მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს

AutoSharing Option
წლის ტრადიციულ დაჯილდოებაზე მსოფლიო რაგბიმ სამსაჯო კარიერისთვის პრიზი ამჯერად დევიდ მაკქიუს გადასცა, რომელიც 5 წელია კადრებს საქართველოსთვის ამზადებს. ამ პერიოდში მან არაერთი კვალიფიციური ქართველი მსაჯი აღზარდა, რომლებიც მსოფლიო თასის, 6 ერისა თუ სხვა მსხვილ ტურნირებზე საქართველოს წარმოადგენენ.

“რომ არა ის დიდი დაფასება და მხარდაჭერა, რაც საქართველოს რაგბის კავშირმა, სრულიად ქართულმა რაგბიმ აღმომიჩინა, ცხადია, ამ უმაღლეს ჯილდოს მე ვერ მივიღებდი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას; ძალიან მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული რაგბი, მიყვარს ჩემი სამუშაო საქართველოში, – ამბობს დევიდ მაკქიუ.
- 2018-ში, როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, სულ 2 მსაჯი დამხვდა – ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე, და, ერთად იმდენი შევძელით, რომ უკვე მომდევნო წელს ორივემ ასაკობრივ კატეგორიებში 6 ერისა და ჩელენჯ თასის ტურნირებზე იმსაჯა. დღეს გვყავს დამატებით საბა აბულაშვილი, სულხან ჩიხლაძე, გელა ლემონჯავა, ნინო ელოშვილი, მარიამ გოგუაძე, პაპუნა ჭიქაბერიძე და ა.შ. რომლებიც თავიანთ პირველ მატჩებს უკვე ატარებენ ევროპის ჩემპიონატის, იპისიარის და სხვა ტურნირებზე. მეტსაც გეტყვით, თავის მასშტაბთან შეფარდებით, საქართველო დღეს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს აწვდის მსოფლიოს; შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო რაგბის განვითარებაშიც, რადგან მაღალკვალიფიციური მსაჯობის გარეშე მაღალი დონის თამაში წარმოუდგენელია”.

დევიდ მაკქიუს თქმით, საქართველოს რაგბის კავშირი საუკეთესო პირობებს ქმნის სამსაჯო სფეროს განვითარებისთვის, ყოველ კვირაში განვლილი მატჩების ერთობლივი ანალიზი ტარდება – მსაჯების, მწრთნელების და მოთამაშეების მონაწილეობით; იხვეწება თამაშის წესები, რის შედეგადაც სათამაშო დრო საშუალოდ 3 წუთით, თითქმის 10%-ით გაიზარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შიდა ჩემპიონატების ყველა თამაში ტელევიზიით გადაიცემა, რაგბი ფართოდ შუქდება სოციალურ პლატფორმებზე – ეს ყველაფერი ამ სპორტის განვითარებას ეხმარება. “ჩემს სამშობლოში, ირლანდიაში, მაგალითად, ეროვნული ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქება საერთოდ არ გვაქვს. შიდა ჩემპიონატის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, ამით ნაკრებიც იღებს ბიძგს და "შავი ლომიც" და მაღალკვალიფიციურ მსაჯთა ზრდაც ამის ნაწილია. ახლა 22 წლის მსაჯს ვზრდით, რომელსაც ძალიან კარგი მონაცემები აქვს და დიდ იმედებს იძლევა.

ნიკა ამაშუკელი ქართული რაგბის ნამდვილი ვარსკვლავია, მსოფლიო ჩემპიონატზეც გამორჩეულად წარდგა, სადაც 3 მატჩი ჰქონდა და მსოფლიო რაგბისგან ძალიან კარგი შეფასება მიიღო. დიდ იმედს იძლევიან გოგონებიც, იზრდება მსაჯობისადმი ინტერესი ქალთა შორის, რაც აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებაზე და არამხოლოდ 7-ქალას ფორმატში”, – დასძენს დევიდ მაკქიუ.

საქართველოში ის ნოემბერში ჩამოდის და ამბობს, რომ საახალწლოდაც აუცილებლად თბილისში იქნება.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ კაცმა არა მხოლოდ ეს ჯილდო,არამედ ჩვენი მადლობაც ალალად დაიმსახურა!კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ და მისი წარმატება,ჩვენი წარმატებაც იქნება,რადგან უშუალოდ ჩვენ გვეხმარება.
ხარისხიანი მსაჯობა,ხარისხიან რაგბისაც უზრუნველჰყოფს.
სოსო
23:28 30-10-2023
0
ჯიგარი!
მაო
20:42 30-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული