ჩვენი იმედის გუნდმა შოტლანდია დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ზედიზედ სამი თამაში მოიგეს და წინა ორი წლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი გუნდი, აქამდე გამართულ ჩემპიონატებში მე-4 თამაშს იგებდა (2016 წელს იტალიასთან და 2017 წელს არგენტინასთან) და ჩემპიონატს მე-10 ადგილზე ასრულებდა, წელს კი ეს მაჩვენებელი ორი მოგებით და ერთი ადგილით გაუმჯობესდა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ირლანდიის დამარცხების (24:20) შემდეგ, იყო რეალური შანსი, რომ კიდევ უფრო მაღალი, მე-5-მე-8 ადგილებისთვის გვეთამაშა, მაგრამ არ გაგვიმართლა. სანაცვლოდ ბიჭებმა მე-4,
დაძაბულ მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს და ელიტაში ზედიზედ მეოთხედ თამაში დაიბევეს, ხოლო ტურნირის დასკვნით შეხვედრაში შოტლანდიას 39:31 აჯობეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ხუთივე შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რაც შედეგებზეც აისახა და პირველ მატჩში თასის ნახევარფინალისტ, მრისხანე სამხრეთ აფრიკასთან ბონუსი ავიღეთ (27:33), ხოლო ფინალისტს, მასპინძელ საფრანგეთს მხოლოდ 12 ქულით (12:24) ჩამოვრჩით.

altთედო აბჟანდაძე: ეს შედეგი თავდადებამ და ჩვენმა დაუღალავმა შრომამ მოიტანა


თავის მხრივ, ასეთი თამაშის ხარისხი და შესაბამისად შედეგი, კარგად დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპის ნაყოფია. ამა წლის თებერვალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე ერთკვირიანი შეკრება გაიარეს და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორი ტესტი გამართეს; აპრილში გუნდი 12 დღით სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა და მასპინძელთა 20-წლამდე ნაკრებს ორჯერ ეთამაშა; მაისში, უშუალოდ ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, თბილისს ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ძალიან ძლიერი ნაკრები ეწვია და უმცროს ბორჯღალოსნებთან ‘ავჭალაზე’ ითამაშა. ამ ხუთმა მაღალი დონის შეხვედრამ, ჩვენს გუნდს უმაღლეს სათამაშო ტემპთან შეჩვევის შესაძლებლობა მისცა, რამაც შედეგი მოიტანა!

შოტლანდიელებთან პირველ ტაიმში პირქარში ვითამაშეთ, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა და საწყის 20 წუთში თამაშის დალაგებაც გაგვიჭირდა, თუმცა მთლიანობაში, კარგი ტაიმი ჩავატარეთ და ლოგიკურად ის ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყი. მეორე ტაიმის 30 წუთი მეტოქე პირწმინდად დავჯაბნეთ და დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა დასკვნით წუთებში ნერვიულობამ მაინც მოგვიწია.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-3 წუთზე გახსნა. გუნდის კაპიტანმა ბექა საღინაძემ ბურთი დერეფანში მოიგო და კარგად დაყენებულმა მოლმა დაახლოებით 15 მეტრი იარა, მერე მას ლუკა ჯაფარიძე მოწყდა, რომელმაც დარჩენილი 6-7 მეტრი ბრძოლით დაფარა და მიზანს უწია. ქარმა გელა აფრასიძეს მიზნის გასწორების საშუალება არ მისცა და მალე წონასწორობაც აღდგა. ამჯერად მოლი შოტლანდიამ დააყენა, ხოლო გარდასახვა მათაც გაუცუდდათ.

მე-13 წუთზე შოტლანდიელთა ფლანკერმა აფრასიძეზე ჯერ უხეში ბოჭვა შეასრულა, მერე წაქცეულს თავში ხელი ჩაარტყა და გუნდური ჩხუბი ატყდა. ეპიზოდი ვიდეო-რეფერიმ განიხილა და ჩხუბის ინიციატორები სინბინში გაუშვა, ხოლო ხურდის დაბრუნების გამო, ჯარიმა შოტლანდიას გადასცა. მეტოქემ დერეფნიდან შეგვიტია და იქვე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა.

