"ბორჯღალოსნები" | შემოდგომაზე იტალიაში

AutoSharing Option
2024 წლის შემოდგომის სერიების ფარგლებში, "ბორჯღალოსნები" 17 ნოემბერს იტალიას სტუმრად ერკინება. მატჩი ჩვენი დროით 16:40 საათზე დაიწყება, ჩატარების ადგილი კი მოგვიანებით დაზუსტდება.

ეს იქნება სამიდან ერთი თამაში შემოდგომის სანაკრებო ფანჯრის დროს. რაგბის კავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ მეტოქეებთან და მათ შესახებ ინფორმაციას დაზუსტებისთანავე მოგაწვდით.

აქამდე საქართველოს იტალიის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც მეტოქემ პირველი ოთხი შეხვედრა მოიგო. პირველად "აძურას" 1998 წელს ლაკვილაში ვეწვიეთ და მასპინძლებმა მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 31:14 გაიმარჯვეს. 2000 წელს იტალიასთან ტესტ-მატჩი ლივორნოში გავმართეთ (51:7), 2003 წლის მსოფლიო თასამდე
მას ასტიში ვეთამაშეთ (31:22).

ამის შემდეგ იტალიელებთან ტესტს 15 წლის განმავლობაში ველოდით და მას მეოთხედ 2018 წელს ფლორენციაში შევხვდით – გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩა – 28:17.

2022 წელს "აძურა" პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ბათუმში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 3 ლელო გაუტანა, თავად მხოლოდ ერთი გაუშვა და 28:19 გაიმარჯვა. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან.

მთლიანობაში, საქართველომ იტალიას ამ 5 თამაშში გაუტანა 8 ლელო და 88 ქულა, თავად კი 20 ლელო და 160 ქულა მიიღო.

წელს იტალიას გამორჩეულად კარგი გუნდი ჰყავს, რაც "ექვს ერზეც" გამოჩნდა. მათ 5-იდან ორი თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 11 ქულით მე-5 ადგილი დაიკავეს.

პირველ შეხვედრაში იტალია ინგლისთან 24:27 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას დასჯერდა, მომავალ ჩემპიონ ირლანდიასთან კი უშანსოდ წააგო – 0:36. მესამე ტურში იტალიელები საფრანგეთს ეწვივნენ და 13:13 დაუზავდნენ, ბოლო ორ შეხვედრაში კი ჯერ შოტლანდიას სძლიეს 31:29, მერე უელსი დაამარცხეს კარდიფში 24:21.

"მოუთმენლად ველით იტალიასთან სტუმრად გასამართ შეხვედრას. მათ წლევანდელ "ექვს ერზე" შესანიშნავი კამპანია ჰქონდათ. ის, რომ ასეთ ფორმაში მყოფმა იტალიამ მიგვიწვია, ქართული რაგბის განვითარების დასტურია. როგორც ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესო გუნდებთან გამოვცადოთ.

გარკვეულწილად, იტალიური რაგბის ისტორია ჩვენთვის სამაგალითოა. ისინი "ხუთი ერის" კარზე დიდი ხნის განმავლობაში აკაკუნებდნენ და საბოლოოდ ამან შედეგი მოიტანა. იტალიასთან თამაში შესანიშნავი მოვლენა იქნება როგორც ქართველი გულშემატკივრისთვის, ასევე ზოგადად რაგბის მოყვარულებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და იტალიაში გულშემატკივრის დიდ არმია გამოგვყვება", - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
18-19 მაისს გერმანიაში, მიუნხენის 7-კაცაზე რა მოხდა არ დაგვიწერთ.
სერგო
24 აპრილი 2024 13:53
0
გველაძუები არიან. ჩვენთან წაგება ყელში აქვთ გაჩხერილი და ახლა როცა აღმავლობის გზაზე არიან მოწყურდათ რევანში (თან სახლში უნდათ). დარწმუნებული ვარ ისევ რეგრესი რომ ქონდეთ ამ ინიციატივას არ გამოიჩენდნენ.
S.K.K.
24 აპრილი 2024 10:47
1
და რა გარანტია აქვთ, რომ მოგვიგებენ?
პასუხად
28 აპრილი 2024 22:33
0
იტალია ჩვენთან დამარცხებამ,მაგრად გამოაფხიზლა,ახალგაზრდული რაგბიდანაც ძალიან კარგი შევსება მიიღო და დღეს,ის უკვე 6 ერის,სრულიად კონკურენტუნარიანი ნაკრებია.ძალიან მძიმე თამაში გვექნება და ძალიანაც დაგვეხმარება,შემდგომ ზრდაში,თუმცა ჩვენც უკვე გადალახული გვაქვს,მორიდების გრძნობა და შევეცდებით,ამ ფორმაციის იტალიის დამარცხებასაც.იმედია გამოგვივა.ჩვენი ნაკრებიც ხომ მუდმივად იზრდება,თუმცა პრობლემებიც ბევრი გვაქვს.
სოსო
23 აპრილი 2024 08:34
0
რატომ იოსებ ტყემალაძე?კაცი ამბობს,სოსო მქვიაო.მეც სოსო მქვია,მაგრამ დაბადების მოწმობაში,მაინც იოსები დამიწერეს,5 წლისა ვიყავი,დედაჩემმა დაბადების მოწმობა,მაგის გამო რომ შეაცვლევინა და სახელად სოსო ჩამიწერეს.საბჭოთა პასპორტი რომ ავიღე,იქაც სოსო მიწერია,დღევანდელ პირადობის მოწმობაშიც სოსო ვარ,მაგრამ რად გინდა,"გპიში"რომ ჩავაბარე,სტუდბილეთში მაინც იოსები ჩამიწერეს და მას შემდეგაც,დღემდე,მუდამ საბუთებზე სირბილი და ბრძოლა მიწევს.სადღაც,რაღაცის წევრი გავხდები და მაშინვე იოსები.დაწყვეტილი მაქვს,ნერვები.გაუგიათ,რომ სოსო,იოსებისგანაა წარმოებული და წარამარა,იოსებს აკვეხებენ.წევრობაში,პარტიულობა არავინ იგულისხმოს,პრინციპულად ვინარჩუნებ უპარტიობას.პარტიულობა,ძალაუფლების სურვილს ნიშნავს და ვალდებული ხარ,თანაპარტიელებს,მუდამ მხარი დაუჭირო,მაშინაც კი,თუ აშკარად ხედავ,რომ არ არიან,მართლები.გინდა თუ არა,სიბინძურეში ეხვევი.ასე კი,შენ შეხედულებებში და მის გამოხატვაში,თავისუფალი ხარ.როცა რაღაცა კარგი და საჭირო კეთდება,ოცნების გვერდითაც ვდგები,ნაცების გვერდითაც დავმდგარვარ და მოქალაქეთა კავშირის გვერდითაც.კარგის გაკეთებას თუ ცდილობს,ხელი არავის უნდა აუქნიო.კარგი მოქალაქეობაც ეს მგონია.
სოსო
23 აპრილი 2024 08:26
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული