დავით ნინიაშვილი: ვერც კი წარმოვიდგენდი...

AutoSharing Option
გასულ კვირაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატების გამარჯვებულთა სიას ორი ახალი გუნდი შეემატა. ორივე შემთხვევაში გამარჯვება ფრანგულ კლუბებს დარჩათ – ჩემპიონთა თასი "ლა როშელმა", ხოლო ჩელენჯ თასი "ლიონმა" მოიგო.

"ლა როშელი" ჩემპიონთა თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და თუკი შარშან "ტულონთან" დამარცხდა (17:22), წელს ირლანდიურ "ლენსთერს" 24:21 სძლია და ევროტურნირების თასი პირველად შემართა. მარსელში გამართულ ფინალში ირლანდიელები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, მაგრამ "ლა როშელმა" ბოლოსწინა წუთზე გამარჯვების ლელო გაიტანა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღო გურამ პაპიძემ, რომელიც "ლა როშელში" პრო
დე2-ის "ნევერიდან" მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და ტოპ 14-ის 15 (1 ლელო), ხოლო ჩემპიონთა თასის 4 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ევროტურნირის ფინალში წელს პირველად გავიდა "ლიონი", "ტულონი" 30:12 დაამარცხა და ჩელენჯ თასის მფლობელი გახდა. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო. "ლიონის" ძირითადში იყო და 72 წუთი შეუდარებლად ითამაშა 19 წლის ფრთამ, დავით ნინიაშვილმა. მან ბურთით ხელში 187 მეტრი იარა, რაც ფინალურ მატჩში მონაწილეთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, ის კარგი იყო დაცვაში და მსოფლიოს ჩემპიონს, სამხრეთაფრიკელ ჩესლინ კოლბის თავის გამოჩენის მცირედი შანსი არ დაუტოვა.

მხრის ტრავმის გამო ფინალში ვერ ითამაშა "ლიონის" მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ, თუმცა მისი წვლილი გუნდის წარმატებაში ფასდაუდებელია. ნინიაშვილის მსგავსად, ახალ გუნდს ისიც მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად იქცა. ფინალში "ტულონელთა" სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა ბექა გიგაშვილმა.

ჩელენჯ თასის მოგებით უზომოდ გახარებულია ნინიაშვილი, რომელმაც ფინალური მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ლელო გაიტანა, თუმცა ბურთის დამიწებამდე, ისე, რომ მის ახლოს არც ერთი მოწინააღმდეგე არ იმყოფებოდა, თითის წვერი მილიმეტრით შეეხო პირით ხაზს და ვიდეორეფერიმ ლელო გააუქმა. დათუნა თავის წილ ლელოს მაინც გაიტანდა, მაგრამ მეტოქემ 45-ე წუთზე მისი მისამართით მიმავალ ბურთს ხელი განზრახ ჩაარტყა და "ტულონი" საჯარიმო ლელოთი დაისაჯა.

"აქ რომ ჩამოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, პირველ გუნდში თუ მომიწევდა თამაში და მით უმეტეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ "ლიონთან" ერთად ფინალს თუ ვითამაშებდი და ჩელენჯ თასს ავწევდი. უზომოდ ბედნიერი ვარ. ეს გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურებაა. "ლიონი" შეკრული კოლექტივია და ფინალისთვის მაქსიმალური მობილიზებით ვემზადებოდით. კარგად შევისწავლეთ მეტოქის სუსტი მხარეები, შესაბამისი ტაქტიკა შევარჩიეთ და ამან გაამართლა", - ამბობს ნინიაშვილი.

და რას ფიქრობს თავად მორაგბე პირველი ტაიმის ბოლოს არჩათვლილ ლელოზე?

"ეს მომენტი მთელი ცხოვრება მემახსოვრება! ჭკუის სასწავლებელი ეპიზოდი იყო და არასდროს დამავიწყდება. ძალიან გავმწარდი, ლელო რომ არ ჩაითვალა, თუმცა მეტი სტიმული და მოტივაცია მომცა, რათა უკეთ მეთამაშა, შეცდომა აღარ დამეშვა და ლელო დამემსახურებინა. ნერვიულობას და ფიქრს რომ ავყოლოდი, ზუსტად ვიცოდი, კარგს არაფერს მომიტანდა. ამიტომ ეს ეპიზოდი პირველ ტაიმში დავტოვე და მეორე ტაიმი ნულიდან დავიწყე, თითქოს აქამდე არც არაფერი მომხდარა".

და რომ არა ტექნიკური ლელო, ნინიაშვილი ლელოს აუცილებლად გაიტანდა – "თუ ისევ ხაზს არ შევეხებოდი" – იცინის 19 წლის მორაგბე, რომელმაც საქვეყნოდ ცნობილ ვიზავის, ჩესლინ კოლბის პირწმინდად აჯობა:

"ვიცოდი, რომ ჩემ წინ მსოფლიოს ჩემპიონი, თავად ჩესლინ კოლბი იდგა და ამან ჩემს თამაშზე დიდი გავლენა იქონია. მოედანზე ისეთი მოტივაციით გავედი, რომ მისთვის უნდა მეჯობნა, მაქსიმუმი გამეღო მის შესაჩერებლად, თუნდაც მოედანზე მოვმკვდარიყავი“.