მალე ჩვენი თამაში დალაგდა, დაცვა აგრესიული, ხოლო შეტევები თანმიმდევრული გახდა და საპასუხო, ლამაზმა ლელომაც არ დააყოვნა. მეტოქემ ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა და ბექა მამუკაშვილმა ხაზი გაჭრა, მიყოლამ დააგვიანა და შოტლანდიამ საკუთარი 22-იდან ფეხით ითამაშა, ამჯერად სწრაფ იერიშში მთელი გუნდი ჩაერთო, უპირატესობის ხაზი ყველა ჯერზე გადაიკვეთა, მარჯვენა ფრთაზე მეტობა გაჩნდა და კოტე მარჯანიშვილი ლელოში შეფრინდა, ხოლო აფრასიძის არყოფნაში აბჟანდაძემ ურთულესი გარდასახვა გაიტანა - 12:12.

ტაიმის მეორე ნახევარში ვდომინირებდით, ვაკონტროლებდით ბურთს და თითქმის მთელი დრო მეტოქის ნახევარზე გავატარეთ. ჯარიმა კარის წინ 5 მეტრიდანაც არ დავარტყით და სწრაფი გათამაშებით ვცადეთ უპირატესობის გამოყენება, მაგრამ ბოლო პასი მეტოქემ ჩაჭრა და იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ.

მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ამჯერად ქარიც ჩვენს სასარგებლოდ ქროდა და დებიუტშივე მაღალ ტემპში შევუტიეთ. ჯარიმიდან ბურთი 5-მეტრიან წყვეტილთან ჩავაგდეთ და იქ ჩვენი დერეფანი ვერ მოვიგეთ, თუმცა ბურთს ვერც შოტლანდიელები დაეუფლნენ, სიტუაციაში ყველაზე სწრაფად თენგიზ გიგოლაშვილი გაერკვა, ოვალი აიტაცა და ლელოში შეხტა, ხოლო აბჟანდაძემ ანგარიში გაათანაბრა. 49-ე წუთზე მეტოქე შერკინებაში დავაჯარიმეთ, ამჯერად აბჟანდაძემ კარში დარტყმა გადაწყვიტა და ცენტრიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა - 22:19.

საქართველოს ნაკრები წნეხს აძლიერებდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა. ლევან პაპიძემ მეტოქეს რომ დაუფარა ლელომდე სანტიმეტრები დაგვაკლდა, თუმცა 57-ე წუთზე მოსახდენი მაინც მოხდა. აბჟანდაძე, აფრასიძე და გიგოლაშვილი მცველებმა წითელ ზოლში შეაჩერეს, რაქიდან გურამ გოგიჩაშვილის მიძალებას კი, წინ ვეღარავინ აღუდგა. თედო გარდასახვიდან ზუსტი იყო.

აგრესიული დაცვით მეტოქეს თავის ნახევრიდან გამოსვლის საშუალება არ მივეცით, 64-ე წუთზე სქოთებს ფეხით თამაშისას კიდევ ერთხელ დავუფარეთ, მორკინალებმა ურთულესი ბურთი შეინარჩუნეს, ხაზმა ის მარჯვნივ სწრაფად ჩაათამაშა და მარჯანიშვილმა თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძე რთული პოზიციიდან არ შეცდა - 36:19.

ორიოდე წუთში მარჯანიშვილს მესამე ლელოც უნდა გაეტანა, თორნიკე ჯალაღონიამ ცენტრთან კარგად გაჭრა ხაზი და 5-მეტრიან წყვეტილამდე ირბინა, თუმცა მისი გადაცემა კოტემ ვერ შეიმაგრა და ამ ეპიზოდში ორივე შემტევი დაშავდა. 70-ე წუთზე რეფერიმ სანდრო კალმახელიძე გაასინბინა და დასკვნითი 10 წუთი კაცნაკლულებმა გავატარეთ.

ასეთ ვითარებაში შოტლანდიამ შეტევაში გადასვლა მოახერხა, 5 წუთში 2 ლელო გაიტანა, ერთი გარდასახა და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ძალები მოიკრიბეს, მეტოქე მათსავე ნახევარზე კიდევ ერთხელ შეავიწროვეს და შეცდომე დააშვებინეს, მერე ჯარიმა გამოიმუშავეს, აბჟანდაძემ მეექვსე დარტყმაც უნაკლოდ შეასრულა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება დაუბევა - 39:31.

