რაგბის კავშირის გამგეობის მიმართვა: ცილისწამება და დაშინება ერთადერთი საშუალება გახდა არჩევნებში გასამარჯვებლად

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის თემმა, მოქმედი სარაგბო კლუბების, რაგბის კავშირის გამგეობისა და ხელმძღვანელობის ჩათვლით 2011 წელს მიიღო რაგბის ქარტია, დოკუმენტი რომელიც ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის, როგორც ფასეულობათა სისტემის მიმართ. ჩვენთვის რაგბი არასდროს ყოფილა გატაცება, აზარტი და გამარჯვების ჟინით შეპყრობილ ადამიანთა დაუნდობელი, სასტიკი, უწესო ბრძოლა კონკრეტული შედეგის მისაღწევად. რაგბი დღემდე იყო გზა, თამაშის საშუალებით გავმხდარიყავით ფიზიკურად და სულიერად უკეთესები, სიხარული მოგვეტანა ერთმანეთისთვის, ეს იყო გზა სრულყოფილებისკენ, რომელიც გადიოდა მოყვასის (თანაგუნდელის, მოწინააღმდეგის, გულშემატკივრის) სიყვარულზე. რაინდობა, სილაღე, მებრძოლი სული, მეგობრობა, სიყვარული და პატივისცემა – ამით
გამოარჩევდნენ ჩვენში მორაგბეებს და ამით იზიდავდა რაგბი ახალ-ახალ წევრებს.

ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი თავი რაგბიში, ჩვენ გვიყვარს რაგბი ჩვენში. ფასეულობა ვერ ჰგუობს კომპრომისს, მორაგბე მხოლოდ მოედანზე არ არის მორაგბე. თუ არ ეკუთვნი ფასეულობას, იგი არც 80 წუთის განმავლობაში მიგიკარებს. ქარტია ჩვენი ცხოვრების წესია, რომელსაც ხანდახან კიდეც ვარღვევთ, მაგრამ ვაღიარებთ და ვემსახურებით, ვუბრუნდებით საწყისს და ვაგრძელებთ გზას სრულყოფილებისკენ. არჩევანი ყველას აქვს, გასვლა ამ წრიდან და ბრძოლის დასრულება თუ დარჩენა და გზის გაგრძელება – ეს ჩვენი გადასაწყვეტია.

დღეს რაგბი, როგორც ფასეულობათა სისტემა მისი შვილებისაგან დაცვას თხოულობს. ძალაუფლებისათვის ბრძოლა ასცდა სრულყოფილებისათვის ბრძოლის გზას და თვითმიზანს დაემსგავსა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ემსგავსება უკომპრომისო, დაუნდობელ, უწესო ბრძოლას სადაც დასახული მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი და ყველა საშუალება მართლდება. ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე ადამიანების დამნაშავედ გამოცხადება, ლამისაა ლინჩის წესით გასამართლება, მუქარა, გამომწვევად და თავხედურად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ცილისწამება და დაშინება არათუ დასაშვები არამედ ერთადერთი საშუალება გახდა არჩევნებში გასამარჯვებლად. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გმობს და ემიჯნება რაგბის კავშირის არჩევნებში აქტიურად ჩართულ იმ მორაგბეთა ქმედებებს, რომლებმაც თავხედურად შელახეს რაგბის ქარტიის ფასეულობები.

მოვუწოდებთ რაგბის დიდი თემის თითოეულ წევრს, დავიწყოთ გაჯანსაღება, დავუბრუნდეთ ქარტიას და კარგად გავაანალიზოთ თითოეული ჩვენი ნაბიჯი რათა უფსკრულის პირას მდგომნი ავცდეთ ვარდნას და დაღუპვას, გადავარჩინოთ რაგბი საქართველოში, როგორც ფასეულობათა სისტემა. ყველამ ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია. რაგბში არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც ქარტიას არ აღიარებს და ამ პრინციპებს უარყოფს.

ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს – ნუ ეცდებით ხელი შეუშალოთ არჩევნებისას მორაგბეებს გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ თავად გადავწყვეტთ თუ ვინ და სად ავირჩიოთ. სამართალდამცავ ორგანოებს ვთხოვთ მეტი ყურადღება გამოიჩინონ არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის არა მხოლდ გამოვლენის, არამედ პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით. ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

ქარტია

ჩვენ, საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილი წევრები – რაგბის კლუბები და გუნდები, ასევე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრები და პრეზიდენტი ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას მთელი ქართული სარაგბო თემის წინაშე საქართველოში რაგბის საერთაშორისო, ტრადიციული პრინციპების დაცვისა და შემდგომი განვითარების საკითხში, ვითვალისწინებით საქართველოში რაგბის სწრაფი პოპულარიზაციის პირობებში რაგბის სულისკვეთების არასწორად, დამახინჯებულად აღქმის საშიშროებას, ვთანხმდებით რაგბის თამაშის მონაწილეთა (როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა) ქცევის იმგვარ წესებზე, რომელთა დაცვა უზრუნველყოფს რაგბის, როგორც სამართლიანი, კოლექტიური და რაინდული თამაშის სულისკვეთების თითოეულ მონაწილემდე დაყვანას, გაცნობიერებასა და მათ მიერთებას სარაგბო თემთან და ამ პრინციპების დაცვით ქართული სარაგბო თემის საერთაშორისო მასშტაბით ამბიციური პრეტენზიის რეალიზაციის საშუალებას.
იმის გათვალისწინებით, რომ რაგბი არის არა მარტოოდენ კონკრეტული მატჩი, არამედ ამ სპორტულ თამაშში განხორციელებული რაინდული სულისკვეთება, რაგბის მონაწილეებად მივიჩნევთ: ა/მოთამაშეს (როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა), ბ/ მწვრთნელს, გ/ მსაჯს, დ/ რაგბის ფუნქციონერს (როგორც კლუბის, ასევე რაგბის კავშირის სხვადასხვა თანამდებობის პირებს) და ე/ გულშემატკივარს.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილი წევრები, გამგეობა და პრეზიდენტი ხელმოწერით ვადასტურებთ ქვემოთმოყვანილი დეკლარირებული პრინციპებისადმი ერთგულებას და მზადყოფნას დავიცვათ და მუდამ უზრუნველვყოთ მათი დაცვა:

1. არ ავნო, არ მიაყენო შეგნებულად ტრავმა, არ დაამცირო

2. პატივი ეცი რაგბის მონაწილეების ღირსებას

3. წაახალისე თანაგუნდელი, დააფასე მეტოქის კარგი თამაში

4. დაემორჩილე წესებს, იმისდა მიუხედავად ეთანხმები თუ არა მათ

5. თამაშის წესები გამოიყენე მხოლოდ კარგი და უკეთესი თამაშისათვის და შედეგს ამ გზით მიაღწიე

6. გახსოვდეს, მარცხი მხოლოდ შენი ბრალია, ეცადე უკეთესი გახდე გაცნობიერებული შრომისა და გამოცდილების შეძენის შედეგად