და ამ თავდადებულმა თამაშმა ნინიაშვილის სხულზე თავისი კვალი დატოვა. მან რამდენჯერმე მიიღო ძლიერი დარტყმა, მათ შორის, კიდევ ერთი სამხრეთაფრიკელისგან, მეორეხაზელ ებენ ეცებეთისგან, რომელსაც რამდენიმე წამით ადრე დავითმა დომინანტი ბოჭვა გაუკეთა და უკან გადააგდო, საპასუხოდ კი, რაქის "გაწმენდისას" აფრიკელმა მას თავში ძლიერი დარტყმა მიაყენა. სპეციალისტების აზრით, ეცებეთი ამ ეპიზოდის გამო ყვითელ ბარათს იმსახურებდა:

"როგორც ყველა თამაშის შემდეგ, პატარ-პატარა დაბეჟილობები მაქვს და სავარაუდოდ, მცირე ტვინის შერყევა. კლუბის ექიმები სამშაბათს შემამოწმებენ და ზუსტი დიაგნოზი მაშინ მეცოდინება, თუმცა ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ეს ტიტული პირველია "ლიონისთვის". მთელი გუნდი 2 დღეა ერთად აღვნიშნავთ, ოღონდ მე ალკოჰოლს არ ვიღებ, რადგან ტვინის შერყევის რისკია. ქალაქში გულშემატკივრები ზეიმით დაგვხვდნენ, ყველგან დაგვაქვს თასი და მედლები. ჯერჯერობით ზეიმი გრძელდება, სამშაბათიდან კი ვარჯიშები განახლდება".

ნინიაშვილს არ ავიწყდება თანაგუნდელი ბექა საღინაძე და დარწმუნებით ამბობს, რომ ამ წარმატებაში მისი წვლილი უდიდესია – "ბექამ მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ძალიან მაგრად ითამაშა, საუკეთესო იყო მოედანზე და ამიტომ, როგორც ფინალში გასვლაში, ასევე თასის მოგებაში, მისი დამსახურება ძალიან დიდია. მის გარეშე გადამწყვეტ მატჩში შესაძლოა საერთოდ არც გვეთამაშა".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ჩვენს ლომებს ხეირიანი მწვრთნელი სჭირდებათ. მაისაშვილი ძალიან სუსტია.
გიორგი
03 ივნისი 2022 02:09
0
დავით აუცილებლად დიდი რაგბი უნდა ითამაშო!მართლა მაგარი ბიჭია რა!ისე უკანახაზელებშიცი მედია დავითის შემთხვევა სამაგალითო იქნება და მეტ ყურადღებას მიაქცევენ.მთავარია უკანახაზიც მოწინავე ხაზების მსგავსად დავაბალანსოთ და მერე უკვემ ართლა ძალიან კარგი ნაკრები გვეყოლება!
აბგდ
31 მაისი 2022 14:11
0
ასეთი მაღალი კლასის რაგბისტების გარეშე დიდ შედეგს ვერ მიიღწევა, მგონი მოვიდა დრო, რომ იტალია ბეჭებზე დავდოთ.
31 მაისი 2022 11:09
1
გუნდს სჭირდება გამოცდილი და კვალიფიციური მწვრთნელი!აი შედეგი მოვა ამ ყველაფრის მერე.ბიჭები მართლაც კარგები გვყავს და კიდევ უფრო მაგარი თაობა მოდის უბრალოდ ყველაფერი დამოკიდებულია სამწუხაროდ მწვრთნელზე და მის სტაფზე,რომელიც კვალიფიკაციით მაინც და მაინც არ გამოირჩევა!
აბგდ
31 მაისი 2022 14:07
0
ტიპმა რაგბის ორი ლეგენდა ადგილზე მისვა. ქართველმა. ნინიაშვილი მომავალი ლეგენდაა რაგბის და ახლაც უმაღლეს დონეზე თამაშობს. ეთზებეთის და კოლბის ასეთი გასასაცილოვება იგივეა ფეხბურთში ერთმა მოთამაშემ მესი რომ მარტომ ჩაკეტოს. ბაში-აჩუკია ნამდვილი.
._.
30 მაისი 2022 22:07
1
Es erti dislaiqi me davwere shemtxvevit, torem dato di moragbe gaizrdeba es100% it asea....
ვასილიჩი
31 მაისი 2022 09:52
0
რა ვთქვა?მთელი გულით ვულოცავ ბიჭებს,ამ დიდ გამარჯვებას.ასევე ვულოცავ ბექა გიგაშვილს და გურამ პაპიძესაც.ბექა ძალიან კარგი იყო,გურამმა კი წინა თამაშებში მიიღო მონაწილეობა და ტრავმის გამო გამოაკლდა გუნდს.ყველამ უდიდესი გამოცდილება მიიღეს და ეს თამაშები ძალიან წაადგებათ ფსიქოლოგიურადაც.მათ არავისთან აღარ ექნებათ არასრულფასოვნების თუნდაც მცირე კომპლექსი,მათ გარდა ჩვენ ნაკრებში კიდევ გვყავს მსოფლიოს დონეზე ნათამაშები რამდენიმე მორაგბე და მათ გვერდით სხვებიც თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს.
სოსო
30 მაისი 2022 18:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული