ვანში რაგბის სტადიონი გაიხსნა

AutoSharing Option
რეგიონებში რაგბის განვითარებისთვის აუცილებელია სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ მხრივ, ვანში დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 20 ოქტომბერს "ვანის რაგბის სტადიონი" გაიხსნა, რომელიც ბეჟან ხურციძეს სახელობისაა.

ბატონმა ბეჟანმა ვანში რაგბის გუნდს საფუძველი 12 წლის წინ ჩაუყარა, რითაც იმ დროს რაგბის კავშირის წარმომადგენლების, ირაკლი გვენეტაძისა და თამაზ მგელაძის, რეგიონებში რაგბის განვითარების ინიციატივას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში აღზრდილ რამდენიმე მორაგბეს საქართველოს სხვადასხვა ნაკრების შემადგენლობაში, მათ შორის, ეროვნულში უთამაშია.

იგეგმება, რომ "ვანის რაგბის სტადიონი" კიდევ უფრო განვითარდეს და ბაზის სახე
მიიღოს.

"რეგიონებში რაგბის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია და სასიხარულოა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ქალაქში რაგბის სტადიონი გაიხსნა. გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე ვანელი მოთამაშე უკვე ეროვნული ნაკრების კანდიდატია და ამ რეგიონს დიდი სარაგბო ტრადიციები და პოტენციალი გააჩნია. ვანის მუნიციპალიტეტმა სტადიონის მოსაწყობად ინვესტიცია გაიღო და შედეგიც კარგი მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონზე არაერთი ჯანსაღი თაობა გაიზრდება" - განაცხადა რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა ლაშა (ბაჩო) ხურციძემ, რომლის მამის სახელსაც ეს სტადიონი ატარებს:

"დღევანდელი დღე ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან სტადიონი მამაჩემის - ბეჟან ხურციძეს სახელობისაა, რომლის სახელსაც 12 წლის წინ ვანში პირველი რაგბის გუნდის დაარსება უკავშირდება".

სტადიონის გახსნას დაესწრო ვეტერანი მორაგბე, პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ვანის რაიონიდან გივი ჭიჭინაძე:

"ვანის რაიონში ღირსშესანიშნავი დღეა, რადგან გაიხსნა გამოკვეთილად რაგბის სტადიონი. რეგიონში საკმაო რაოდენობის სპორტული ინფრასტრუქტურა არ გვაქვს და სასიხარულოა, რომ ეს ინიციატივა მუნიციპალიტეტისგან წამოვიდა. ვიცი, რომ ბაჩო და მისი მეგობრები ამ სტადიონის შემდგომ საფუძვლიან კეთილმოწყობას აპირებენ და ამ პროექტს იმედით შევყურებ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული