ნუცა შამათავა – ქვეყნისა და რაგბის სიყვარულით

AutoSharing Option
ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბმა (EPCR), ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოფიციალურ საიტზე EPCR-ისა და მსოფლიო რაგბის ოჯახის წევრი ქალების ინტერვიუების სერიის გამოქვეყნება დაიწყო. მათ შორისაა საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი და ბორჯღალოსნების მთავარი ექიმი ნუცა შამათავა.

„მიუხედავად მოსალოდნელი სირთულეებისა, ნუცა შამათავას თავიდანვე მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ საკუთარი მომავალი ექიმის რანგში რაგბისთვის დაეკავშირებინა. ის EPCR-ს უყვება:

„ბავშვობიდან მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი და ჩემი მომავალი რაგბისთვის დამეკავშირებინა, რადგან მამაჩემი მორაგბე იყო და მე მას ადრეული ასაკიდან ვგულშემატკივრობდი“.

„მუშაობა „სპორტული მედიცინის ცენტრში“, დირექტორად დავიწყე.
კლინიკა თბილისში, ქართული რაგბის მაღალი მიღწევების ბაზაზე მდებარეობდა და ქართველი მორაგბეების კეთილდღეობასა და მკურნალობაზე ზრუნავდა“.

„კლინიკაში მუშაობისას ერთ-ერთმა მორაგბემ ხუმრობით მითხრა, რომ ქალი ვერასდროს გახდებოდა კაცთა ნაკრების ექიმი. ამან ახალი მიზანი გამიჩინა – გავმხდარიყავი კაცთა გუნდის ექიმი და ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპი დამენგრია“.

შამათავა ამ გადაწყვეტილებით შეუდგა გზის გაკვალვას, როგორც თავისთვის, ასევე მათთვის, ვინც მის შემდეგ მივა აღნიშნულ თანამდებობაზე.

„კლინიკაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, უამრავი პრობლემა აღმოვაჩინე, როგორც სანაკრებო სივრცეში, ასევე ადგილობრივ ტურნირებში, რომელთა გადაჭრა მარტივი გზით შეიძლებოდა“.

„ქართველი მორაგბეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, 2016 წელს შევქმენი დოკუმენტი ყველა ასაკობრივი რგოლისთვის, რომელიც დღესაც წარმატებით მუშაობს. 2017 წელს საქართველომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ტურნირის სამედიცინო დირექტორის მოადგილედ ვიმუშავე. წილად მხვდა პატივი და სიამოვნება მემუშავა მსოფლიო რაგბის გამოცდილ სპეციალისტებთან, ვიყავი არაერთ ქვეყანაში, სადაც ბევრი რამ ვისწავლე და გავიზარდე როგორც სპორტული მედიცინის სპეციალისტი“.

„2018 წელს მიზანს მივაღწიე და გავხდი ეროვნული ნაკრების ექიმი, როდესაც მუშაობა დავიწყე 7-კაცა ნაკრებში და მივხვდი, ეს მხოლოდ დასაწყისი კაცთა გუნდის ექიმის რანგში“.

მსოფლიო თასზე ორიენტირით

შამათავამ უფრო მაღალი მიზანი დაისახა და 2019 წელს თავის პირველ მსოფლიო თასზე გაემგზავრა, სადაც ის ერთადერთი ქალი-ექიმი იყო.

„წილად მხვდა ბედნიერება, დავწინაურებულიყავი ეროვნული ნაკრების ექიმად და 2019 წელს გუნდთან ერთად იაპონიაში, მსოფლიო თასზე გავემგზავრე. მას შემდეგ ეროვნული გუნდის ნაწილი ვარ, ასევე პირველი ქართული ფრენჩაიზის – ‘შავი ლომის’, რომელსაც ჩელენჯ თასზე დებიუტი მიმდინარე სეზონში ჰქონდა“.

„2021 წელს მთავარ ექიმად დავინიშნე, თუმცა ნაკრებში ჩემი ფუნქცია იგივე დარჩა და 2023 წლის მსოფლიო თასზე გუნდთან ერთად ვიყავი. დირექტორად დანიშვნის შემდეგ ლიცენზირებული პედაგოგი, ტრენერი და მსოფლიო რაგბის მატჩის დღის ექიმი გავხდი“.

2020 წელს, როდესაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკაში Covid-19-ით დაავადდა, შამათავამ, როგორც თავად ამბობს, ყველაზე რთული პერიოდი გადაიტანა:

„ჩვენი მთავარი მწვრთნელი Covid-19-ის ურთულესი ფორმით დაავადდა და მასთან ერთად სამხრეთ აფრიკის კლინიკაში 40 დღე გავატარე“.

საქართველოსა და რაგბის სიყვარულით


შამათავას მიღწევების ჩამონათვალი შთამბეჭდავია, თუმცა მისი წარმატება კიდევ უფრო შესამჩნევია გადაწყვეტილებით – გზა გაუკვალოს ქალებს.

„როდესაც საქართველოს რაგბის კავშირში დავიწყე მუშაობა, იქ ძალიან ცოტა ქალი მუშაობდა და თითქმის არავინ სპორტულ მედიცინაში. აქამდე მოსასვლელად ძალიან რთული გზა გავიარე და წინ კიდევ არაერთი გამოწვევა მელის. გზა გახსნილია – თუ მე შევძელი აქამდე მოსვლა, ეს სხვებსაც შეუძლიათ“.

„ქალ-სპეციალისტებს ვურჩევდი, იყვნენ შრომისმოყვარენი, მიზანმიმართულები, ქონდეთ მკაფიო მიზანი, აიმაღლონ პროფესიონალიზმი და უყვარდეთ საკუთარი საქმე. ეს ფასეულობები დამეხმარა მუდამ წინ მევლო და დასახული მიზნებისთვის მიმეღწია. ეს რთული გზაა, თუმცა ამად ღირს“.

მას ახლა რაგბი იმაზე მეტად უყვარს, ვიდრე ოდესმე:

„მე მომწონს გუნდიდან მომავალი ემოციები, როგორც გამარჯვების, ასევე დამარცხების შემთხვევაში. ემოციები განსაკუთრებით მაშინ მატულობს, როდესაც გუნდი ეროვნულ ჰიმნზე დგას. მაშინ ხვდები, რომ საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული