ეს იქნება სამიდან ერთი თამაში შემოდგომის სანაკრებო ფანჯრის დროს. რაგბის კავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ მეტოქეებთან და მათ შესახებ ინფორმაციას დაზუსტებისთანავე მოგაწვდით.
აქამდე საქართველოს იტალიის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც მეტოქემ პირველი ოთხი შეხვედრა მოიგო. პირველად "აძურას" 1998 წელს ლაკვილაში ვეწვიეთ და მასპინძლებმა მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 31:14 გაიმარჯვეს. 2000 წელს იტალიასთან ტესტ-მატჩი ლივორნოში გავმართეთ (51:7), 2003 წლის მსოფლიო თასამდე
ამის შემდეგ იტალიელებთან ტესტს 15 წლის განმავლობაში ველოდით და მას მეოთხედ 2018 წელს ფლორენციაში შევხვდით – გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩა – 28:17.
2022 წელს "აძურა" პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ბათუმში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 3 ლელო გაუტანა, თავად მხოლოდ ერთი გაუშვა და 28:19 გაიმარჯვა. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან.
მთლიანობაში, საქართველომ იტალიას ამ 5 თამაშში გაუტანა 8 ლელო და 88 ქულა, თავად კი 20 ლელო და 160 ქულა მიიღო.
წელს იტალიას გამორჩეულად კარგი გუნდი ჰყავს, რაც "ექვს ერზეც" გამოჩნდა. მათ 5-იდან ორი თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 11 ქულით მე-5 ადგილი დაიკავეს.
პირველ შეხვედრაში იტალია ინგლისთან 24:27 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას დასჯერდა, მომავალ ჩემპიონ ირლანდიასთან კი უშანსოდ წააგო – 0:36. მესამე ტურში იტალიელები საფრანგეთს ეწვივნენ და 13:13 დაუზავდნენ, ბოლო ორ შეხვედრაში კი ჯერ შოტლანდიას სძლიეს 31:29, მერე უელსი დაამარცხეს კარდიფში 24:21.
"მოუთმენლად ველით იტალიასთან სტუმრად გასამართ შეხვედრას. მათ წლევანდელ "ექვს ერზე" შესანიშნავი კამპანია ჰქონდათ. ის, რომ ასეთ ფორმაში მყოფმა იტალიამ მიგვიწვია, ქართული რაგბის განვითარების დასტურია. როგორც ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესო გუნდებთან გამოვცადოთ.
გარკვეულწილად, იტალიური რაგბის ისტორია ჩვენთვის სამაგალითოა. ისინი "ხუთი ერის" კარზე დიდი ხნის განმავლობაში აკაკუნებდნენ და საბოლოოდ ამან შედეგი მოიტანა. იტალიასთან თამაში შესანიშნავი მოვლენა იქნება როგორც ქართველი გულშემატკივრისთვის, ასევე ზოგადად რაგბის მოყვარულებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და იტალიაში გულშემატკივრის დიდ არმია გამოგვყვება", - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.
Rugby.ge