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებმაც განსაკუთრებული დახვედრა დაიმსახურეს, სამშობლოში 19 ივნისს, 03:05 საათზე ბრუნდებიან.


altშოტლანდიელებმა "უმცროს ბორჯღალოსნებთან" მატჩი შეაფასეს: საქართველოს მძლავრ გუნდთან დავმარცხდით


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 57 /
ვიღაც არარაობების სასტავი ზის, ან ერთი არარაობა და ყველა კომენტარზე დისლაიკს სვამს. ყოველთვის დაექციე შე არაკაცო ქართველების გამარჯვებებს და ბედნიერებას!!!
საქართველოს რიგითი მოქალაქე
17 ივნისი 2018 18:24
3
გილოცავთ ყველას განსაკუთრებული მადლობა ჩვენი რაგბის ყველა მომავალს და იმედს.
P.S. პატივცემულო საიტის ადმინისტრაციავ, ხომ შეიხლება აქ ყველამ გამოთქვას თავისი აზრი ყოველგვარი ლაიქების და დისლაიქების გარეშე? რა ადამიანი უნდა იყო რომ ჩვენი დღევანდელი გამარჯვება არ გაგიხარდეს და აქ დისლაიქებს აძლევდე?
imereli
17 ივნისი 2018 18:32
0
ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდა რაგბისტებს ამ დიდ გამარჯვებას. ძალიან მიყვარს რაგბი, ჩვენმა ბიჭებმა შემაყვარეს ეს სპორტი. რაგბი ჩვენი თამაშია!
ლევანი
17 ივნისი 2018 18:19
0
მეტი რა უნდა ვქნათ ექვს ერში რომ მიგვიღონ, მადლობა ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის
ზიზუ
17 ივნისი 2018 18:08
8
კიდევ არის კითხვები თუ რა უნდა ვქნათ? მარარიჩი! აბა სხვა რა ვიფიქროთ> სხვა რაღა დარჩა? - მარარიჩი და მხოლოდ მარარიჩი!
გიორგი
17 ივნისი 2018 18:12
0
ესეც შოტლანდია და ირლანდიის მომავალი ბიჭები ხო დავდეთ ბეჭებზე და დროა 6 ერიც გაიღოს ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს და ამას ვეღარ გაუძლებს ექვსი ერის კარები... ბიჭებს მადლობა დღევანდელი მატჩისთვის და სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ
რაგბი ჩვენი თამაშია
17 ივნისი 2018 17:58
11
ეს ის თაობაა, რომლებიც შეძლებენ ევროპის ბობოლა გუნდების დამარცხებას. ველოდებით ამას სულმოუთქმელად!!!
ლევანი
17 ივნისი 2018 18:24
4
მაგარი თაობა გვეზრდება. ამათ, რომ ოცწლამდელთა 6 ერზე თამაშის გამოცდილება ჰქონოდათ მერე ენახათ ჩვენი თამაში. საოცარი სამი გამარჯვება იყო, ყველას გილოცავთ და დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები კიდევ არა ერთხელ გაგვახარებენ.
irakli81
17 ივნისი 2018 17:54
10
დისლაიქებს ვინ ამებები სვამენ ?!
ALONZO
17 ივნისი 2018 18:28
2
უღრმესი მადლობა პატარა ლომებო ამ ყველაფრისთვის.უამრავჯერ გაგეხარებინოთ საკუთარი და ჩვენი გულები.მადლობა დიდი...
euhh
17 ივნისი 2018 17:50
10
გილოცავთ!!! მადლობა ბიჭებს და ყველას იმას, ვინც ამ სიხარულს ჭედავს!!!
tngh
17 ივნისი 2018 17:37
11
38 კიარა 39 იყო. ნუ, ჩემს ტელევიზორში ასე ეწერა. :)
ნათია
17 ივნისი 2018 17:35
10
ნათია,აქაც 39 სწერია.ამ დისლაიქების ავტორებმა კი ისე გახარებულებმა იარონ მთელი ცხოვრება,როგორც დღევანდელი გამარჯვებით არიან გახარებულები.არც მეტი,არც ნაკლები.
სოსო
17 ივნისი 2018 18:55
0
გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას.
daviti
17 ივნისი 2018 17:31
11
არვიცი რა ვთქვა ისეთი ბედნიერი და ამაყი ვარ ! ეს ბიჭები იტყვიან თავის სიტყვას ეროვნულ ნაკრებში, დაწერენ ისტორიას და დაამწუხრებენ ბევრ გრანდს. დიდი მადლობა თვითოეულ მათთაგანს, მთელ სამწვრთნელო შტაბს და გილოცავთ ყველას ამ დიდი წარმატებას.
beeq.777
17 ივნისი 2018 17:29
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული