ცვლილება გაფართოებულ რაზმში - "ბორჯღალოსნებს" 18 წლის ხორბალაძე შეუერთდა

AutoSharing Option
რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ "ბორჯღალოსნების" გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. 33-კაციან რაზმს ტრავმის გამო მირიან მოდებაძე გამოაკლდა, მის ნაცვლად კი შეკრებაზე 18 წლის ლუკა ხორბალაძე შევიდა.

ლუკა ხორბალაძე ქართული რაგბის ქომაგმა გასული წლის ოქტომბერში, საქართველოში გამართული 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას გაიცნო. ფულბეკისა და ფრთის პოზიციაზე მოთამაშე მორაგბემ არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, გაიტანა ლამაზი ლელოები, მათ შორის ორი ფინალში პორტუგალიასთან. ის ასევე მაღალი პროცენტული სიზუსტით ასრულებდა გარდასახვებს.

რაც შეეხება მოდებაძეს, მას ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც, რუმინეთთან მატჩის
გარდა, 19 მარტს გასამართ ფინალურ შეხვედრასაც გამოტოვებს.

„როგორც ჩანს, მირიანმა კლუბში მცირე ტრავმით ითამაშა, დაზიანება გაიმიზეზა და სავარაუდოდ, 4-იდან 6 კვირამდე გაუცდება. არადა, ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა“ – განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა. ხორბალაძესთან დაკავშირებით ის ამბობს:

„ლუკა ხორბალაძემ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალედ ჩაატარა და მას შემდეგ ვაკვირდებით. ლუკას ფანტასტიკური მონაცემები აქვს, შეუძლია რამდენიმე პოზიცია დაფაროს და კარშიც კარგად ურტყამს. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის წინა მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე მოგვეცა შესაძლებლობა, ის ჩვენი გუნდის შეკრებაზე გვეხილა. მასზე პატარა იყო დავით ნინიაშვილი, როდესაც პირველად შემოვიყვანეთ შეკრებაზე და ირლანდიასთან დებიუტიც ჰქონდა. ხორბალაძე საინტერესო მოთამაშეა და ვფიქრობ, ამ ბიჭს საკმაოდ დიდი მომავალი აქვს“.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ბექა გორგაძის რეაბილიტაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

„ის კლუბში აგრძელებს რეაბილიტაციას, თუმცა ჯერ გამოჯანმრთელებული არ არის და შესაბამისად, ვერც გუნდში ითამაშებს. დიდი ალბათობით, ბექა 19 მარტისთვის მწყობრში იქნება“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
მირიანს გამოჯანმრთელება, ხორბალაძეს ყველაფერი საუკეთესო. გოგოლაძეზე კითხეტ რა! ხალხი არა ხართ? ყველა თამაშს ძირითადში იწყებს და სრულად თამაშობს ორილაკში 15 ზე ან 11ზე. 12 და 14ც უთამაშია. გაგვაგებინოს მაისაშვილმა, რა ხდება. ასე არ შეიძლება!
რეზო
03 მარტი 2023 01:05
1
ძალიან ცუდია,მირიანის არააუცილებელი ტრავმის მიღება,მაგრამ კარგია, ხორბალაძის ნაკრებში დაძახება.მართლაც კარგი იყო და ნაკრების მტვრის ჩაყლაპვა,მისთვის,დიდი სტიმული იქნება.ჯერ პატარაა და რა თქმა უნდა გაუჭირდება,მაგრამ ვფიქრობ,გაუმკლავდება.წარმატებებს ვუსურვებ მთელ გუნდს და განსაკუთრებულად,რა თქმა უნდა ლუკა ხორბალაძეს.ძალიან კარგი ბიჭები მოდიან და მჯერა,ჩვენი ნაკრების სათამაშო დონე,კიდევ უფრო მაღალი გახდება,უახლოეს წლებში.
სოსო
02 მარტი 2023 22:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული