გარდამავალი პერიოდის შემდეგ, 2000 წელს, 6-გუნდა ევროპის ერთა თასი დაარსდა, რომელიც სხვანაირად, არაოფიციალურად, „უმცროს ექვს ერადაც“ იწოდებოდა. ამ სახელით ტურნირი 2016 წლამდე ტარდებოდა და პირველ სამ გათამაშებაში ჩემპიონი, დიდი ექვსი ერის მსგავსად, ერთი წლის შედეგად ვლინდებოდა. 2003-08 წლებში გამარჯვებულის გამოსავლენად ორი წლის შედეგები იკრიბებოდა, მას შემდეგ კი კვლავ ერთწლიან ციკლს დაუბრუნდა, 2017 წლიდან კი რაგბი ევროპის ჩემპიონატად იწოდება.
შედეგად, განვლილ
წელს ფორმატი ისევ შეიცვალა. მონაწილეთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, გუნდები ორ 4-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ, მისი დასრულების შემდეგ კი ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავიდა და ჩემპიონიც ფინალურ ჯახში გაირკვევა. ფინალი 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, ჩვენი დროით 23 საათზე დაიწყება. მასში საქართველო პორტუგალიას ერკინება.
პირველ გათამაშებაში ხუთ ევროპულ გუნდთან (საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები) ერთად, კონკურსგარეშე ჩაერთო მაროკო, რომელთან გამარჯვებაც (20:10) ტურნირის საერთო სტატისტიკაში ვერ მოხვდა. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ამ ქვეყნის წარმომადგენლები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოიხსნა, მათ შორის, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან. შესაბამისად, "ბორჯღალოსნებმა" შარშან ტურნირზე 4 თამაში გამართა (3 მოგება და 1 ფრე).
ამრიგად, არასრული 24 წლის განმავლობაში, საქართველომ ტურნირზე ჩატარებული 117 თამაშიდან 99 მოიგო, ფრედ დაასრულა 5 და დათმო 13.
განვლილი 20 ჩემპიონატის განმავლობაში, ჩვენი გუნდი არასდროს დამდგარა დაქვეითების საფრთხის წინაშე და მხოლოდ ერთხელ, 2003/04 წლებში დაიკავა მე-3 ადგილი (პორტუგალიის და რუმინეთის შემდეგ), სხვა ოთხ შემთხვევაში კი მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩა.
2007 წლის შემდეგ მეტოქეებმა "ბორჯღალოსნებთან" წარმატებას სულ 4-ჯერ მიაღწიეს და 3-ჯერ გამორჩნენ ფრეს, 76 შემთხვევაში კი გამარჯვება საქართველოს დარჩა. ამ პერიოდში 13-ჯერ მოვიპოვეთ თასი და მხოლოდ 2-ჯერ (2010 და 2017) ჩამოვრჩით რუმინეთს.
2012-17 წლებში, საქართველოს სარეკორდო, 28-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, რომელიც 27 მოგებას და 1 ფრეს მოიცავს. 2018 წლიდან ახალი ათვლა დაიწყო და 2023 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ძლევის შემდეგ კვლავ 27 მოგება და 1 ფრე გვაქვს. ამრიგად, ფინალში პორტუგალიასთან გამარჯვებით, "ბორჯღალოსნები" წაუგებელი მატჩების საკუთარ რეკორდს 29-მდე გააუმჯობესებს!
ევროპის ერთა თასზე "ბორჯღალოსნებმა" პირველი მატჩი 2000 წლის 6 თებერვალს, ლისაბონში პორტუგალიასთან გამართა. შესვენებამდე ლელო არ გასულა, დასკვნით მეოთხედში კი ერთბაშად სამი მივითვალეთ და ერთი მომენტი 15 ქულით დავწინაურდით, მაგრამ „ლუზიტანუშმა’ ჯარიმების ხარჯზე (ჯამში მეტოქემ 30-ივე ქულა კარში დარტყმებით მოიპოვა – 9 ჯარიმა და 1 არეკნი) დასკვნით წუთებში 3-ით გაგვისწრო. კრიტიკულ მომენტში გარისკა ლევან ცაბაძემ, წითელ ზოლში ჯარიმა გაათამაშა და თანაგუნდელთა დახმარებით გამარჯვების ლელო გაიტანა – 32:30.
ეს იყო საქართველოს პირველი მატჩი და პირველი გამარჯვება ტურნირზე. სიმბოლურია, რომ პირველი გამარჯვება პორტუგალიასთან მოვიპოვეთ, რომელთანაც 19 მარტს ბადახოსში მე-100 გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ!
Rugby.ge