იტალიის ელჩი საქართველოში: მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს ვიდექი, გული ქართულად მიცემდა

AutoSharing Option
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე/rugby.ge

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე საქართველოში იტალიის ელჩს, ანტონიო ბარტოლის შეხვდა და მასთან ქართული და იტალიური რაგბის თანამშრომლობის დეტალები განიხილა.

შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ სვანიძემ ელჩს სამახსოვრო საჩუქრები და "ბორჯღალოსნების" კვართი გადასცა, რომელიც ბარტოლიმ იქვე გადაიცვა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რაგბის კავშირი იტალიურ მხარესთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს და იმავეს გეგმავს სხვა წამყვანი სარაგბო ქვეყნების კავშირებთანაც:

"იტალიურ მხარესთან რაგბი ევროპის ფარგლებში დიდი ხანია ურთიერთობა გვაქვს, თუმცა იტალიის რაგბის კავშირთან პირდაპირი ურთიერთობა ახალი დაწყებული
გვაქვს. ვაპირებთ, რომ მომავალში ყველა წამყვან სარაგბო ქვეყანასთან პირდაპირ ვისაუბროთ და მათთან ურთიერთობები გავაღრმავოთ.

მსოფლიო რაგბიში მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს, ისტორიული გადაწყვეტილების მიჯნაზე ვდგავართ და მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ დამოკიდებულნი სხვების გადაწყვეტილებაზე. სწორედ ამიტომ, პარალელურ რეჟიმში მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტების დამყარება, რათა არ ჩამოვრჩეთ რაგბის განვითარებას, გავუსწროთ მოვლენებს და სამომავლო გამოწვევებს მომზადებულნი შევხვდეთ.

იტალიასთან მოქიშპე დამოკიდებულება გვქონდა და მოედანზე ეს ყველა მეტოქესთან ასეც გაგრძელდება, თუმცა მის მიღმა ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. იტალიურ რაგბის თავისი პლუსები აქვს, ჩვენსას - თავისი და ამ ურთიერთობით ორივე მხარე გავმდიდრდებით.

იტალიის ეროვნულ ნაკრებთან განმეორებით მატჩზე მსოფლიო რაგბისთან და უშუალოდ იტალიის რაგბის კავშირთან ვისაუბრებთ, რადგან ეს საკითხი მათი გადასაწყვეტია.

ამ შეხვედრისას ელჩს გავაცანით იდეა, რომელიც მას ძალიან მოეწონა და მზადაა, პროცესების დასაჩქარებლად პირადად ჩაერთოს მის მომზადებაში. საუბარია იტალიის ახალგაზრდული, საფესტივალო ასაკის გუნდების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქართველ ბავშვებთან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავენ და ითამაშებენ. გვაქვს სურვილი, რომ ერთი ან ორი გუნდი ამ ზაფხულს მოვიწვიოთ და პირველი საზაფხული ბანაკი მოვაწყოთ".

ანტონიო ბარტოლი ჩვენს ქვეყნებს შორის სპორტული ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით კმაყოფილია:

"ძალიან დიდი მადლობა რაგბის კავშირის პრეზიდენტს ამ ვიზიტისთვის. მე კარგად და თბილად ვიხსენებ შარშან ნოემბერში, ფლორენციაში გამართულ შეხვედრას და იმ ატმოსფეროს, რომელიც სტადიონზე სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს ვიდექი, გული ქართულად მიცემდა. მოხარული ვარ, რომ ეს ურთიერთობები ივნისში გაგრძელდება და ახლა უკვე საქართველოს 7-კაცა ნაკრები ითამაშებს რომის საერთაშორისო ტურნირზე.

ვილაპარაკეთ სამომავლო ურთიერთობებზე, რომლებშიც აქტიურად ჩავერთვები. საქართველო, თავისი სილამაზით, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს და რაგბი ქვეყნის პოპულარიზაციაში უდიდეს როლს ასრულებს. არის იდეა და მაქვს იმედი, რომ უკვე ამ ზაფხულს შევძლებთ ერთობლივი საწვრთნელი ბანაკის მოწყობას, სადაც ქართველი და იტალიელი თინეიჯერი მორაგბეები ერთად ივარჯიშებენ".

alt"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასამდე თბილისში რუსეთს შეერკინებიან

alt"დუბლინში ჩუმად ყოფნას არ ვაპირებთ" - თბილისს რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ? შენ, იტალიელი კაცი უყურებდი იტალია-საქართველოს თამაშს და ჩვენს გუნდს გულშემატკივრობდი?? ეს იგივეა, ახლა მე რომ ვუყურო საქართველო-ფიჯის დაჯახებას და ფიჯის გამარჯვება რომ მინდოდეს, ანუ შენი სიტყვებით რომ ვთქვა, "ფიჯურად მიცემდეს გული" :))))
Jigaro
19:29 13-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული