“ბორჯღალოსნები” ბორჯღალოსნების გვერდში, გახდი შენც “ბორჯღალოსანი”

AutoSharing Option
გთავაზობთ ინტერვიუს ილია როდონაიასთან, რაგბის მხარდამჭერი გუნდის "ბორჯღალოსნების" საბჭოს წევრთან:

ურუგვაისთან და სამოასთან მატჩებზე მარჯანიშვილის მეტროდან 4 საათზე დავიძრებით და სტადიონამდე ხმაურიან მსვლელობას მოვაწყობთ, 300-ზე მეტმა ჩვენმა წევრმა უკვე დაგვიდასტურა მონაწილეობა და ვფიქრობ, ადგილზე კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად. სამოას პირველად 6 წლის წინათ ვუმასპინძლეთ და მახსოვს როგორი სტვენა და სიცილი მოჰყვა ჰაკას ტრადიციულ ცეკვას… მას შემდეგ ქართველი გულშემატკივარი მნიშვნელოვნად გაიზარდა, უკეთ ესმის რაგბის ნიუანსები და ტრადიციები, იცის, რომ ფეხბურთისგან განსხვავებით, რაგბის მატჩზე მეტოქისა თუ მსაჯის შეურაცხყოფა დაუშვებელია, რომ ეს
ჯენტლმენების თამაშია და ურთიერთპატივისცემის ფონზე მიმდინარეობს.

რაგბის მხარდამჭერი გუნდიც, "ბორჯღალოსნები", სწორედ მაშინ, 6 წლის წინათ დაფუძნდა და ამჟამად 550 წევრს ვითვლით; ბათუმში 6 ერის წევრი იტალიის დამარცხების შემდეგ ჩვენი არმია თითქმის გაორმაგდა; ამ გამარჯვებამ რაგბისადმი ინტერესი და მხარდაჭერა მკვეთრად გაზარდა; - არსებული სტერეოტიპის წინააღმდეგ, რომ რაგბი ძირითადად კაცების თამაშია, ინტერესი და აქტიურობა ქალების მხრიდან მეტია, ამჟამად ჩვენს წევრთა ნახევარზე ოდნავ მეტი სწორედ ქალები არიან და საბჭოს შემადგენლობაშიც, 7 წევრიდან 3 გოგონაა. ფან-კლუბი "ბორჯღალოსნები" ძირითადად სტუდენტებს აერთიანებს, თუმცა კარი ყველასთვის ღიაა; ძირითადი აქტივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის წერეთლის სახელობისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები არიან; სულ ახლახან გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონიც შემოგვიერთდა, რომელიც ახალგაზრდებს სამხედრო წვრთნებს სთავაზობს; შემოდგომის ამ სერიებზე, სამოასთანაც და ურუგვაისთან სტადიონზე ძალებს პირველად გავაერთიანებთ.

გვაქვს დაფდაფები, საყვირები, დიდი დროშები, ფან-კლუბის მაისურები, ჩვენი შეძახილები და სიმღერა, - ჩვენს საგულშემატკივრო სტრატეგიას ყველას ვუზიარებთ და ვასწავლით, ვურიგებთ მაისურებს, მატჩების ბილეთებს, რაშიც რაგბის კავშირი გვეხმარება, დანარჩენს საწევროების ხარჯზე ვახერხებთ, მცირე დაფინანსებას კომპანია "ყაზბეგიც" გამოყოფს და სანაცვლოდ მატჩის წინ მის დროშასაც ვშლით. იმედი გვაქვს, რომ სასპონსორო აქტივობაც და თანამშრომლობაც რაგბის კავშირთან გაიზრდება, ბუნებრივია, ქომაგებს მეტი შეხვედრა და ურთიერთობა სურთ მორაგბეებთან და თუ ეს მიზიდულობა ორმხრივი იქნება, ჩვენი რიგები მკვეთრად გაიზრდება, რაც ქართულ რაგბსაც წაადგება - ტყუილად არ უწოდებენ გულშემატკივარს მე-16 მოთამაშეს.

ჩვენ მე-12, მე-13 სექტორებს ვიკავებთ, ალამთან, სადაც მაყურებელი ნაკლებად არის და შეგვიძლია ჩვენი 10 მეტრიანი დროშები თავისუფლად გავშალოთ, თუ სტადიონი შევსებულია, ჩვენი მუხტი დანარჩენებსაც გადაედებათ, ტაშსაც, შეძახილებსაც და ტალღასაც აიტაცებენ, თუმცა თუ მაყურებელი ნაკლებია და ჩვენგან მოშორებით, კონტაქტი რთულია და სტადიონის დამუხტვაც ვერ ხერხდება, ამიტომ ძალიან მნშვენლოვანია ასეთ მნიშვნელოვან მატჩებზე მაინც სტადიონი სრულად გაივსოს - ისე როგორც ბათუმში იტალიასთან შეხვედრისას იყო, ვფიქრობ იმ ისტორიულ გამარჯვებაში გულშემატკივრის წვლილი დიდი იყო და ახლაც ასე ქინება თუკი ბორჯღალოსნებს ყველა გვერდით დავუდგებით.

ბათუმის მატჩი სხვა მხრივაც იყო სანიმუშო, - პირველად მოხდა ისე, რომ რაგბი მთელი ქალაქის ზეიმად იქცა, გულშემატკივრობა მატჩამდეც იყო, არამხოლოდ სტადიონზე, - ქუჩებშიც: კონცერტები, მსვლელობები, დროშები - ისე, როგორც ეს ევროპაში, 6 ერის მატჩების წინ ხდება; ჩვენც ამ დონის გულშემატკივრობა გვჭირდება, რაგბი ჩვენი თამაშია, ყოველი ჩვენგანის და თითოეული მაღალი რანგის შეხვედრა ზეიმად უნდა ვაქციოთ. ველით, რომ ამ სერიების შედეგად მსოფლიო რეიტინგში 11-ე ადგილს ისევ დავუბრუნდებით და გულშემატკივრობის მზარდი მუხტით, ზევითაც ავიწევთ. ყველას გელით სტადიონზე, ერთად დავუდგეთ გვერდში ჩვენს ნაკრებს და საქართველოს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
და სტადიონზე არ გინდოდათ ქომაგი? რო ხიეთ ბილეთებზე არანორმალური ფასები? იჯექით ახლა ცარიელ სტადიონზე
ხოოო?
12:23 03-11-2022
0
ყოჩაღ "ბორჟღალოსნებო".თქვენ მე-16-ზე გაცილებითმეტი ხართ!
მერაბი
12:02 03-11-2022
0

სიახლეები პოპულარული