7. არასოდეს არავინ წააქეზო არასპორტული აგრესიისკენ

8. ეცადე მიიღო და სხვასაც მიანიჭო სიამოვნება რაგბისგან. იმისათვის რომ სიამოვნება მიიღო, უნდა იცოდე, რომ იცოდე უნდა ისწავლო, რომ ისწავლო უნდა გიყვარდეს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველაზე მეტად ის ტეხავს, რომ ამ ქვეყანაში პრეზიდენტს და მმართველობას თუ სადმე ირჩევენ,ყველგან ჩხუბი,აურზაური და დაუნდობლობაა.სირცხვილია სირცხვილი.
picaso
06 მარტი 2020 00:17
0
რისიც მეშინოდა,ზუსტად ის ხდება.რაგბში ფულის შემოსვლაეა საჭირო,ვირთხების გაჩენა მოჰყვა.ახლა აღარ გაჩერდებიან,სანამ ბოლომდე არ გამოხრავენ.გია ნიჟარაძეა საჭირო,მაგრამ ვინღა მოუშვებს.ალბათ აღარც თვითონ მოინდომებს,ამ სიდამპლეში დაბრუნებას.პირველი ცუდი ნიშანი,მის წინააღმდეგ ინტრიგების აგორება იყო და ახლა უკვე ცხადად ჩანს,რა აინტერესებდათ.შედეგებიც უკვე ცხადად ჩანს, ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე.საქმის აწყობა,ძალიან ძნელი საქმეა.აწყობილის მართვა,ბევრს ადვილი ჰგონია და თანაც შემოსავლიანი.არადა ესეც,ცოდნას და კვალიფიკაციას მოითხოვს.თუმცა ეს რომ იცოდე,მაგასაც კვალიფიკაცია სჭირდება.ამბიციები და ფულის სიყვარული კი,სულ არ საჭიროებს კვალიფიკაციას და მიდიი!ბზარის გაჩენა,ადვილი საქმეა,მისი გამთლიანება კი,თითქმის შუძლებელი.კვალი მაინც რჩება.ქართული რაგბი,ალბათ მაინც განვითარდება,რადგან ჩვენს სულსა და გულს მოერგო,მაგრამ ძალიან შენელდება და ღმერთმა არ ქნას,ფეხბურთის ბედი გაიზიაროს
სოსო
04 მარტი 2020 10:55
0
აბუსერიძის შემხედვარე მეც თავისუფლად შემეძლო არჩევნებში მონაწილეობა.
ინტელექტ ჯგერენაია .
03 მარტი 2020 15:46
2
საინტერესო ის არის, რომ.ორივე მხარემ წინასაარჩევნო კამპანია საერთოდ არ Ჩაატარა. როდესაც არჩევნების Თარიღი მოახლოვდა, მერე მოითხოვეს მისი გადადება საარჩევნო კამპანიის Ჩასატარებლად. ახლა კი გამოვიდნენ და ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. სვანიძის გუნდი ეხლა რომ გამოდის და გვესაუბრება, სად იყვნენ აქამდე? აბუსერიძის მხარის მოქმედებებს ელოდნენ, რომ ხმა ამოეღოთ? მათი პოზიცია Შევარდნაძის მთავრობისავით არის - თუ არ გინდათ ისინი მოვიდნენ, ჩვენ აგვირჩიეთო. რომ აუჩემებიათ სარაგბო თემი და ოჯახიო, მთელი ამ სიტუაციიᲗ ორივე მხარე სწორედ ქართული რაგბის მომავალს აზიანებს.
: )))))))
03 მარტი 2020 12:19
2
ძალიან გთხოვთ ნუ ამოსვრით რაგბსაც ტალახში, ნუ მოკლავთ და გააუბედურებთ ამ სახალხო თამაშს ფეხბურთივით!!! თორემ ნახეთ ფეხბურთი რა დონეზეა ოდესღაც წარმატებული სპორტის სახეობა დღესაც ვერ დალაგდა და ვერ ამოვიდა იმ ჭაობიდან სადაც ჩაგვიყვანა ზუტად ესეთმა სავარძლის გაზულუქებული ჩინოვნიკების ამბიციებმა!!!
mitro
03 მარტი 2020 11:40
1
ნიჟარაძე რა, სამართლიანად გაუშვით? იგივე ბედი გელით თქვენც.
ბმბ
03 მარტი 2020 09:55
1
es yvelaperi kargia da martla tu aghiarebt amas datmet savardzlebi jer marto msoplioze chavardnis gamo unda gadamdgariyavit batono gocha (rom icodet arcert tqven konkurents ar vicnob da arc maintereseben im dromde vidre ragbs sasiketod ar gamoadgebian) tqveni mxridan upretenziot wasvla uqneboda am aseulebebis mxardacheris demonstrireba uchvenet magalitibrom matac rom moucevt wasvla skams ar chaebghauchon bolo bolo ragbi arc tqvenit da tqveni konkurentebit dacyebula da arc damtavrdeba nu gaipuchebt urtiert damokidebulebas xvalac am qveyanashi am qalaqshi am moedanze unda shexvdet ertmanets.
kaxa
03 მარტი 2020 02:23
1
ამათ შეხედეთ, გაზულუქებული ჩინოვნიკები!
მთ
03 მარტი 2020 00:44
6
რაგბი მისი შინაგანი სისუფთავის გამო მიყვარს და ძალიან გთხოვთ ნუ ააყროლებთ სიტუაციას. ობიექტური არჩევნები ჩაატარეთ და გაუმარჯვოს მოგებულსაც და წაგებულსაც. ერთად დადეგით და ააყვავეთ ჩვენი რაგბი თუ შეგიძლიათ, ერთმანეთს კი არ გადაეკიდოთ.
emigranti
03 მარტი 2020 00:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული