7-კაცა ნახევარფინალშია

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ჩილეში მიმდინარე მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის ნახევარფინალშია და სანუკვარ საგზურამდე ორი ნაბიჯი აშორებს.

სანტიაგოში ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის გაწვრთნილი გუნდი, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მასპინძელ ჩილეს შეხვდა და პირველსავე წუთზე 0:7 ჩამორჩა, თუმცა გიორგი ბაბუნაშვილმა ლელო-გარდასახვით წონასწორობა მალევე აღადგინა. მეტოქემ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში კიდევ ორი ლელო გაიტანა და ერთი გარდასახა. ბაბუნაშვილმა მე-11 წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა. გაწითლებულ დროზე ლელო ძელებსშუა უნდა გასულიყო, მაგრამ ბურთი მიწას არ შეეხო და მასპინძლებმა 19:14 მოიგეს.

მეორე
თამაში სამხრეთ კორეასთან გვქონდა და ანგარიში აქაც მეტოქემ გახსნა, მაგრამ საქართველომ 7 ლელოთი უპასუხა. ორ-ორი ლელო იოსებ გუშარაშვილის და ლაშა ლომიძის ანგარიშზეა, მირიან მოდებაძემ, ლევან ნარიმანიძემ და გიორგი ბაბუნაშვილმა კი თითო გაიტანეს. ბაბუნაშვილმა 3 მათგანი გარდასახა.

მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პაპუა-ახალ გვინეას 31:19 ვაჯობეთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ოკეანეთის წარმომადგენლები ბოლომდე დარჩნენ თამაშში. ჩვენი მხრიდან ორი ლელო ლაშა ლომიძემ, ხოლო თითო-თითო ლევან ნარიმანიძემ, ნიკა გიგაურმა და მირიან მოდებაძემ გაიტანეს. ბაბუნაშვილმა 3 გარდასახვა შეასრულა.

საქართველო მეოთხედფინალში მეორე ადგილით გავიდა და მეოთხედფინალში ჰონკონგს შეხვდა. თამაში დაძაბული გამოდგა. აზიელთა სწრაფ ლელოს ნიკა რეხვიაშვილმა და თემურ კოხოძემ უპასუხეს, ბაბუნაშვილმა ერთი გარდასახა, მაგრამ მეტოქემ ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე ლიდერობის დაბრუნება შეძლო – 12:14. მეორე ტაიმის დასაწყისში კოხოძემ დუბლი შეასრულა და ბაბუნაშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო. საქართველო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მისი ქულებში ასახვა ვერ შეძლო და ბოლოს მოედანზე კაცნაკლული დარჩა. მიუხედავად ამისა, გუნდმა სასურველი შედეგის შენარჩუნება მოახერხა და ნახევარფინალში გავიდა – 19:14.

ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე კარგად ნაცნობი ჩილე იქნება და შეხვედრა საქართველოს დროით 19:23 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალში ურუგვაი გერმანიას ეთამაშება, მსოფლიო სერიის საგზურს კი მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს. 2022-2023 წლებში მსოფლიო სერიის 11 ტურნირი გაიმართება.

1999-2004 წლებში საქართველო 7-კაცას მსოფლიო სერიების მუდმივი მონაწილე იყო, ბოლოს ძირითად ტურნირში 2008-2009 წლების სეზონში ითამაშა, ხოლო შესარჩევ, ჰონკონგის ტურნირში 2012-2013 წლებში.

ჩილეში მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე თამაშობენ

იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი გელაშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ჭუაძე (აკადემია).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩილეს 31:14 მოვუგეთ და ფინალში ურუგვაის ვეთამაშებით, ერთი მოგებაც ბიჭებო!
რამაზ
21:17 14-08-2022
0
როგორც ვიცი,მთელ გუნდს სულ 5 დღე მოუწია ერთობლივად ვარჯიში.ასე რომ ყოველი თამაშის შემდეგ,შეთამაშება მატულობს და სულ უფრო მოუმატებენ ბიჭები.იქნებ გამარჯვებისთვისაც გვეყოს.გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს.ალბათ შეიძლებოდა, თუნდაც სტრიმის დადება.
სოსო
20:55 14-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული