
Ai ubralod visac ar dagezarebat gadaxedet Maisashvilis komentarebs.... Yoveltvis da Sul sxvaa dammashave da yoveltvis mizezebs edzebs Rom tavi gaimartlos.....

AR aris es Kaci nakrebis donis mcvrtneli da rato vkargavt dros...
Martali
16 მარტი 2022 17:52
0
... და დერეფანში ხომ სულ ბდღვინი ვადინეთ რუმინელებს!
გულშემატკივარი
16 მარტი 2022 17:48
0
ბურთიან კაცზე მიყოლა და რაქიდან სწრაფი გადაყრა,ისტორიულად ჩვენი ნაკლი იყო,მაგრამ ჩვენი თუ მეტოქის მოლი,ჩვენი სუსტი წერტილი რომ გახდა,ეგეც ხომ ფაქტია?უსუსურები ვართ.გასაგებია,შერკინების წესები ძალიან შეიცვალა და შეგუება გაგვიჭირდა,ამიტომ უპირატესობა დავკარგეთ,მაგრამ სხვები რომ უმატებენ,ჩვენ რაღა გვჭირს?აგერ პორტუგალიის ფედერაციის ბიუჯეტი,სულ რაღაც 2 მილიონი ევროა,ჩვენზე გაცილებით ცოტა,მაგრამ ბოლო წლებში ისე მოუმატეს,კინაღამ წავაგეთ.გეგმა შეადგინეს და მას მიჰყვებიან.იქნებ საჭირო სპეციალისტებს ვერ ვპოულობთ?ბოლოს და ბოლოს,დერეფანში პირველ-მეორე კაცზე აგდება მაინც ხომ შეგვიძლია,ბურთები საერთოდ რომ არ დავკარგოთ?სულ ჩანს,რომ გუნდს პოტენციალი გაცილებით დიდი აქვს,მაგრამ ვერ ვეღირსეთ მის სრულად ნახვას.ალბათ დროა,პოტენციალის თუნდაც ერთ თამაშში მაინც გამობრწყინება,რომ იმედი და რწმენა დაგვიბრუნდეს,თუ რა თქმა უნდა ეს პოტენციალი რეალურად გაგვაჩნია.რუმინეთთან მორკინალებს რომ გაუჭირდათ,ხაზმა გადაწყვიტა თამაშის ბედი და ეს განსაკუთრებით სასიხარულოა,მაგრამ ესპანეთი მოძრავი გუნდია,მათთანაც შევძლებთ ამდენს?ისე უნდა ვთამაშობდეთ,რომ რუსებმა გამარჯვების დაქადნება ვერ გაგვიბედონ და ვერც სხვებმა შეგვიმცირონ ჩამორჩენა.დღევანდელი მდგომარეობა,ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს.შავი ლომიც ხომ ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა,მაგრამ ჯერ ვერ ვხედავთ,შეთამაშების გაუმჯობესებას,დრო კი აღარ იცდის.კარგ თამაშს და ლამაზ გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს,ვიცი,რომ ჩვენს გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ,მაგრამ ამასთან ერთად,სულ უფრო უკეთესი თამაში გვინდა,ჟინიანი,თავისუფალი,ტემპიანი და დისციპლინირებული.მაშინ ყველაფერი ისე იქნება,როგორც საჭიროა.
სოსო
16 მარტი 2022 17:43
0
დღემდე ვერ ვისწავლეთ აუტის ღირსეულად ჩაწოდება, სწორედ მაგი გვღუპავს ხოლმე. ხომ შეიძლება ამ ასპექტში პროგრესი განვიცადოთ ?
qartveli
16 მარტი 2022 17:38
0
რაც მაისაშვილია-სულ ეგეთი ტირილია-დაანებე ბუძი ამ საქმეს თავი და დაისვენე და დაგვასვენე
მიმინო
16 მარტი 2022 17:37
0
მაგ ჩამონათვლს დერეფანში თამაში და უამრავი ჯარიმის აღებაც დაამატე და მერე დააბრალე მსაჯს:( რა უბედურება გჭირს ლევან, წადი რა ძმურად და აიმაღლე სამწვრთნელო კვალიფიკაცია, ვერ ხარ სანაკრებო დონის მწვრთნელი!!!
პაატა
16 მარტი 2022 17:12
0
"რაშიც პრობლემები გვქონდა იმაში ვემზადებოდითო"
-ხოდა ესაა საქმე -თუ პრობლემას ვერ აგვარებ თანასწორ და მეტნაკლებად თანაბარი დონის გუნდთან -ადექი და სხვას დაუთმე ადგილი დალოცვილო, ვერმოგვარებას უმწვრთნელოდაც შეძლებს ყველა...
rable
16 მარტი 2022 16:35
0
4 welia mag problemebs chvenc vxedavt shen is gvitxari ratoa problemebi da rac dainishne ras miagwiee xelfasi garda
I have
16 მარტი 2022 16:19
0

სიახლეები პოპულარული